Baby Bag

„დედამთილი ნამდვილად არასწორად იქცევა, როდესაც ცუდად ერევა ცოლ-ქმრის ოჯახურ ურთიერთობაში,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ერთ-ერთი ქალბატონის კითხვას უპასუხა, რომელიც მის ოჯახურ ურთიერთობებში დედამთილის უხეში ჩარევის გამო წუხდა:

„როდესაც დედამთილი ეუბნება თავის შვილს, რომ ჯერ ძმა უნდა უყვარდეს და შემდეგ თავისი ოჯახი, არანაირად, არც ქრისტიანულად, არც ოჯახურად, ქართულად ან ტრადიციულად ეს ასე არ არის. ადამიანი როდესაც დაოჯახდება და ცოლს მოიყვანს, მისთვის პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი მეუღლე და მისი შვილები და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე დანარჩენი სხვა. ის სხვა არის ამ შემთხვევაში დედაც, ძმაც, დაც და ა.შ.“

„თუ ცალკე ცხოვრობთ, წესით თქვენ ეს პრობლემა არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ, თქვენს მეუღლეს აუხსნათ სწორად, რომ სწორი ზუსტად ის არის, რომ დაოჯახებული მამაკაცი უპირველეს ყოვლისა თავის მეუღლეზე ფიქრობდეს. ამბობს კიდეც ამას პავლე მოციქული, რომ ქორწინებული ზრუნავს „ვითარ სათნო ეყოს ცოლსა.“ ასეც არის სწორი. დაქორწინებული ადამაინი უპირველეს ყოვლისა იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ვისთანაც ერთობას წარმოადგენს, ერთი სული და ერთი ხორცია, სწორედ მასზე უნდა ზრუნავდეს უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე ოჯახის დანარჩენ წევრებზე. დედამთილი ნამდვილად არასწორად იქცევა, როდესაც ცუდად ერევა ცოლ-ქმრის ოჯახურ ურთიერთობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მასზე გაბოროტდეთ. მე მინდა გირჩიოთ, რომ საერთო ენა გამონახოთ მასთან. ილოცეთ, იმიტომ, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს და დაალაგებს თქვენს ურთიერთობას. ნუ გაბოროტდებით, იმიტომ რომ გაბოროტებას კარგი არაფერი მოაქვს ადამიანისთვის. თქვენ ნუ დაუპირისპირდებით დედამთილს იმავე მეთოდებით, რომლითაც ის გებრძვით. შეგიძლიათ თქვენი აზრი დაუფიქსიროთ მტკიცედ, სიყვარულით, მაგრამ არავითარ შემთხვევებში არ დაუპირისპირდეთ იმავე მეთოდებით, რომლითაც ის გებრძვით,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

არცერთ რძალს არ შეუძლია საჭმლის გაკეთება და თუ მაინც გემრიელი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს - დედამთილის 10 წესი

არცერთ რძალს არ შეუძლია საჭმლის გაკეთება და თუ მაინც გემრიელი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს - დედამთილის 10 წესი

​MomsEdu.ge გთავაზობთ დედამთილის 10 წესს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ნახეთ წესები და რომელს ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, კომენტარებში გაგვიზიარეთ 🙂

წესი № 1 - კარგი რძლები არ არსებობენ.

წესი № 2 - თუ მოგეჩვენათ, რომ ძალიან კარგი, ჭკვიანი და გამგებიანი რძალი გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგად თამაშობს. რატომ? იხ. წესი № 1.

წესი № 3 - არცერთ რძალს არ შეუძლია საჭმლის გაკეთება და თუ მაინც გემრიელი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს.

წესი № 4 - თუ დაქორწინების შემდეგ თქვენმა ვაჟმა წონაში დაიკლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოლი მას შიმშილით კლავს, არ იცის საჭმლის მომზადება და საერთოდაც საშინელი დიასახლისია. და თუ პირიქით - თქვენი ვაჟი ცოლის მოყვანის შემდეგ გასუქდა - ე.ი. რძალი მას მავნებელი, ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებით კვებავს და საწყალი ბიჭის ჯანმრთელობას სულაც არ უფრთხილდება. და თუ შვილმა წონა შეინარჩუნა, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა.

წესი № 5 - რძლებს ცუდი მეხსიერება აქვთ, ამიტომაც ყოველდღიურად გიწევთ იმის შეხსენება, რომ მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, მას რომ ასეთი კარგი ქმარი ჰყავს, როგორ უნდა გააუთოოს პერანგი სწორად , და რომ " ჩვენს დროში სალათს მეტ ძმარს უკეთებდნენ ".

წესი № 6 - რძლებმა არ იციან საჩუქრის სწორად შერჩევა. თუ დაბადების დღეზე მორთმეული "პრეზენთი" მოგეწონათ, არაფრით აღიარებთ ამას. სხვანაირად წესი № 6 თავის ძალას დაკარგავს.

წესი № 7 - ყველა რძალი ტოტალურად უგემოვნოა. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეარჩიონ შპალერის ფერი, საკმარისი სიგრძის ფარდა და მოხერხებული ავეჯი. საქმე ხომ არა უბრალოდ სახლის მოწყობას, არამედ იმ სახლის მოწყობას ეხება, რომელშიც თქვენმა ვაჟმა უნდა იცხოვროს!

წესი № 8 - თუ რძალი დაჟინებით გთხოვთ ესტუმროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფასო მუშახელი სჭირდება. და თუ პირიქით - დიდი ხანია არ დაუპატიჟებიხართ, ე.ი. უგულო ეგოისტია.

წესი № 9 - სახლში ქოლგა დაგრჩათ და თავსხმაში მოყევით? გამყიდველი გეუხეშათ? ქვედა მეზობელი ჩარეცხეთ? სამხრეთ ამერიკას ქარიშხალი დაატყდა თავს? დიახ, დიახ, დიახ. ყველაფერ ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი უვარგისი რძალია დამნაშავე.

წესი № 10 - მთავარია! არ დაგავიწყდეთ: ვერც ერთი რძალი ვერ იარსებებს თქვენი რჩევების გარეშე! ამიტომაც, რაც უნდა გეძნელებოდეთ ამის კეთება, ასწავლეთ ყველგან და ყველაფერი! გახსოვდეთ - ეს არის თქვენი ვალი და მისია!

წაიკითხეთ სრულად