Baby Bag

როგორ ავარიდოთ ბავშვს განქორწინებული მშობლების კონფლიქტები

როგორ ავარიდოთ ბავშვს განქორწინებული მშობლების კონფლიქტები

მშობლები, რომლებიც განქორწინებულები არიან, ხშირად გვეკითხებიან, რამდენად აისახება ეს ყველაფერი ბავშვებზე და როგორ უნდა დაიცვან ოქროს შუალედი, რომ ბავშვიც არ დაზარალდეს და დედას და მამას თანაბრად ჰქონდეს საშუალება შვილთან ურთიერთობის.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ განქორწინება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია არა მხოლოდ მეუღლეებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. მისი გადატანა როგორც პროცესის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და ახალი, არანაკლებ მნიშვნელოვანის დაწყებას გულისხმობს, რთულია ყველა მხარისთვის.

უმეტეს შემთხვევაში განქორწინების ინიციატორი ერთ-ერთი მეუღლეა, რომელსაც უჭირს თანაცხოვრება გარკვეული მიზეზების გამო და ამჯობინებს ცალკე ყოფნას. განქორწინების პროცესი ზოგჯერ მშვიდად, ზედმეტი სკანდალებისა და აურზაურის გარეშე მიმდინარეობს, ზოგჯერ კი არის შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე წინააღმდეგია და განქორწინება დიდ, დაუსრულებელ და მტკივნეულ პროცესად გადაიქცევა ხოლმე. ასეთ დროს, როგორც წესი, ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.

იმისთვის, რომ ბავშვისთვის განქორწინება ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს, მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ გააზრებულად დგამენ ამ ნაბიჯს და გადაწყვეტილება მართებულად აქვთ მიღებული. უმჯობესია ბავშვმა ამ სიახლის შესახებ ორივე მშობლისგან ერთად გაიგოს, საბოლოო გადაწყვეტილებას მიღების შემდეგ. ზოგჯერ ხდება, რომ დაუსრულებელი კონფლიქტების ფონზე გაუკონტროლებლად აძახებენ მშობლები ერთმანეთს "გაგშორდები’’-ს და ამის შემსწრე ბავშვებიც არიან. პატარებს ეგოცენტრული ბუნების გამო ხშირად დანაშაულის განცდა უჩნდებათ, ჰგონიათ, რომ არ არიან საკმარისად კარგები და ამის გამო ჩხუბობენ მშობლები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მშობლები ზოგჯერ ბავშვებით მანიპულირებასაც ცდილობენ და კონფლიქტში რთავენ მათ. მაგ: სიტუაცია, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ცდილობს ბავშვი მეორეს წინააღმდეგ განაწყოს და ამით მეუღლის ყურადღება მიიქციოს და ა.შ. შედეგად ვიღებთ გაღიზიანებულ და კონფლიქტურ მშობლებთან ერთად ბავშვებს, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდებათ და საჭიროებენ დახმარებას.
არანაკლებ საფრთხილო და საყურადღებოა უკვე გადაწყვეტილების მიღების შემდგომი ეტაპი, მეურვეობის საკითხი. სად იცხოვრებენ ბავშვები, როგორ მოხდება დროის გადანაწილება მშობლებს შორის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ა.შ.

კონფლიქტის ფონზე განქორწინების დროს, როგორც წესი სასამართლო, წყვეტს მეურვეობის საკითხს და კონკრეტული პირობების მიღება უწევთ მშობლებს.
არაა გამართლებული ბავშვს ჰკითხოს მშობელმა ან მის გარშემო მყოფმა ზრდასრულმა ადამიანმა - თავად მას ვისთან ურჩევნია ცხოვრება, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი სიყვარულს და პასუხისმგებლობას ორივე მშობლის მიმართ გრძნობს, ამ არჩევანის გაკეთებით შესაძლოა მას ტრავმა მივაყენოთ. ანუ ავირჩიო ერთი - ბავშვისთვის გაუცნობიერებლად ნიშნავს უარი ვთქვა მეორეზე. ბავშვს ორივე მშობელი უყვარს, ამიტომ ისედაც რთულ ემოციურ ფონს ამით ნუღარ დავუმძიმებთ.

ძალიან კარგია, როდესაც მშობლებს ცივილური ურთიერთობა აქვთ ერთამეთთან და მარტივად აგვარებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დღესასწაულებზე ბავშვები ვისთან იქნებიან, არდადეგებს რომელ მშობელთან გაატარებენ და ა.შ.

ნებისმიერ შემეთხვევაში მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვებისათვის აუცილებელია მოსიყვარულე გარემო, სადაც ექნებათ სტაბილურობის განცდა და რეჟიმი. განქორწინების დროს სტაბილურობის განცდა ისედაც სუსტდება და ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ერღვევათ სკოლის ან ბაღის რეჟიმი. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირი ადგილსამყოფელის შეცვლა ან მშობლების შეუთანხმებლობაა. იმის მიუხედევად, რომ ისინი ერთად აღარ არიან, მაინც შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ და გადაწყვეტილებას ერთად, ბავშვის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იღებდნენ. შეიძლება არ ეთანხმებოდნენ მშობლები ერთამნეთს, მაგრამ ეს პატარამ არ უნდა იგრძნოს. ბავშვებისთვის ემოციური კეთილდღეობის გარდა განათლება და სოციალურ გარემოში რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია.

ავტორი: ქეთი მესხიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად