Baby Bag

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ერთი მხრივ, ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების პრევენცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება,“- აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის მთავარი თვისება, რომელიც ყველა ლიდერ ბავშვს აუცილებლად აქვს? - ფსიქოლოგი თიკა წერეთელი

რა არის მთავარი თვისება, რომელიც ყველა ლიდერ ბავშვს აუცილებლად აქვს? - ფსიქოლოგი თიკა წერეთელი

ფსიქოლოგმა და ტელეწამყვანმა თიკა წერეთელმა ლიდერი ბავშვისთვის დამახასიათებელ თვისებებზე ისაუბრა:

„ხშირად ამბობენ, რომ ლიდერად უნდა დაიბადო. პრაქტიკა იმასაც გვიჩვენებს, რომ ლიდერის თვისებები შეიძლება გამოვიმუშავოთ. რა თქმა უნდა, თუ ბავშვს აქვს ამის სურვილი და არა მშობელს. ხშირად ისეც ხდება, რომ მშობელს აქვს ამის სურვილი და ამ შემთხვევაში დიდ შედეგზე ნამდვილად ვერ გავალთ. ზოგიერთი ბავშვი მართლაც გამოკვეთილი ლიდერია დაბადებიდანვე. ის არ ემორჩილება არავის წესებს და იქით ცდილობს სხვების დამორჩილებას. ეს ბავშვები არიან ისეთები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა უნდათ. ამიტომაც ცდილობენ ისინი სხვების დამორჩილებას.

ფსიქოლოგებში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომელსაც პრაქტიკაც ადასტურებს, სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ ლიდერ ბავშვებს. არ არის აუცილებელი ლიდერი ბავშვი მაინცდამაინც ცელქი იყოს. შეიძლება ძალიან დინჯი და მორიდებული ბავშვი შემდეგ ლიდერი აღმოჩნდეს. ერთადერთი მთავარი თვისება, რომელიც მათ ყველას აერთიანებს, ეს არის შინაგანი ენერგია, რომელიც ლიდერ ბავშვს მოსვენებას არ აძლევს. ეს არის ის, რაც შემდეგ იწვევს ლიდერობას.

ბუნებრივია, აქაც მშობელი, აღმზრდელი და პედაგოგი არის მთავარი მოქმედი გმირი. მშობლებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წინსვლაში შევუწყოთ ხელი ან პირიქით უკან დავხიოთ, თუ მის ლიდერულ თვისებებს ჩავახშობთ. რა უშლის ხელს ბავშვს, რომ იყოს ლიდერი? მას არ ვაძლევთ დაცემისა და შეცდომის დაშვების საშუალებას, ძალიან სწრაფად მივდივართ საშველად, არ ვუზიარებთ შეცდომებს ჩვენი წარსულიდან, თვითონ არ ვაკეთებთ იმას, რასაც ბავშვს ვასწავლით. ძალიან ხშირად ვდემაგოგობთ, მორალისტები ვართ და ეს არ მოსწონთ ბავშვებს.

რა უწყობს ბავშვს ხელს ლიდერის თვისებების განვითარებაში? მიეცით მას კარგი მაგალითი, ჩართეთ გუნდურ აქტივობებში, წაახალისეთ მოთმინების უნარი, განუვითარეთ მოლაპარაკების უნარი, განუვითარეთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, მიეცით თავდაჯერებულობა, წაახალისეთ მისი სამუშაო, არ ჩაეჭრათ საქმის კეთებისას, გაუშვით ბანაკში, შექმენით მიზნების დაფა, მიეცით შეცდომების დაშვების უფლება, წაახალისეთ მისი ოპტიმისტური ფიქრები და მიზნები,”-აღნიშნულ საკითხზე თიკა წერეთელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად