Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ბებიები და ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებს თავად ზრდიან დიდხანს ცოცხლობენ

მეცნიერების მტკიცებით, ბებიები და ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებს თავად ზრდიან დიდხანს ცოცხლობენ
მეცნიერების მიერ ჩატარებული უახლესი ​კვლევებით დგინდება, რომ ის ბებიები და ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებს თავად ზრდიან, ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. მოხუცები, რომლებიც პატარებზე ყოველდღიურად ზრუნავენ, თავიანთ ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

კვლევის მონაწილე იმ ბებიებსა და ბაბუებში, რომლებიც ბავშვებს თავად ზრდიდნენ, ან მათზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 37 %-ით დაბალი იყო, ვიდრე იმ მოხუცებში, რომლებსაც შვილიშვილების მიმართ მსგავსი პასუხისმგებლობა და მოვალეობები არ გააჩნდათ.

კვლევის შედეგები დატვირთული გრაფიკის მქონე მშობლებს ნამდვილად გაახარებთ. თუ თქვენ მუშაობთ და ბავშვის აღზრდას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ დახმარებისთვის თქვენს მშობელს მიმართოთ. ასე მას სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმარებით და არც თქვენს პატარას მოაკლდება მზრუნველი ხელი.

რატომ ცოცხლობენ დიდხანს ბებიები და ბაბუები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან?

აღნიშნულ კითხვაზე მეცნიერებს ზუსტი პასუხი ჯერ კიდევ არ აქვთ, თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. შვილიშვილების აღზრით დაკავებული ბებიები და ბაბუები განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევიან, ისინი გამუდმებით წინ იყურებიან, სამომავლო გეგმებს აწყობენ, ამასთან ფიზიკურად და გონებრივადაც ყოველდღიურად იტვირთებიან, რაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის.

შვილიშვილი ბებიებისა და ბაბუებისთვის სიცოცხლის ელექსირს წარმოადგენს, რომელიც მათ ყოველდღიურობას სიხარულით და სითბოთი ავსებს. პოზიტიური ენერგია, რომელსაც ბავშვთან ურთიერთობისას გამუდმებით იღებენ, ასაკოვან ადამიანებს ახალგაზრდობის დაბრუნებაში ეხმარება.

თქვენმა შვილებმა და მშობლებმა ერთად ბევრი დრო უნდა გაატარონ

ბებიები და ბაბუები გარკვეული მიზეზების გამო თავიანთ შვილიშვილებთან დროს იშვიათად ატარებენ. პატარები ხშირად ტირიან, დედის ნახვას ითხოვენ, რაც უფროსების განწყობაზე უარყოფითად აისახება. ასაკოვანი ადამიანები თვლიან, რომ მათ ბავშვის აღზრდისთვის საჭირო ენერგია და გამძლეობა აღარ აქვთ. ბებიებს და ბაბუებს, როგორც წესი, სახლში არ აქვთ საბავშვო გარემო, სადაც პატარები სირბილს და თამაშს თავისუფლად შეძლებენ. ბავშვებს უზღვავი ენერგია აქვთ. ისინი დარბიან, ნივთებს აზიანებენ და მყუდრო გარემოში ყოფნა არ სიამოვნებთ.

ბებიები და ბაბუები ხშირად ფიქრობენ, რომ შვილიშვილებისთვის მოსაწყენები არიან, რადგან პატარებს განსხვავებული ინტერესები, იუმორის გრძნობა და სურვილები აქვთ. მათ თავიანთ თანატოლებთან ან მშობლებთან ერთად ყოფნა მეტად იზიდავთ.

თქვენ, როგორც მშობელი, თქვენს მშობლებსა და შვილებს შორის მთავარ მოკავშირედ უნდა იქცეთ. ჯანსაღი და ბედნიერი შვილების აღზრდა თუ გსურთ, უნდა იცოდეთ, რომ ბებიებისა და ბაბუების დახმარების გარეშე ამას ვერ შეძლებთ. თქვენ უნდა დაარწმუნოთ თქვენი მშობლები, რომ მათ შვილიშვილების აღზრდაში გიგანტური წვლილის შეტანა შეუძლიათ.


ბებიებს და ბაბუებს თავი მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანებად უნდა აგრძნობინოთ. შეახსენეთ მათ, რომ სიყვარული, რომელსაც ბავშვი ბებიის და ბაბუსიგან იღებს შეუცვლელია. როგორც წესი, ზრდასრული ადამიანები ყველაზე ტკბილად სწორედ ბებიებთან და ბაბუებთან ერთად გატარებულ წლებს იხსენებენ, მსგავსი მოგონებები დაუვიწყარია. თუ თქვენი მშობლები ბავშვების აღზრდაში უკვე დიდი ხანია გეხმარებიან, მათ მეცნიერების ახალი აღმოჩენის შესახებ უამბეთ. ბებიებმა და ბაბუებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ პატარა შვილიშვილები მათ ყოველდღიურად არამხოლოდ სიყვარულს და სიხარულს ანიჭებენ, არამედ სიცოცხლესაც ჩუქნიან. 

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს პატარას?

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს პატარას?

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მშობლები გახდნენ. პატარას გიორგი დაარქვეს. 


წყვილმა 2022 წლის ზაფხულში იქორწინა, მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს.

ცნობილმა წყვილმა ქორწილი ანდერვილში გადაიხადა, სადაც ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

წაიკითხეთ სრულად