Baby Bag

​ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, განსაკუთრებით ბედნიერები და ლაღები არიან

​ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, განსაკუთრებით ბედნიერები და ლაღები არიან

თანამედროვე მშობლებს ბავშვის აღზრდაში ბებიებისა და ბაბუების დახმარება ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. გარდა იმისა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები ბავშვებს თავიანთ სიბრძნესა და ცოდნას უზიარებენ, ისინი ბავშვთა აღზრდას უდიდესი პასუხისმგებლობითაც ეკიდებიან, რაც დასაქმებულ მშობლებს თავიანთი საქმით მშვიდად და სრულფასოვნად დაკავების საშუალებას აძლევს.

კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, გაცილებით ბედნიერები და ლაღები არიან, ვიდრე ის პატარები, რომლებსაც ბებიებთან და ბაბუებთან ხშირი შეხება არ აქვთ. როგორც წესი, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით გამოირჩევიან. ისინი ბავშვების აღზრდა-განათლებას დიდ ყურადღებას უთმობენ და ხშირად ამ ყველაფერს მშობლებზე უკეთაც ახერხებენ. ბებიებსა და ბაბუებს ბავშვებთან თამაში უყვართ. ისინი პატარებს საინტერესო და სახალისო მეთოდების გამოყენებით სამყაროს შემეცნებაში ეხმარებიან.

ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ბებიებთან და ბაბუებთან იზრდებოდნენ, ბავშვობის წლებს ყოველთვის სიყვარულით იხსენებენ. ყველას ენატრება ის დღეები, როდესაც ბებოს მომზადებული ნუგბარით პირის ჩატკბარუნება აბედნიერებდათ ან ბაბუასგან დასაჩუქრებულებს დამოუკიდებლად შეეძლოთ საყვარელი ნაყინის ყიდვა. 11-16 წლის ასაკის 1600 ბავშვზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, თავს გაცილებით დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები დამოუკიდებლად ზრდიან.

ბებიები და ბაბუები მშობლების განქორწინების შემთხვევაში ბავშვის მთავარ ნუგეშისმცემლებად და მხარდამჭერებად გვევლინებიან. მათი სახლი პატარას საიმედო თავშესაფრად ესახება, სადაც ემოციურ თანადგომას და სითბოს ყოველთვის მიიღებს.

მშობლები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, თავიანთ შვილებს ბებიებსა და ბაბუებს თავისუფლად ანდობენ. ისინი პატარებზე თავგამოდებით ზრუნავენ და მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტად გვევლინებიან.

ბებიებისა და ბაბუების მხარდაჭერა არამხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც აბედნიერებს. რაც მთავარია, ბავშვებზე ზრუნვით ყველაზე მეტად თავად ბებიები და ბაბუები ბედნიერდებიან.

მომზადებულია ​wtvideo.com-ის  მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემს შვილებს ვასწავლი ხოლმე, რაღაც რომ გეწყინებათ და გაბრაზდებით აუცილებლად გამოხატეთ და თქვით-მეთქი,“ - თიკა ფაცაცია

„ჩემს შვილებს ვასწავლი ხოლმე, რაღაც რომ გეწყინებათ და გაბრაზდებით აუცილებლად გამოხატეთ და თქვით-მეთქი,“ - თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ ბრაზის დაძლევისა და მასთან გამკლავების იმ წესებზე ისაუბრა, რომელსაც შვილებს ასწავლის:

„ჩემს შვილებს ვასწავლი ხოლმე, რაღაც რომ გეწყინებათ და გაბრაზდებით აუცილებლად გამოხატეთ და თქვით-მეთქი. რაღაც ფორმის ჩარჩოში აუცილებლად თქვი, რა გწყინს, რა გტკენს გულს. თუ რაღაცნაირად ბრაზობ, აუცილებლად თქვი ხმამაღლა, რომ მეც გავიგო, სხვამაც გაიგოს, ვისგანაც გწყინს. თუ გვინდა ურთიერთობის გაგრძელება, რომ ვიცოდეთ, ერთმანეთისგან რა გვწყინს და რა გვიხარია.“

„ჩემი შვილი რომ ტირის ხოლმე, ვასწავლი: „მოდი, აბა ნელა ჩავისუნთქოთ, მერე ნელა გამოვუშვათ ჰაერი. როდესაც ტირი სუნთქვა ხომ გიჩქარდება და როდესაც სუნთქვას ამშვიდებ, ემოციაც მშვიდდება. ახალი ამბავი არ არის ნამდვილად, რომ ყველას სტრესსა და ბრაზში გვიწევს ყოფნა ყოველდღიურად. ყველას სხვადასხვა მიზეზი გვაქვს გასაბრაზებლად, მაგრამ ემოცია ყველას აკითხავს ხოლმე,“- აღნიშნულ საკითხზე თიკა ფაცაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად