Baby Bag

„აპრილი ჩვენი თვეა... დღეს ნიაკო ხუთი წლის გახდა, დანიელი ორი წლის ხდება,“- ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი შვილებთან ურთიერთობის შესახებ

„აპრილი ჩვენი თვეა... დღეს ნიაკო ხუთი წლის გახდა, დანიელი ორი წლის ხდება,“- ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი შვილებთან ურთიერთობის შესახებ

მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ და მისმა მეუღლემ ფსიქოლოგმა ია დუდაშვილმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ შვილებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ნიაკო ნოზაძე, რომელიც სოციალურ ქსელში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დღეს ხუთი წლის გახდა. ირაკლი ნოზაძის თქმით, მისი ყველა შვილი აპრილშია დაბადებული:

„ნიაკო ხუთი წლის გახდა. დანიელი ხდება ორი წლის. მე აპრილის გეგმები მაქვს. ნიაკო არის პირველ აპრილს დაბადებული, ჩემი პირველი შვილი ლუკას ნოზაძე 15 აპრილს და დანიელი 21 აპრილს. აპრილი არის ჩვენი თვე.”

ია დუდაშვილის თქმით, თანამედროვე ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რის დასაძლევადაც მან გადაწყვიტა, რომ ნიაკოსთვის ძაღლი ეჩუქებინა. 

„ცუცა ვაჩუქეთ ნიაკოს. სიურპრიზი იყო, არ იცოდა. მაშინ არც დანიელი არ გვყავდა და ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მარტო არ ყოფილიყო, ეკრანთან დიდი დრო არ გაეტარებინა. ყველაზე კარგი გამოსავალი ამ დროს ბავშვისთვის ვფიქრობ, რომ არის ძაღლი. სანამ მოვიყვანდით, ჩვენთან ყველა ძაღლს ცუცა ერქვა და ავტომატურად ესეც ცუცა გახდა. ჩემი პირველი მიზანი ის იყო, რომ ნიაკოს ნაკლები დრო გაეტარებინა ეკრანთან. ამან გაამართლა ნამდვილად. მნიშვნელოვანია, რომ სანამ ძაღლს შევიძენთ, გავიგოთ, როგორი ხასიათი აქვს, უყვარს თუ არა ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვისთვის კარგია, თუ ძაღლი აქტიური იქნება. ცხოველები დანიელსაც ძალიან უყვარს,“- აღნიშნა ია დუდაშვილმა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

წაიკითხეთ სრულად