4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი და ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაციას People ავრცელებს.
ამერიკული მედიის ცნობით, 44 წლის კუპერი და 33 წლის შეიკი ცდილობენ, თანაბრად გადაინაწილონ მეურვეობა შვილზე, ლეა დე სეინზე, რომელიც 2017 წელს დაიბადა.
ოსკარის ნომინანტი მსახიობი და ვიქტორია სიქრეთის მოდელი 2015 წლიდან იყვნენ ერთად. წყვილი ცდილობდა, რომ ურთიერთობა ტაბლოიდებისთვის საჯარო არ გაეხადა. ამის შესახებ შეიკმა 2019 წლის თებერვალში Glamour UK-თან საუბრისას განაცხადა.
„ჩემი უამრავი მეგობარი სოციალურ მედიაში პირადი ცხოვრების შესახებ ხშირად პოსტავენ. ეს მშვენიერია, მაგრამ ეს ასევე პირადი არჩევანია. ჩემი სამსახური ისედაც მოითხოვს საჯაროობას, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები დაცული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ჰქვია ამას პირადი, რომ ეს შენთვის და შენი ოჯახისთვისაა და მე ეს მაბედნიერებს,“ - აღნიშნა სუპერმოდელმა.
გასული წელი ბრედლი კუპერისთვის ძალიან წარმატებული იყო. ეკრანებზე გამოვიდა მისი ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“, რომელიც ოსკარის 8 კატეგორიაში იყო ნომინირებული. ფილმში კუპერი მთავარ როლს სუპერვარსკვლავ ლედი გაგასთან ერთად ასრულებს. სწორედ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერს ლედი გაგასთან ბევრად უფრო მეტი აკავშირდებდა, ვიდრე მეგობრობა. თუმცა რომანის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანმა უარყო.