Baby Bag

9 წინასაქორწინო მოლოდინი, რომელიც ცოლ-ქმრის ურთიერთობას ანგრევს

9 წინასაქორწინო მოლოდინი, რომელიც ცოლ-ქმრის ურთიერთობას ანგრევს
ქორწინებაში მყოფ წყვილს ერთმანეთის თანადგომისა და დახმარების უნარი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ცხოვრებისეულ სირთულეებთან შეჯახებისას პარტნიორისგან საჭირო ემოციური მხარდაჭერის მიღების მოლოდინი თუ გაქვთ, ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ქორწინებისგან იმაზე მეტს მოელის, ვიდრე სხვები. როგორც წესი, პარტნიორისადმი გადაჭარბებული მოთხოვნების წამოყენება არარეალისტურია და ოჯახის სიმყარეს მნიშვნელოვნად აზიანებს. ჩვენს სტატიაში ქორწინებაში მყოფი ადამიანების იმ მცდარ მოლოდინებზე გესაუბრებით, რომლებიც წყვილის ურთიერთობას ანგრევს.
1. მოლოდინი, რომ თქვენი მეუღლე თქვენსა და თქვენს დედამთილს შორის არჩევანს თქვენს სასარგებლოდ გააკეთებს
დედამთილთან პრობლემები თუ შეგექმნებათ, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მეუღლე რიგ შემთხვევებში მას თქვენზე წინ აყენებს. არ აქვს მნიშვნელობა რა ხასიათის დაპირისპირება გექნებათ დედამთილთან, მასთან ურთიერთობის დალაგება აუცილებლად უნდა სცადოთ. პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის ამქვეყნად მოვლინება მისი დამსახურებაა. თუ მეუღლესთან იმის გამო იჩხუბებთ, რომ თქვენს დედამთილს თქვენთან ერთად მგზავრობისას თავისი შვილის გვერდით სურს ჯდომა და თქვენს ადგილს იკავებს, ამით ქმარს გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებთ. სავარაუდოდ, ის თქვენს ნეგატიურ რეაქციას უარყოფითად შეაფასებს და მსგავსი წვრილმანის გამო წამოწყებული ჩხუბი, შესაძლოა, თქვენს ურთიერთობებზე უკიდურესად ნეგატიურად აისახოს. დედამთილის საქციელი თუ აღგაშფოთებთ, დაუფიქრებლად ნუ მოიქცევით. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, კარგად დაფიქრდით. მისთვის ადგილის დათმობა სასიკვდილო ზიანს ნამდვილად არ მოგაყენებთ. შესაძლოა, კონკრეტულ ვითარებაში თავი ძალიან დამცირებულად იგრძნოთ, მაგრამ დედამთილის თანდასწრებით ქმართან კამათს ნუ წამოიწყებთ. ეცადეთ, თქვენი უკმაყოფილება მოგვიანებით გამოხატოთ, როდესაც მეუღლესთან განმარტოვდებით. თუ მას თქვენს განცდებზე მშვიდად დაელაპარაკებით, გამოსავალს ერთად აუცილებლად მიაგნებთ.
2. მოლოდინი, რომ თქვენი ქმარი ნებისმიერ საკითხზე საუბრისას ისეთივე ინტერესით მოგისმენთ, როგორც ამას თქვენი მეგობარი გოგო აკეთებს
ცხადია, სერიოზულ საკითხებზე საუბრისას თქვენმა მეუღლემ მთელი ყურადღებით უნდა მოგისმინოთ, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც საუბრის განწყობა გექნებათ, თქვენი ქმარი თქვენს მოსმენას ვერ შეძლებს და ამ ფაქტს უნდა შეეგუოთ. მამაკაცებსა და ქალბატონებს კომუნიკაციის განსხვავებული უნარები აქვთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლები საუბარს ძირითადად პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით იწყებენ, ქალბატონებს კი საუბრის საშუალებით პარტნიორთან ძლიერი ემოციური კავშირის დამყარება სურთ. თუ თქვენს მეუღლესთან საუბარს მხოლოდ იმ მიზნით იწყებთ, რომ გონება ზედმეტი აზრებისგან გაითავისუფლოთ და ყველაფერი ამოთქვათ, რაც ენაზე მოგადგებათ, შესაძლოა, მისი დაინტერესება ვერ შეძლოთ. მსგავს შემთხვევაში აჯობებს დახმარებისთვის თქვენს მდედრობითი სქესის მეგობარს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მეუღლეს თავს უხერხულად და უსარგებლოდ აგრძნობინებთ, რადგან ის საუბარში ვერ აგყვებათ. თავად კი გული გეტკინებათ, რადგან იგრძნობთ, რომ ინტერესითა და ყურადღებით არ გისმენენ.
3. მოლოდინი, რომ თქვენი მეუღლე სხვა ქალს ვერასდროს შეამჩნევს
ქალბატონებო, მეტი გულახდილობა გამოიჩინეთ და აღიარეთ, რომ კაფეში შემოსულ სიმპათიურ მამაკაცს ძალიან კარგად ამჩნევთ და არც დარბაზში მოვარჯიშე დაკუნთული ათლეტები გეპარებათ თვალთახედვის არიდან. იმ მომხიბლავ მამაკაცზე რას იტყვით, ქუჩაში ახლახანს რომ გაგცდათ?! დაქორწინება მხედველობის უნარს არ გიქვეითებთ. თქვენ სილამაზეს ძველებურად კარგად აღიქვამთ და მისით აღფრთოვანების უნარიც შეგწევთ. როდესაც ხედავთ, რომ სიმპათიური მამაკაცების შემჩნევა ძველებურად შეგიძლიათ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ თქვენი მეუღლე ლამაზ ქალს ვერ შეამჩნევს. მშვენიერი ქალბატონისკენ თვალის გაქცევა სავსებით ბუნებრივი ქცევაა და მსგავსი საქციელი მეუღლეს არაჯანსაღ ქმედებაში არ უნდა ჩაუთვალოთ. ცხადია, თუ თქვენი ქმარი ლამაზ ქალბატონებს ეფლირტავება, მათი ტელეფონის ნომრის გაგებას ცდილობს და გღალატობთ, მსგავსი საქციელის პატიება წარმოუდგენელია. თუმცა მშვენიერი ქალისკენ მიპყრობილი მზერის გამო მასზე გაბრაზება ნამდვილად არ ღირს.
4. მოთხოვნა, რომ თქვენმა მეუღლემ საკუთარ მისწრაფებებზე უარი თქვას
