Baby Bag

ხუთი რჩევა ბებიებს და ბაბუებს

ხუთი რჩევა ბებიებს და ბაბუებს
ხუთი რჩევა ბებიებს და ბაბუებს ფილოლოგ გია მურღულიასგან:
1. ეცადე, პატარებს აჩვენო, რომ ცოდნა ვერ ცვლის გამოცდილებას;

2. მოიპოვე სწავლების მეტი უფლება, ვიდრე ასაკი გაძლევს - შენი სახელით, ცხოვრების წესით, გაკეთებული საქმეებით, უპირობო სიყვარულით - ოთხივე დამაჯერებლობას სძენს შენს რჩევებს;
3. არ დააძალო - შესთავაზე;
4. ასწავლე ქცევით;

5. თუ გსურს ბავშვში ხანდაზმულის გონება გააცოცხლო, არ მოკლა ბავშვი შენში.

შეიძლება დაინტერესდეთ

​„არ მესმის, რას ნიშნავს მენტორი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება“ - გია მურღულია

​„არ მესმის, რას ნიშნავს მენტორი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება“ - გია მურღულია

არ მესმის, რას ნიშნავს მენტორი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება. მენტორობა არ არის პედაგოგობის უბრალოდ ერთ-ერთი კატეგორია - ეს არის წლობით მოპოვებული ნდობა საგანმანათლებლო საზოგადოებისა, ზოგადად - საზოგადოებრივი აღიარება.

მენტორობა:
1. „მაღალი“ ცოდნაა;
2. ინტერპრეტაციის კულტურაა;
3. მეთოდოლოგიური „მეტრობაა“;
4. ახსნისა და გადაცემის დახვეწილობაა;
5. არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ თეორიული ხასიათის მუშაობა და გამოცდილებაა;
6. რაც მთავარია - ეს რეალურად მიღწეული მაღალი აკადემიური და აღმზრდელობითი პროფილის შედეგებია;
7. პროფესიული ქცევის მაღალი კულტურაც არის.
როგორ უნდა განსაზღვროს ეს გამოცდამ? - აღიარებასა და ნდობას ის ვერ შეაფასებს.
ეს (რაკიღა შესაბამის ფინანსურ ვალდებულებებსაც გულისხმობს) უნდა გააკეთოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც კარგად გააზრებულ კრიტერიუმთა გათვალისწინებით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ყოველთვის პრინციპული უნდა იყოს და არანაირი მიზეზით კომპრომისს არ უშვებდეს.
მენტორობის დონე გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელმა აღარაფერი უნდა დაამტკიცოს - ის უნდა აღიარონ წარსულსა და აწმყოში მიღწეული შედეგებით.
მენტორი არ შეიძლება იყოს ბევრი - არ შეიძლება ნებისმიერ სფეროში პროფესიული მწვერვალების „თავისუფალი დაპყრობა“.
ბოლოს და ბოლოს, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ „სახელთა დარქმევა“ (როგორც ინგლისელები ამბობენ).
მენტორი მასწავლებელთა მასწავლებელია.
ის არ არის ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე (ასეთები საერთოდ არ არსებობენ), მაგრამ მან იცის, როგორ გააკეთოს ის, რაც მოცემულ ვითარებაში შესაძლებელია.
პატივი მივაგოთ ასეთ ადამიანებს და ნუ მივაყენებთ მათ შეურაცხყოფას „დემოკრატიული გათანაბრებით“.
ისინი ცოტანი, მაგრამ ძალიან საჭირონი არიან.
ისინი მომავლის ფიქრს ქმნიან და მის სახეს ძერწავენ.

​ავტორი: ფილოლოგი გია მურღულია
წაიკითხეთ სრულად