Baby Bag

„იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ ერთმანეთის სიყვარულისთვის თავგანწირულად, ბოლო ამოსუნთქვამდე!“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში კონფლიქტებისა და დაძაბულობის პრობლემაზე ისაუბრა:

„ეკლესია თქვენს ოჯახს და თქვენს ურთიერთობას განიხილავს ძალიან მტკივნეულად. ეკლესიას ეს აწუხებს და უნდა, რომ ყველა ოჯახი იყოს ძლიერი და მტკიცე. ეკლესია დგება, როგორც შუამავალი, რომ დაალაგოს ის უსიამოვნება, რომელიც არის ოჯახურ ურთიერთობაში. კარგი იქნება, თუ მეუღლეებს ეყოლებათ ერთი საერთო სულიერი მოძღვარი, რომელსაც მიმართავთ, აუხსნით თქვენს მდგომარეობას, პრობლემებს. ის აუცილებლად შეეცდება, რომ ღმერთის შემწეობით გაერკვეს თქვენს ურთიერთობაში და რჩევები მოგცეთ.

მინდა, გირჩიოთ ერთი რამ, ერთმანეთისთვის ბრძოლას წყალში ნუ ჩაყრით. იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ ერთმანეთს დაგაშოროთ. ნუ დაუთმობთ ეშმაკს ერთმანეთს! იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ თავგანწირულად! ნახავთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება! გადაივლის ეს ქარიშხლები!

ოჯახური ურთიერთობა ბრძოლის ველია, ბრძოლის ველი არა ერთმანეთთან, არამედ საკუთარ თავთან, საკუთარ ნაკლოვანებებთან, საკუთარ დაცემულ ბუნებასთან. იბრძოლეთ დაუღალავად, იბრძოლეთ ბოლომდე, იბრძოლეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთმანეთისთვის, ერთმანეთის სიყვარულისთვის! ებრძოლეთ საკუთარ ეგოიზმს! ეცადეთ, მიიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ. შეიყვაროთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ და შემდეგ ღმერთი როგორც საჩუქარს გაჩუქებთ ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც გინდათ, რომ იყოთ. სიყვარული მოგცემთ საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში მიემსგავსოთ ერთმანეთს, დათბეს და დატკბეს თქვენი ურთიერთობა,”- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

ნეგატიური მეგობრები ბედნიერებას და სიმშვიდეს გართმევენ, ისინი დასახული მიზნების მიღწევაშიც ხელს გიშლიან

ნეგატიური მეგობრები ბედნიერებას და სიმშვიდეს გართმევენ, ისინი დასახული მიზნების მიღწევაშიც ხელს გიშლიან

ნეგატიურ ადამიანებს მეგობრებთან ურთიერთობა მარტივად უფუჭდებათ, ისინი მათთან დროის სასიამოვნოდ გატარებას და მშვიდად საუბარს იშვიათად ახერხებენ. ნეგატიური მეგობრები ბედნიერებას და სიმშვიდეს გართმევენ, ისინი დასახული მიზნების მიღწევაშიც ხელს გიშლიან. თუ თქვენი მეგობარი ნეგატიური ადამიანია, მასთან ურთიერთობა სწრაფად უნდა გაწყვიტოთ.

  • ნეგატიური მეგობრები ენერგიას გართმევენ

ნეგატიურ მეგობართან ყოფნისას უსიამოვნო ფიქრებს, ალბათ, არაერთხელ შეუწუხებიხართ და მისი პესიმიზმიც გადმოგდებიათ. ნეგატიური მეგობრები ენერგიას გართმევენ და გამოფიტულს გტოვებენ, რადგან მათი პირადი ამბების მოსმენა საკმაოდ რთულია. თქვენ გამუდმებით დრამის მონაწილე ხართ, სულიერ და გონებრივ რესურსს ფუჭად ხარჯავთ. თქვენ გვერდით ისეთი ადამიანები უნდა იყოლიოთ, ვინც გაძლიერებთ და მოტივაციას გმატებთ. ნამდვილი მეგობარი გვირაბის ბოლოს სინათლეს დაგანახებთ და დაგარწმუნებთ, რომ მას ხელს აუცილებლად მიაწვდენთ. ის ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. თუ მეგობართან ურთიერთობისას ყოველთვის მის პრობლემებს ისმენთ და მას ანუგეშებთ, ენერგიისგან დაიცლებით. მსგავსი ურთიერთობები ძალიან სახიფათოა და ადამიანის სრულ გამოფიტვას იწვევს.

