დეკანოზმა შალვა კეკელიამ ბავშვთან ურთიერთობისას მშობლის სწორი მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი მშობლისგან ინფორმაციას მარტივად ისრუტავს:
„დააკვირდით ბავშვებს, როდესაც სტუმარი მოგივათ სახლში შვილებთან ერთად. ბავშვები ცალკე თამაშობენ, მშობლები აქეთ სხედან და რაღაც თემებს არჩევენ. შემდეგ ბავშვი გეკითხება, ამაზე რატომ ლაპარაკობდი იქ?! შენ გგონია, რომ ბავშვები იქით თამაშობენ, თქვენ ყურადღებას არ გაქცევენ. ამ დროს მთელი მათი ყურადღება თქვენკენ იყო მომართული, რომ ეს თქვენი საუბარი დაემახსოვრებინა ბავშვს. ძალიან ისრუტავს ბავშვი ამას. თამაშით ამ ყველაფერს კიდევ უფრო მარტივად აკეთებს.“
მამა შალვა კეკელიას თქმით, ბავშვი ყველაზე თავისუფალია და მას ვერ შევზღუდავთ:
„ბავშვი თავისუფალია, ის შეზღუდული არ არის. ბავშვი ყველაზე თავისუფალია. ბავშვს ვერაფრით ვერ შეზღუდავ. ადამიანების, რომლებიც უკვე დიდები ვართ, შეზღუდვა კიდევ შეიძლება. ჩვენ საკუთარი თავი მონობას მივაჩვიეთ. ძალიან ბევრი რამ გვზღუდავს: შეხედულებები, აზრები, ფიქრები. უამრავი რამ ზღუდავს ჩვენს გარეგნულ საქციელს. რაც გვინდა რომ ვაკეთოთ, ზოგჯერ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ რაღაც-რაღაცებით შეზღუდულები ვართ. ბავშვებს შეზღუდვა არ აქვთ. ბავშვს შეუძლია გაშიშვლდეს კიდეც და ისე გაიაროს, იმიტომ, რომ მას სრული შინაგანი თავისუფლება აქვს.“
„ბავშვს არ აინტერესებს შენ რას ფიქრობ მასზე. ის იმას აკეთებს, რაც უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ეს თავისუფლება არ შეეზღუდოს. თან ამ არშეზღუდვაში ნელ-ნელა ასწავლო მას საკუთარი თავის ფლობაც. სადღაც რაღაცაზე უარის თქმაც უნდა ასწავლო ბავშვს. შენ ბავშვს უნდა დაეხმარო, უნდა გაზარდო ბავშვი ამ ყველაფერში. სწორ მიდგომაზე კარგი არაფერი არ არის. როდესაც ხდები დედა, უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს აღზრდასთან დაკავშირებით. უამრავი ლიტერატურა არსებობს თუნდაც ქრისტიანული, სადაც ბავშვების აღზრდაზეა საუბარი. არის იოანე ოქროპირის „ბავშვთა აღზრდის შესახებ.“ ეს საოცარი სწავლებაა,“ - აღნიშნულ საკითებზე დეკანოზმა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.
წყარო: „განთიადი“
წაიკითხეთ სრულად