სავარაუდოდ, თქვენი მეუღლის სურვილები და ინტერესები ურთიერთობის დასაწყისში თქვენ ძალიან გხიბლავდათ. დაქორწინების შემდეგ მას საკუთარი მისწრაფებების განხორციელებაში ხელი არ უნდა შეუშალოთ. ნუ შეზღუდავთ მის თავისუფალ ნებას. მეუღლეს არ უნდა გაუბრაზდეთ, თუ ის თავისი მიზნების რეალობად ქცევისთვის დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს. როდესაც მამაკაცი თავის სამსახურს ან სამოყვარულო საქმიანობას სერიოზულ ყურადღებას აქცევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის ოჯახი უმნიშვნელოა. ის უბრალოდ ცდილობს ბედნიერი იყოს. ცხადია, მან იდეალური ბალანსის დაცვაზე უნდა იზრუნოს. მისმა მისწრაფებებმა ოჯახური გეგმების ჩაშლა არ უნდა გამოიწვიოს. თუ საოჯახო სადილების ან შეკრებების გამართვას ყოველთვის უპრობლემოდ ახერხებთ, თქვენს მეუღლეს თავისი მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შეუშალოთ.
5. მოლოდინი, რომ თქვენი მეუღლე შეიცვლება
ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ, შესაძლოა, თქვენ არაერთხელ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: „რატომ გავყევი ცოლად ამ ადამიანს?“ თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ როდესაც თქვენი მეუღლის გარკვეული თვისებები არ მოგწონთ, მისი ხასიათის სხვა თავისებურებებით დღემდე აღფრთოვანებული ხართ. თქვენ ვერ იტანთ, რომ ის გამუდმებით იგვიანებს და შეხვედრაზე დათქმულ დროს არასდროს მოდის, მაგრამ მისი სპონტანურობა უსაზღვროდ გხიბლავთ. ადამიანებს ყოველთვის აქვთ ხასიათის უარყოფითი და დადებითი თვისებები, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. სადილზე ათი წუთით დაგვიანების გამო არ უნდა ჩათვალოთ, რომ მეუღლეში არ გაგიმართლათ. თუ პრობლემის მოგვარება ნამდვილად გსურთ, თქვენს მეუღლეს აუხსენით, რომ ოჯახის წინაშე თითოეულ თქვენგანს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა გმართებთ. როდესაც მასთან მშვიდად ისაუბრებთ, ის იგრძნობს, რომ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას აძლევთ. თუ პირდაპირ ჩხუბზე გადახვალთ, მას თქვენი გაგება გაუჭირდება და ჩათვლის, რომ უსამართლოდ საყვედურობთ.
6. სურვილი, რომ თქვენი მეუღლე საუკეთესო მეგობრებს ჩამოშორდეს
მამაკაცებს ყოველთვის ჰყავთ ერთი საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც ძალიან დიდ დროს ატარებენ. შესაძლოა, შეყვარებულობის დროიდანვე თქვენი მეუღლის მეგობრის მიმართ განსაკუთრებული აგრესია გქონდათ და ფიქრობდით, რომ ქორწინება ყველაფერს შეცვლიდა. ახლა კი ხედავთ, რომ თქვენი მეუღლე მასთან კვლავ ძალიან დიდ დროს ატარებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნის წინ დაქორწინდით, თქვენს ქმარს (ისევე როგორც თქვენ) მეგობრებთან ურთიერთობა აუცილებლად სჭრიდება. თუ მას თავის უახლოეს მეგობართან დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას არ მისცემთ, ის თავს უბედურად იგრძნობს, შემდეგ კი ამაში თქვენ დაგადანაშაულებთ. თქვენს მეუღლეს მეგობართან ურთიერთობა არც მაშინ უნდა შეუზღუდოთ, თუ მისი მეგობარი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ცხადია, თუ ურთიერთობა მეგობრულ საზღვრებს არ სცდება. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი მეუღლის მეგობარი ქალბატონი მის ცდუნებას ცდილობს, შეგიძლიათ, ქმარს მასთან სამუდამოდ დამშვიდობება თამამად მოთხოვოთ. თუ თქვენს მეუღლეს რომელიმე მდედრობითი სქესის წარმომადგენელთან ჭეშმარიტი მეგობრობა აკავშირებს, მათი ურთიერთობა არ უნდა შეზღუდოთ.
7. მოლოდინი, რომ მას თქვენი ურთიერთობის ყველა დეტალი ახსოვს
ქალბატონებს ურთიერთობის დეტალები გაცილებით უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე მამაკაცებს. თუ თქვენ ზუსტად იცით, სად იყავით და რას აკეთებდით, როდესაც მიხვდით, რომ თქვენი მომავალი მეუღლე გიყვარდათ, შესაძლოა, მას მხოლოდ თავისი იმჟამინდელი შეგრძნებები ახსოვდეს. სავარაუდოდ, თქვენ კარგად გემახსოვრებათ თქვენი ნიშნობის ადგილი და თარიღი, მეუღლემ კი, შესაძლოა, მხოლოდ ადგილი დაიმახსოვროს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის სათანადოდ ძვირფასი არ ხართ. მამაკაცების და ქალბატონების ტვინი განსხვავებულად არის მოწყობილი. ქალბატონები ემოციურ წუთებს გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ, ვიდრე მამაკაცები. თუ თქვენთვის მოგონებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამის შესახებ მეუღლეს აუცილებლად დაელაპარაკეთ. ნუ გაკიცხავთ და ნუ დაამცირებთ თქვენს ქმარს იმის გამო, რომ მას რაღაც დაავიწყდა. ეცადეთ ყველაფერი ცივილიზებულად და მშვიდად აუხსნათ. გულახდილობა ყოველთვის პროდუქტიულია. თუ საკუთარ განცდებს დამალავთ, თქვენი მეუღლე თქვენს შინაგან მდგომარეობას დამოუკიდებლად ვერ ჩაწვდება, რაც კონფლიქტს მეტად გააღრმავებს.
8. სურვილი, რომ მეუღლემ ყველა თქვენი ინტერესი გაიზიაროს
შესაძლოა, მეუღლე კინოში გამოგყვეთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გსურთ. თუ შეამჩნევთ, რომ მას ფილმი არ აინტერესებს, თქვენთან ერთად კინოში სიარულს ნუღარ მოთხოვთ. თქვენს ქმარს თქვენი მონატრების საშუალება უნდა მისცეთ. მარტოობაში ის უკეთ გააცნობიერებს, რამდენად გაფასებთ. როდესაც მეუღლეები თავიანთი მისწრაფებების განხორციელებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახერხებენ, მათი კავშირი მყარდება. დამოუკიდებელი აქტივობები თქვენ ზრდის, განვითარებისა და თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობას გაძლევთ.
9. სურვილი, რომ ურთიერთობაში ზრდასრულის როლი ყოველთვის თქვენმა მეუღლემ შეასრულოს

ყოველთვის ზრდასრულივით არავინ იქცევა, მაგრამ თუ თქვენ ბავშვურ ქცევას იმაზე ხშირად ავლენთ, ვიდრე საჭიროა, თქვენს მეუღლეს გამუდმებით ზრდასრულის როლის მორგებას აიძულებთ. თუ ბრაზს გაბუტვით გამოხატავთ ან მეტისმეტად აგრესიული ხართ, თქვენ ბავშვივით იქცევით. მსგავსი საქციელით თქვენ ნეგატიურ წრეს ქმნით, რომელიც ბრაზისა და აგრესიის დაგროვებას უწყობს ხელს. თუ თვლით, რომ თქვენმა მეუღლემ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, თქვენი გრძნობები ღიად გამოხატეთ. პასიური ნუ იქნებით და მათ დამალვას ნუ ეცდებით, ნურც მეტისმეტ აგრესიას გამოავლენთ. უმჯობესია, მეუღლეს გულახდილად დაელაპარაკოთ და უთხრათ, რომ მისი უყურადღებობა გულს გტკენთ, რადგან ფიქრობთ, რომ თქვენი აზრის მოსმენა მისთვის საინტერესო არ არის. თქვენი შეხედულება ყოველთვის სრულფასოვნად გამოთქვით. მსგავსი დამოკიდებულით ჯანსაღი საუბრის წამოწყებას მარტივად შეძლებთ.

​მომზადებულია ​www.womansday.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

ცნობილი ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ბებო“ მარტო დარჩენილი და ყველასგან დავიწყებული ბებოს სევდიან ისტორიას გვიყვება, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. მწერლის მთავარი სათქმელი კი შემდეგია: „გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.


ბებო

***

ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში.

მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა.

გზას გასათიბი ბალახი და შამბი მოსდებოდა, აღარც კი ეტყობოდა წესიერად. დილით, ანდა ნისლიანში რომ მოგენდომებინა გავლა ამ გზით, ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასველდებოდი.

ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა ნისლიან ამინდში. რამდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდა გზაზე. თან ჯოხით ცვარიან ბალახს ბერტყავდა, რომ „ქალაქელები“ არ ჩაელპო (ასე ეძახდა თავის შვილებს).

სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა წინასწარ. სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ. დილაუთენია კი, როგორც კი მამალი საგათენებლო ზარს მორთავდა, იმ წუთში ლოგინიდან წამოდგებოდა ბებო, შვილიშვილებისათვის საგულდაგულოდ ჭინჭრის ფოთლებში გახვეულ სახინკლე ხორცს კარგად გარეცხავდა, მამამთილისეული ხანჯლით წვრილად დაკეპავდა და სოფელში გავიდოდა, ერთი-ორი მასავით ბებერი კიდევ იყო ამ სოფელში. იმათთან ყვებოდა ბებო თავის წუხანდელ სიზმარს.

– დღეს აუცილებლად ვინმე მოგივა, – ეუბნებოდნენ ისინი.

ბებოც მოელოდა.

– შემოგევლოთ თქვენი ბებო, თქვე მამაძაღლებო, თქვენა, ეგრე უნდა ბებოს დავიწყება, რო ერთმა აღარ მომხედეთ.

„ქალაქელებს“ რა ყურს უგდებთ, დასხედით მანქანაზე და წამოდით. არ გიშვებენ განა? მოიცადეთ, ერთი აქ ამოვიდნენ, როგორ მივტყიპო ეგენი, რომ თქვენი თავი დამანატრეს – შვილიშვილების სურათებს ეალერსებოდა ბებო.

ამაოდ გაჰყურებდა სოფლის გზას.

ამაოდ იჩრდილავდა თვალებზე ჩამომჭკნარ ხელს.

ბინდდებოდა.

გულმოკლული ბებო ხინკალს ახვევდა. თვითონ ისე შეკვროდა მოლოდინით გული, ლუკმასაც ვერ შეჭამდა, მაგრამ ამდენ ხანს ნალოლიავებელ ხინკლის გულს ისე ხომ არ გააფუჭებდა. ზაფხულობით იმათ მთებში ცხვრის ფარები იდგა და სახინკლე ხორცს ხან რომელი მწყემსი უწყალობებდა ბებოს, ხან – რომელი.

დუღდა ხინკლიანი ქვაბი.

ნაღველი დუღდა ბებოს გულში.

მერე ხონჩაზე ამოყრილ ხინკლებს ორთქლი ასდიოდა.

მთელი სოფელი იმ ერთ პატარა ხონჩას შემოსხდომოდა და მაინც, კიდევ იყო სტუმრისთვის ადგილი დარჩენილი.

ბებოს ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში – წყლით სავსე ჭიქა. რომელსაც სუფრის თავზე წაღმა ატრიალებდა და ილოცებოდა:

– ღმერთმა მოიხსენოს, ვისი სულიც ამ სუფრას შემოსტრიალებდეს, ამ სახის დაკლებულებისაც და ყოველი ქრისტიანისა, ვისაც ხინკალი უყვარდა, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. იმათ სულის სალხინო იყოს ეს სუფრა. იმათი სული ნათელში ამყოფოს მაღალმა ღმერთმა.

– ამინ!

– ამინ! – დასტურს იძლეოდნენ მეზობლები.

ბებო ჩქარ-ჩქარა გადიოდა გარეთ და ღამეს აყურადებდა.

მოსვლით კი მაინც არავინ მოდიოდა.

ნელ-ნელა იწურებოდა ზაფხული.

ძლივს თიბავდა ბებო ბალახს.

მხარი სტკიოდა.

მუხლებშიც ძალა აღარ ედგა.

მალ-მალე ჩაიხვეოდა ხოლმე სათიბში და ძალას იკრებდა.

შემოდგომა რომ დადგა, ტყეში გავიდა. შვილიშვილებისათვის თხილს და ძახველს კრეფდა.

იმ წელს თბილი შემოდგომა იყო.

ოქტომბრის ბოლოს აურია ცოტა.

ბებო შეაშფოთა ამინდის გაჭირვეულებამ, საზამთრო შეშაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე შვილების მოუსვლელობაზე კი არ დარდობს იმდენად, ალბათ ვინმეს რამე უჭირსო, ის უხეთქავდა გულს.

– სად წავიდე, როგორ წავიდე, რო ესეთი საპყარი ვარ და ქალაქის გზაც არ ვიცი, – მეზობლებს შესჩიოდა ბებო.

დამოკლდა დღე და გაგრძელდა უძილო ღამეები.

ზამთრის სუნი დატრიალდა ჰაერში.

მუხლები აუკანკალდა ბებოს.

უშეშოდ დარჩენილს ზამთრის მოახლოების შეეშინდა.

ჯერ კი მაინც იმედი ჰქონდა.

გზას გაჰყურებდა.

ის დღეც მოლოდინში დაღამდა.

ღამე უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა.

დილით კი …

იმ ღამით ისეთი თოვლი მოსულიყო, სოფელში მისასვლელი გზაც კი აღარ ჩანდა. წყარომდე ძლივს გარეკეს იმ დღეს საქონელი.

უშეშოდ დარჩა ბებო.

დარჩა ზეცისა და მიწის ანაბარა.

მიწაც თოვლით იყო დაფარული.

თოვდა.

გამოდარებას არ აპირებდა.

თითქმის ორ კვირამდე ითოვა ასე.

მეზობლების მიმოსვლა შეწყდა.

საქონელს თოვლს უდნობდნენ და იმას ასმევდნენ. წყაროსაკენ გზის გამკვალავი აღარავინ იყო, თანაც ზვავისა ეშინოდათ. იმხელა თოვლი იყო, კაცმა არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ზვავი. ბებო აქა-იქ ეძებდა შეშის ნარჩენებს და იმით ანთებდა ცეცხლს, ცეცხლს, რომ როგორმე გაედნო თოვლი.

ღამღამობით საშინელ სიზმრებს ხედავდა: გარდაცვლილი მეუღლე ეპატიჟებოდა თავისთან. ბებო უარობდა, შვილიშვილების უნახავად როგორ წამოვიდე, კაცო, რა გულმა უნდა გამიძლოს სამარეში, იმათი რომ ვერა ვიცი და ისე წამოვიდეო.

ციოდა. შიგნიდანაც შეჭირხლული იყო სახლის კედლები.

რომ გამოიდარა, მზე გამოჩნდა.

ცოტა დათბა.

აგუგუნდნენ ზვავები.

ბებო მყუდროში იჯდა და თავის დამჭკნარ ხელებს დაჰყურებდა.

ფიქრობდა.

ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა.

იქნებ შვილებზე.

იქნებ ქმარზე.

იქნებ რომელიმე დღე ახსენდებოდა თავის ბალღობიდან.

იქნება სულაც სხვა რამეზე ფიქრობდა ბებო, მაგრამ რაზეც არ უნდა ფიქრობდნენ სიბერეში ბებოები, შვილიშვილების სახე მაინც ერთთავად თვალწინ უდგათ.

ჰოდა ფიქრობდა ბებო.

დღე კი ილეოდა.

ბებომ საღამოს საქონელს თივა დაუყარა და რაკი ცეცხლი ვერაფრით დაანთო, ლოგინში ჩაწვა.

ჩაეძინა.

შუაღამისას რაღაც საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა.

ტორტმანებდა მიწა და სახლის მინებს ზრიალი გაჰქონდა.

ლოგინში წამომჯდარი ბებო პირჯვარს იწერდა.

ბნელი ღამე იყო და ფანჯარაში არაფერი ჩანდა.

მიწისძვრას დააბრალა ბებომ ეს ამბავი.

ცოტა ხანში გარემო ჩაჩუმდა.

დაწყნარდა სახლი.

ისევ ჩასთვლიმა ბებოს.

დილით მამალმა გააღვიძა.

ბებომ თვალები გაახილა და ყური მიუგდო. იქვე, სახლის ეზოში ყიოდა მამალი.

– მელამა კი არ გამიწყვიტოს ქათმები – ლოგინიდან წამოდგა ბებო და გარეთ გაიხედა.

გაოცებისგან კარგა ხანს ერთ ადგილას იდგა: მის ეზოში უზარმაზარი წიფლის ხე მოეტანა ზვავს და მის კენწეროზე მამალი ყიოდა. დანარჩენი ქათმები წიფლის ტოტებზე ისხდნენ აქა-იქ. ეტყობა, ზვავის ქარს საქათმე მოეგლიჯა და უსახლკაროდ დარჩენილ მამალს ამ წიფლის ხეზე შეეხიზნა თავისი ოჯახი მელიის შიშით.

ბებო გაოცებას ვერ ფარავდა: ამდენი ხანი ამ სოფელში, ცხოვრობდა და არასოდეს ენახა აქ ზვავი.

მამალი კი ისე ხმამაღლა და ლაღად გაჰკიოდა, თითქოს თავისი დღე და მოსწრება იმ წიფლის კენწეროზე ჰქონდა გატარებული.

ბებომ საკენკი დაუყარა ქათმებს და ისინიც რიგ-რიგობით ჩამოფრინდნენ ძირს.

მარტო მამალი არ ჩამოვიდა.

მზის ამოსვლამდე იჯდა წიფლის კენწეროზე და ყიოდა.

რაღაცა უხაროდა ბებოს.

რა, თვითონაც არ იცოდა და ის-ის იყო ძროხების გამოშვება დააპირა მზეზე, რომ უცებ სახეგაბრწყინებული მიაჩერდა ეზოს კარებს.

ეზოში ხმაურით შემოვიდა მისი ოთხივე ბიჭი.

ასეთი დიდი სიხარულის განცდა ბებოს არასოდეს არ ჰქონია.

მამალი კი ხის კენწეროზე იჯდა და ისე გადმოჰყურებდა ეზო-გარემოს, როგორც ერთადერთი მბრძანებელი თავის სამეფოსი. მხოლოდ მაშინღა იკადრა ძირს ჩამოსვლა, როცა ბიჭებმა ქურქები გაიხადეს და მოსაჭრელად მიადგნენ წიფელს.

რაღაცით სჯობდა ის დღე მოლოდინით ფერმკრთალ დღეებს.

***

– მე რა მინდოდა?

– გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.

წაიკითხეთ სრულად