  • ნეგატიური მეგობრები თქვენს ინტერესებზე არასდროს ფიქრობენ

მეგობრობამ ძირს არ უნდა დაგცეთ. მან უნდა გაგაძლიეროთ და წინსვლაში დაგეხმაროთ. ნამდვილი მეგობარი, რომელსაც თქვენი ესმის, თქვენს ნუგეშისცემას, მოტივირებას და გაძლიერებას ეცდება. ის ყოველთვის თქვენი ინტერესებით იხელმძღვანელებს. ნეგატიური მეგობრები ყოველთვის თქვენგან ელიან დამხარებას, მათ არ აინტერესებთ თქვენ რა გჭირდებათ და რა გიჭირთ. მათ სურთ, რომ ყოველთვის მოუსმინოთ. ნეგატიური მეგობრისთვის თქვენ მხოლოდ ყური ხართ, რომელიც მის პრობლემებს ისმენს. თქვენი გრძნობები და განცდები მისთვის უინტერესოა. მსგავსი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭირეთ! ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და სხვა ინტერესები არ აქვთ.

  • ნეგატიურ მეგობრებს თქვენი წარმატება არ უხარიათ

ნეგატიური მეგობარი არ გამხნევებთ და წარმატების მოპოვებაში არ გეხმარებათ, რადგან მას თქვენთვის კარგი არ სურს. ის ყოველთვის ცდილობს გეგმები ჩაგიშალოთ და მაქსიმალურად დიდი დრო წაგართვათ. ნეგატიურ მეგობარს თქვენი წარმატება აშინებს, რადგან ფიქრობს, რომ თქვენს ცხოვრებაში მისი ადგილი აღარ დარჩება. ეს მისი ყველაზე დიდი შიშია, რის გამოც ის თქვენს გამხნევებას არასდროს ეცდება. ასეთ ადამიანთან მეგობრობას ნამდვილად არ გირჩევთ.

  • ნეგატიურ ადამიანებს სურთ, რომ თქვენც პესიმისტ ადამიანად იქცეთ

ნეგატიურ ადამიანებს სურთ, რომ თავადაც ნეგატიური ხალხით იყვნენ გარშემორტყმული. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ნეგატიურ ადამიანთან მეგობრობას არ გირჩევთ. მისი სასოწარკვეთა პოზიტიურ განწყობას წაგართმევთ და უკან დაგხევთ. პესიმიზმი ინფექციაა, ის თქვენში იჭრება და ეჭვებით გავსებთ. თქვენ ფიქრობთ, რომ წარმატების მიღწევა არ შეგიძლიათ, რადგან სათანადო უნარები არ გაქვთ. ნეგატიური მეგობარი მიზნისკენ სვლაში ხელს გიშლით და პასიურობისკენ გიბიძგებთ. წარმატების მიღწევა თუ გინდათ, გახსნილი და რისკიანი ადამიანი უნდა იყოთ. ნეგატიური მეგობარი ეჭვებით გავსებთ და სხვა ადამიანებისადმი ნდობას გაკარგვინებთ, რაც წინსვლაში ხელს ძალიან შეგიშლით.

  • ნეგატიური მეგობარი დიდი მიზნების მიღწევაში ხელს გიშლით

დიდი მიზნები თუ გაქვთ და წარმატებაზე ოცნებობთ, ნეგატიური მეგობრები ამის შესაძლებლობას ნაკლებად მოგცემენ. ნეგატიურობა თქვენს ცხოვრებას იმდენად მოიცავს, რომ მისგან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებთ. ის თქვენს ოცნებებს და მიზნებს ჩაანაცვლებს. თქვენს პოზიტიურ განწყობას ვინმე თავისი ნეგატიური აზრებით თუ ამსხვრევს, მისგან თავი შორს დაიჭირეთ. ნეგატიურ ადამიანთან პოზიტიური ვერ იქნებით. ის ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ.

მეგობრები სიფრთხილით შეარჩიეთ. ნეგატიურ ადამიანებს თქვენი ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესება შეუძლიათ. ნამდვილი მეგობრები კი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან და გასაჭირში არასდროს მიგატოვებენ.

მომზადებულია​ everydaypower.com -ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად