Baby Bag

ტოქსიკოზის გამომწვევ მიზეზებზე, მართვის რეკომენდაციებსა და ფორმებზე MomsEdu.ge-სთან მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა დიანა ჭანუყვაძემ ისაუბრა

ტოქსიკოზის გამომწვევ მიზეზებზე, მართვის რეკომენდაციებსა და ფორმებზე MomsEdu.ge-სთან მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა დიანა ჭანუყვაძემ ისაუბრა
ორსულთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ტოქსიკოზი. მის გამომწვევ მიზეზებზე, მართვის რეკომენდაციებსა და ფორმებზე ​MomsEdu.ge-სთან მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა დიანა ჭანუყვაძემ ისაუბრა. 

- ქალბატონო დიანა, რა არის ორსულთა ადრეული ტოქსიკოზი?

- ორსულთა ადრეული ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ნერწყვდენა, ძილიანობა, მადის დაქვეითება, გუნება-განწყობის ცვლილება და ა.შ. არსებობს ორსულთა ტოქსიკოზის იშვიათი ფორმებიც, მაგალითად, ორსულთა დერმატოზები, რომელთა დროსაც კანზე გამონაყარი ჩნდება, ორსულთა ტეტანია და კრუნჩხვები. ძალიან იშვიათი ფორმებია: ოსტეომალაცია (ძვლის დარბილება), სიყვითლე და ბრონქული ასთმა. ყველაზე ხშირი სიმპტომებია: გულისრევა და ღებინება..

ორსულთა ადრეული ტოქსიკოზი სტატისტიკური მონაცემებით მათ 50-60%-ს აღენიშნება, თუმცა მხოლოდ 8-10%-ს თუ სჭირდება ექიმის ჩარევა. რაც უფრო ადრე იწყება ღებინება, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ორსულობის პროგრესირებასთან ერთად სიმპტომების ინტენსივობა მცირდება. ორსულთა ნაწილს ტოქსიკოზისთვის დამახასითებელი სიმპტომები უმეორდება ორსულობის მესამე ტრიმესტრშიც. ათიდან ერთ ქალს კი გულისრევა და ღებინება უგრძელდება 20 კვირის ვადის გასვლის შემდეგაც, მთელი ორსულობის მანძილზე.

ტოქსიკოზის განვითარების რისკ-ფაქტორები:

  • პირველი ორსულობა;
  • ორსულთა ტოქსიკოზი წინა ორსულობის დროს;
  • გულისრევის და ღებინების ოჯახური ისტორია;
  • მოძრაობითი ავადმყოფობა ანამნეზში, მაგალითად, მანქანის ავადმყოფობა;
  • გულისრევა კონტრაცეპტივების გამოყენების პერიოდში;
  • სტრესი;
  • სხეულის მასის ინდექსი 30 და მეტი;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკოზი?

- ტოქსიკოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. მისი განვითარების მრავალი თეორია არსებობს: ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული. ორსულთა ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება. ის უშუალოდ ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული, სისხლძარღვოვანი და იმუნოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული.

- რა კვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა სანამ დაორსულდება, რომ ტოქსიკოზი თავიდან აირიდოს და შესაძლებელია თუ არა საერთოდ?
- კონკრეტული გამოკვლევები, რაც ორსულთა ნაადრევი ტოქსიკოზის განვითერებას აგვარიდებს, არ არსებობს. ყველა ქალმა ორსულობის დაგეგმვის პერიოდში უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავა ან მისი შემცველი პრენატალური ვიტამინები. სასურველია, მოხდეს ქრონიკული დაავადებების გამოვლენა, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, ინფექციების მკურნალობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა (ჯანსაღი ბალანსირებული კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, უძილობის პრევენცია).

- უშუალოდ ტოქსიკოზის დროს რა ზომებს უნდა მიმართოს, რომ ეს მდგომარეობა შეიმსუბუქოს?

ჯერ განვიხილოთ ტოქსიკოზის ფორმები. ესენია:

მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე ტოქსიკოზი. 

მსუბუქი ტოქსიკოზის დროს ორსულს დღეში 2-3-ჯერ აქვს ღებინება, უმეტესად - დილით, წონის დაკარგვა 3 კილომდე. ეს მდგომარეობა, თუ პაციენტი სათანადოდ მოიქცევა, საშიში არ არის, ორსულობის მე-12 კვირის შემდეგ თავისთავად გაივლის და ექიმის ჩარევას არ მოითხოვს.


დაახლოებით 8-10-ჯერ ღებინება უკვე საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზზე მიანიშნებს. ორსულს ეცვლება გუნება-განწყობა, უქვეითდება შრომის უნარი, შესაძლოა, თავი იჩინოს ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნებმა, ვითარდება კანის სიმშრალე, შარდში ჩნდება ცილა. წონის დაკარგვა შესაძლებელია 10 კილომდე. ამ შემთხვევაში ორსულის სტაციონარში მოთავსებაა საჭირო. 


მძიმე ტოქსიკოზის დროს, ღებინება მეორდება დღეში 15-20-ჯერ და მეტჯერ, არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. შეუჩერებელი ღებინება ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას იწვევს. ორსული კარგავს მარილებს, ვიტამინებს, ცილებს, ანუ ორგანიზმის „საშენ მასალას“. ვითარდება ცილოვანი შიმშილი, კანის სიმშრალე, იცვლება ნივთიერებათა ცვლა, სისხლში ქვეითდება გლუკოზის დონე, შარდში ჩნდება ცილა, ორსულს პირიდან აცეტონის სუნი ამოსდის, რაც მის ორგანიზმში მიმდინარე მძიმე პროცესების გამოვლინებაა, აღსანიშნავია ძლიერი ნერწყვდენაც. მძიმე ტოქსიკოზის დროს საქმე ზოგჯერ ტეტანურ კრუნჩხვებამდეც კი მიდის. ამ დროს ქალის ჰოსპიტალიზაცია და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- არსებობს თუ არა მედიკამენტები, რომლებიც დაეხმარება თავიდან აირიდოს?

- ტოქსიკოზის მსუბუქ ფორმას სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. საკმარისია ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების დაცვა, ასევე B ჯგუფის ვიტამინების მიღება, განსაკუთრებით B6, შესაძლებელია კოჭას შემცველი აბების მიღება.

საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმის ტოქსიკოზი აუცილებლად საჭიროებს მკურნლობას კლინიკაში. შეუჩერებელი პირღებინება 3 დღის განმავლობაში, (მიუხედავად ჩატარებული მკურნალობის) ორსულის მდგომარეობის გაუარესება არის ორსულობის შეწყვეტის ჩვენება, რათა არ შეექმნას ქალის სიცოცხლეს საფრთხე.

- ზოგადად რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს, ვისაც გადამეტებულად აწუხებთ ეს პრობლემა?

რაც შეეხება ტოქსიკოზის მართვის რეკომენდაციებს:

მიირთვით ხშირად მცირე ულუფებით, მინიმუმ 5-6-ჯერ დღეში.
 მიიღეთ მეტი ცილა-თევზი, საქონლისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი და ასევე ბოსტნეული. 

მიირთვით ცივი საკვები, რომელსაც გაცილებით სუსტი სუნი აქვს და ნაკლებად იწვევს გულისრევის პროვოცირებას.

თუ ღებინებას უზმოზე უჩივით, დილით ადგომამდე საწოლში წაიხემსეთ (ასეთი შემთხვევებისთვის ძალიან კარგია ბანანი, ორცხობილა, იოგურტი) და შემდეგ 20 წუთში ნელა ადექით.


აუცილებელად მიირთვით ხილი - ვაშლი, კივი, ფორთოხალი, ბანანი, ლიმონი.

ტოქსიკოზის დროს ძალიან კარგია კოჭა და პიტნა. მათ აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი და ღებინების ცენტრსაც რამდენადმე თრგუნავენ.


მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე - წყალი, ნატურალური წვენები, გაზგასული მინერალური წყალი. სითხე უნდა მიიღოთ მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად დღის განმავლობაში. ერთდროულად სითხის დიდი რაოდენობით მიღებისგან თავის არიდება საგრძნობლად შეამცირებს ღებინების სიხშირეს.

მიირთვით მარცვლეული, ბურღულეული.


ნუ მიირთმევთ დაკონსერვებულ, შებოლილ, ცხიმიან, ძნელად მოსანელებელ საკვებს. მოერიდეთ ტკბილ და ცხარე საკვებსაც.

ყოველდღიური ცხოვრების რიტმში მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) შეიტანეთ ცვლილებები, რათა შეამციროთ გამოვლენილი სიმპტომების ხასიათი და ინტენსივობა. იყავით მშვიდად, მოსვენებულ მდგომარეობაში. გახსოვდეთ, რომ დაღლილობამ შესაძლოა, გააუარესოს ორსულთა ტოქსიკოზის სიმპტომები. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ მოვაგვაროთ? - ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევები

რა იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ მოვაგვაროთ? - ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევები

მეტეორიზმის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

ნახეთ ვიდეო 👇

წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე - https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

წაიკითხეთ სრულად