Baby Bag

„იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ ერთმანეთის სიყვარულისთვის თავგანწირულად, ბოლო ამოსუნთქვამდე!“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში კონფლიქტებისა და დაძაბულობის პრობლემაზე ისაუბრა:

„ეკლესია თქვენს ოჯახს და თქვენს ურთიერთობას განიხილავს ძალიან მტკივნეულად. ეკლესიას ეს აწუხებს და უნდა, რომ ყველა ოჯახი იყოს ძლიერი და მტკიცე. ეკლესია დგება, როგორც შუამავალი, რომ დაალაგოს ის უსიამოვნება, რომელიც არის ოჯახურ ურთიერთობაში. კარგი იქნება, თუ მეუღლეებს ეყოლებათ ერთი საერთო სულიერი მოძღვარი, რომელსაც მიმართავთ, აუხსნით თქვენს მდგომარეობას, პრობლემებს. ის აუცილებლად შეეცდება, რომ ღმერთის შემწეობით გაერკვეს თქვენს ურთიერთობაში და რჩევები მოგცეთ.

მინდა, გირჩიოთ ერთი რამ, ერთმანეთისთვის ბრძოლას წყალში ნუ ჩაყრით. იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ ერთმანეთს დაგაშოროთ. ნუ დაუთმობთ ეშმაკს ერთმანეთს! იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ თავგანწირულად! ნახავთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება! გადაივლის ეს ქარიშხლები!

ოჯახური ურთიერთობა ბრძოლის ველია, ბრძოლის ველი არა ერთმანეთთან, არამედ საკუთარ თავთან, საკუთარ ნაკლოვანებებთან, საკუთარ დაცემულ ბუნებასთან. იბრძოლეთ დაუღალავად, იბრძოლეთ ბოლომდე, იბრძოლეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთმანეთისთვის, ერთმანეთის სიყვარულისთვის! ებრძოლეთ საკუთარ ეგოიზმს! ეცადეთ, მიიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ. შეიყვაროთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ და შემდეგ ღმერთი როგორც საჩუქარს გაჩუქებთ ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც გინდათ, რომ იყოთ. სიყვარული მოგცემთ საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში მიემსგავსოთ ერთმანეთს, დათბეს და დატკბეს თქვენი ურთიერთობა,”- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემს დედამთილს დედას ვეძახი... რატომაც არა?! ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ,“- სოფო ბედია

„ჩემს დედამთილს დედას ვეძახი... რატომაც არა?! ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ,“- სოფო ბედია

მომღერალმა სოფო ბედიამ დედამთილთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას დედას ეძახის:

„ვიღაცას ეგონება, რომ მე მარტო მაკიაჟს ვიკეთებ, ვლამაზდები და სცენაზე ვდგავარ. არა, აბსოლუტურად არა! მე ვარ ერთი ჩვეულებრივი დიასახლისი. როდესაც მაქვს დრო, მაქსიმალურად ვუთმობ ოჯახს. ვფუსფუსებ სამზარეულოში, ვალაგებ კიდევაც. ხანდახან ჩემი დედამთილი რჩება ხოლმე ჩემთან და მეხმარება. რადგან ანდრეა პატარაა, პერიოდულად ჩემთან რჩება ხოლმე. ჩემი დედამთილიც მეგრელია. ძალიან ვმეგობრობთ. შეიძლება ბევრ ახლო მეგობარს არ ვუთხრა რაღაც და დედამთილს ვუთხრა.

ჩემს დედამთილს დედას ვეძახი ჩვეულებრივად. ამბობენ: „დედას ვერ დავუძახებ, რადგან ერთი მყავს მშობელი დედა.“ ნამდვილად ერთი მყავს მშობელი დედა და მყავს არაჩვეულებრივი დედა, მაგრამ ამ ქალბატონმა ისეთი სიყვარული, სითბო და პატივისცემა დაიმსახურა, პირიქით, მსიამოვნებს და მასაც სიამოვნებს, რომ დედას ვეძახი. რატომაც არა?! ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ,“ - მოცემულ საკითხზე სოფო ბედიამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად