Baby Bag

„იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ ერთმანეთის სიყვარულისთვის თავგანწირულად, ბოლო ამოსუნთქვამდე!“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში კონფლიქტებისა და დაძაბულობის პრობლემაზე ისაუბრა:

„ეკლესია თქვენს ოჯახს და თქვენს ურთიერთობას განიხილავს ძალიან მტკივნეულად. ეკლესიას ეს აწუხებს და უნდა, რომ ყველა ოჯახი იყოს ძლიერი და მტკიცე. ეკლესია დგება, როგორც შუამავალი, რომ დაალაგოს ის უსიამოვნება, რომელიც არის ოჯახურ ურთიერთობაში. კარგი იქნება, თუ მეუღლეებს ეყოლებათ ერთი საერთო სულიერი მოძღვარი, რომელსაც მიმართავთ, აუხსნით თქვენს მდგომარეობას, პრობლემებს. ის აუცილებლად შეეცდება, რომ ღმერთის შემწეობით გაერკვეს თქვენს ურთიერთობაში და რჩევები მოგცეთ.

მინდა, გირჩიოთ ერთი რამ, ერთმანეთისთვის ბრძოლას წყალში ნუ ჩაყრით. იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ ერთმანეთს დაგაშოროთ. ნუ დაუთმობთ ეშმაკს ერთმანეთს! იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ თავგანწირულად! ნახავთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება! გადაივლის ეს ქარიშხლები!

ოჯახური ურთიერთობა ბრძოლის ველია, ბრძოლის ველი არა ერთმანეთთან, არამედ საკუთარ თავთან, საკუთარ ნაკლოვანებებთან, საკუთარ დაცემულ ბუნებასთან. იბრძოლეთ დაუღალავად, იბრძოლეთ ბოლომდე, იბრძოლეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთმანეთისთვის, ერთმანეთის სიყვარულისთვის! ებრძოლეთ საკუთარ ეგოიზმს! ეცადეთ, მიიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ. შეიყვაროთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ და შემდეგ ღმერთი როგორც საჩუქარს გაჩუქებთ ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც გინდათ, რომ იყოთ. სიყვარული მოგცემთ საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში მიემსგავსოთ ერთმანეთს, დათბეს და დატკბეს თქვენი ურთიერთობა,”- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

7 მითი ბავშვის აღზრდის შესახებ, რომელიც არ უნდა დავიჯეროთ

7 მითი ბავშვის აღზრდის შესახებ, რომელიც არ უნდა დავიჯეროთ

ბავშვის აღზრდა უდიდესი პასუხისმგებლობაა. როდესაც შვილთან ურთიერთობაზე ვფიქრობთ, ჩვენ ხშირად ჩვენი მშობლების გამოცდილებას ვეყრდნობით. ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ხედვები დროთა განმავლობაში იცვლება და ის მიდგომები, რომლებიც წარსულში სწორად მიგვაჩნდა, აწმყოში არ ამართლებს. ჩვენს სტატიაში ​ბავშვის აღზრდის შესახებ გავრცელებულ 7 მოსაზრებას გაგაცნობთ, რომელიც თანამედროვე მშობლებს ნაკლებად გამოადგებათ.

1. ბავშვის ჰიპერაქტივობის მიზეზი შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებაა

მშობლების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ბავშვების ჭარბი აქტივობის მიზეზი შოკოლადის ბატონი ან ნაყინია. სისხლში შაქრის დონის მატება ენერგიით გვავსებს, თუმცა, კვლევებით დგინდება, რომ შაქრის ზომიერად მიღება ბავშვების ქცევაზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს. ჰიპერაქტივობას სხვა მიზეზები აქვს. ბავშვის ჰიპერაქტივობის ​ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადაღლა და ძილის ნაკლებობაა.

2. მშობლებმა ბავშვების თანდასწრებით არ უნდა იკამათონ

ცხადია, აღნიშნულ მოსაზრებას აქვს თავისი საფუძველი, რადგან მშობლების ჩხუბის შემსწრე ბავშვს, შესაძლოა, შეეშინდეს, რაც მას ემოციურ ტრავმას აყენებს. თუ თქვენს მეუღლესთან კამათის დროს ყვირილზე არ გადადიხართ და კონფლიქტის მოგვარებას ორივე ერთად ცდილობთ, ბავშვს თქვენი კამათი ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაში დაეხმარება. მშობლების ჯანსაღი კამათის ყურება ბავშვს ემოციების რეგულაციას ასწავლის და ოჯახური ურთიერთობების თავისებურებებს უკეთ აცნობს.

3. თუ ბავშვის ცუდ ქცევას მკაცრად არ უპასუხებთ, მის ქცევაზე კონტროლს დაკარგავთ

ბავშვის ყველა შეცდომაზე მკაცრი რეაქცია ვერ გექნებათ. თუ ზოგჯერ ბავშვის ნეგატიურ ქცევაზე მკაცრი რეაქცია არ გაქვთ, ეს მასზე დადებითად ზემოქმედებს. ​ბავშვებს მშობლების ყურადღების მიქცევა უნდათ. თუ მის ნეგატიურ ქცევას უყურადღებოდ დატოვებთ, ბავშვი ეცდება მსგავსი ქცევა აღარ გამოავლინოს.

4. ორი წლის ასაკში ბავშვს კრიტიკული ეტაპი აქვს, რასაც ვერ შევცვლით

ორი წლის ასაკში ბავშვებს ხასიათი და ქცევა მოულოდნელად ეცვლებათ. მშობლები ფიქრობენ, რომ ისინი შვილს ვეღარ უმკლავდებიან. ორი წლის ასაკში გამოვლენილი ცვლილებები სავსებით ნორმალურია და მშობელი აღნიშნულ სიახლეს მოთმინებით უნდა შეხვდეს. ბავშვთან თანამშრომლობა სავსებით შესაძლებელია, თუ მის ყურადღებას თამაშზე ან მისთვის საინტერესო სხვა აქტივობებზე გადაიტანთ.

5. მკაცრი მშობლები კარგი ყოფაქცევის მქონე შვილებს ზრდიან

თუ ძალიან მკაცრი მშობელი ხართ, თქვენი შვილი მოსაწონ ქცევას იმის გამო არ ავლენს, რომ აღნიშნული ქცევის უპირატესობები ესმის, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ეშინია. შეზღუდვები და მკაცრი აკრძალვები ბავშვს თვითრეგულაციას ვერ ასწავლის და ის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასაც ძნელად ახერხებს.

6. შექება ბავშვს უფრო გონიერს და წარმატებულს ხდის

შექება ზოგჯერ ბავშვს უბიძგებს, რომ სწავლაზე ნაკლები ენერგია დახარჯოს. ​თუ ბავშვს კა​რგი ნიშნების გამო აქებთ, ის საკუთარი იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვას იწყებს, ხოლო სწავლა და განათლება მისთვის მეორეხარისხოვანი ხდება. ის ეცდება მომავალშიც მოახდინოს თქვენზე შთაბეჭდილება და წარმატების მისაღწევად მარტივი გზა აირჩიოს, თუმცა სერიოზულ გამოწვევებთან შეჭიდებას თავს აარიდებს.

7. პატარებს თქვენი ემოციები არ ესმით, ამიტომ განწყობის დამალვა აუცილებელი არ არის

მშობლები ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ ესმით პატარების ემოციები და განწყობები, ხოლო ბავშვებს მშობლების განცდებზე წარმოდგენაც არ აქვთ. ბავშვი არამხოლოდ გრძნობს თქვენს განწყობას, ის დამოკიდებულია ამ განწყობაზე. მაშინაც კი, როდესაც ​გარკვეული მიზეზით გაღიზიანებული და გაბრაზებული ხართ, ბავშვთან მხოლოდ დადებითი ემოციები უნდა გამოავლინოთ.

მომზადებულია ​brightside.me -ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად