Baby Bag

დაქორწინებულ წყვილებს უთანხმოებები ძირითადად გადაჭარბებული მოდოდინების გამო აქვთ - რატომ არის ქორწინების პირველი წელი რთული?

დაქორწინებულ წყვილებს უთანხმოებები ძირითადად გადაჭარბებული მოდოდინების გამო აქვთ - რატომ არის ქორწინების პირველი წელი რთული?
დაოჯახებული წყვილები კარგად აცნობიერებენ, რომ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად ყოფნა მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ცოლ-ქმარს შორის სამუდამო კავშირს გულისხმობს, დაოჯახებიდან ერთი წლის მანძილზე წყვილს ურთიერთობა საკმაოდ უჭირს. ახალდაქორწინებულები ერთმანეთს უკეთ ეცნობიან და თანაცხოვრებას ნელ-ნელა სწავლობენ.

ურთიერთობის სიმყარისთვის აუცილებელი ნდობა და ურთიერთგაგება ახალბედა ცოლ-ქმარს ნაკლებად აქვს. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ქორწინების პირველ წელს მეუღლესთან ურთიერთობა გეძაბებათ? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახის სიმყარის შენარჩუნება შეძლოთ? ჩვენს სტატიაში აღნიშნული პრობლემების დასაძლევად საინტერესო რჩევებსა და სტრატეგიებს შემოგთავაზებთ.
რატომ არის ქორწინების პირველი წელი რთული?
ქორწინების პირველი წელი საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან თქვენ სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრებას იწყებთ, მის გემოვნებას, მოლოდინებს, ჩვევებსა და თავისებურებებს ეცნობით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ თქვენს მეორე ნახევართან, ქორწინება ყველაფერს ცვლის და ნებისმიერი ადამიანისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მცირედი მოთმინება, ურთიერთგაგება და ბევრი სიყვარული თქვენი ოჯახური თანაცხოვრების პირველ წელს დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.
რა სახის პრობლემები იჩენს თავს ქორწინების პირველ წელს?
ქორწინების პირველი წელი ბევრ პრობლემასთან შეჯახებას გაიძულებთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავს ყოველთვის უბედურად იგრძნობთ და თქვენს მეორე ნახევართან ერთად ბედნიერი წუთები არ გექნებათ. მთავარია, უსიამოვნებებისთვის წინასწარ იყოთ მზად, რადგან პირველი წელი პრობლემების გარეშე ვერ ჩაივლის. ქვემოთ იმ სავარაუდო სირთულეებზე გესაუბრებით, რომელთა გადალახვაც ქორწინების პირველ წელს მოგიწევთ.
• დაუსრულებელი კონფლიქტები: თქვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ ეჩვევით, რის გამოც კონფლიქტები ძალიან ხშირად გაქვთ. შესაძლოა, ისეთი ტრივიალური საკითხების გამო იკამათოთ, როგორიცაა მოუწესრიგებელი სამზარეულო ან აბაზანა. ნებისმიერი უთანხმოების დროს ეცადეთ, რომ კონფლიქტი არ გააღრმავოთ. ღრმად ისუნთქეთ და ემოციები აკონტროლეთ. მეუღლეებიდან ერთ-ერთი მათგანი დათმობაზე აუცილებლად უნდა წავიდეს.
• რომანტიკის ნაკლებობა: შესაძლოა, თქვენს მეუღლეს გრძნობების ღიად გამომჟღავნება ერიდება ან უბრალოდ არ არის რომანტიკული ბუნების ადამიანი. რომანტიკის ნაკლებობამ, შესაძლოა, სასოწარკვეთაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მეტისმეტად ნუ ინერვიულებთ. უმჯობესია, თქვენს მეუღლეს გულახდილად გაესაუბროთ.
• ეგოისტური ქცევა: ქორწინებაში მყოფი ადამიანებიდან ერთ-ერთი, შესაძლოა, ხშირად ავლენდეს ეგოისტურ ქცევებს და ამით მეორე ნახევარს გულს ტკენდეს. მსგავს შემთხვევაში წყვილმა მეტი გახსნილობა უნდა გამოავლინოს. აუცილებლად ესაუბრეთ თქვენს მეუღლეს, თუ მისი ქცევა არ მოგწონთ.
• ფინანსური არასტაბილურობა: ქორწინებაში მყოფი წყვილისთვის სტრესის ერთ-ერთი გამომწვევი ფინანსური პრობლემებია. შესაძლოა, თქვენს მეუღლეს დაოჯახებამდე ბევრი ვალი ჰქონდა, რაც თქვენს ოჯახს მძიმე ტვირთად აწევს.
• დამოკიდებულების სხვადასხვა ფორმა: ნებისმიერი სახის დამოკიდებულება (ნარკოდამოკიდებულება, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი და ა.შ.) ურთიერთობისთვის დამანგრეველია და მისგან გათავისუფლება წარმოუდგენელ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
• ოჯახური ძალადობა: ოჯახური ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ განაცხადეთ თქვენზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. არავის მისცეთ უფლება დაგაზიანოთ ან ტკივილი მოგაყენოთ.
• არარეალისტური მოლოდინები: თუ მეუღლისგან გრძნობთ, რომ მას თქვენდამი არარეალისტური მოლოდინები აქვს ან თქვენ გაქვთ მისდამი მსგავსი დამოკიდებულება, ე.ი. ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები გექნებათ.
• ერთად მცირე დროის გატარება: მეუღლეებმა ქორწინების პირველ წელს ერთად დიდი დრო უნდა გაატარონ, რათა ერთმანეთის უკეთ გაცნობა შეძლონ. სხვაგვარად პრობლემებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდებათ.
რა უნდა გაააკეთოთ სირთულეების თავიდან ასაცილებლად?
კარგი ქორწინება იდეალური წყვილის თანაცხოვრებას არ გულისხმობს. ქორწინება წარმატებულია მაშინ, როდესაც ორი არასრულყოფილი ადამიანი, მიუხედავად მათ შორის არსებული უამრავი განსხვავებისა, ერთად ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას სწავლობს. ქორწინების პირველ წელს ზედმეტი უსიამოვნებებისგან თავის დასაღწევად შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
• ესაუბრეთ პარტნიორს ფინანსური საკითხების შესახებ
ოჯახის ფინანსური მდგომარეობა თქვენს მეუღლესთან ერთად შეაფასეთ და გააანალიზეთ. თუ მხოლოდ თქვენი მეუღლე მუშაობს, ფინანსები რაციონალურად გადაანაწილეთ და თანხების ფლანგვას ერიდეთ. წინდაუხედაობას თუ გამოავლენთ, შესაძლოა, თვის ბოლოს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტების ტვირთი გაწევთ ან თქვენი გასავალი შემოსავალს მეტისმეტად აღემატება, მეუღლესთან ერთად სამომავლო გეგმებზე ხშირად უნდა ისაუბროთ. არასტაბილური სამსახური თუ გაქვთ, აღნიშნული პრობლემა აუცილებლად უნდა გადაჭრათ, რათა ოჯახის სიმყარეს საფრთხე არ შეუქმნათ.
• დაგეგმეთ ორსულობა
ოჯახში ბავშვის დაბადება ნამდვილი დღესასწაულია, თუმცა მის აღზრდას და მოვლას უდიდესი პასუხიმსგებლობა და მატერიალური რესურსი ესაჭიროება. ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებლად მოაგვარეთ შემდეგი საკითხები: გადახედეთ თქვენს კარიერულ გეგმებს, გადაამოწმეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, გაარკვიეთ, რამდენად უჭერენ ოჯახის წევრები თქვენს გადაწყვეტილებას მხარს და რა სახის დახმარებას მიიღებთ მათგან ბავშვის გაჩენის შემთხვევაში. ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაამოწმეთ, რათა შესაძლო გართულებების თავიდან აცილება შეძლოთ.
• თქვენს მოლოდინებზე ხმამაღლა ისაუბრეთ
დაქორწინებულ წყვილებს უთანხმოებები ძირითადად გადაჭარებული მოდოდინების გამო აქვთ. თუ თქვენი მეუღლე თქვენგან იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე შეგიძლიათ, ურთიერთობის სიმყარეს სერიოზული საფრთხე ექმნება. აუცილებლად ისაუბრეთ გულახდილად, თუ რას ელით თქვენი ქორწინებისგან. თქვენი მოლოდინები მეუღლისგან არ უნდა დამალოთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად თქვენი სურვილების შესახებ ნათელი წარმოდგენები უნდა შეიქმნათ.
• ისწავლეთ ჟესტების ენა
ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის მეუღლის მხრიდან გამოვლენილ სითბოსა და ყურადღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა ჟესტის გამოყენებით თქვენს პარტნიორს ხშირად აგრძნობინეთ, რომ მისით აღფრთოვანებული ხართ. დაეხმარეთ მეუღლეს საოჯახო საქმეების შესრულებაში და ნებისმიერი მისი წამოწყება წაახალისეთ.
• გამოხატეთ მეუღლისადმი პატივისცემა და პასუხისმგებლობის გრძნობას ნუ დაივიწყებთ
ქორწინების სიმყარის შენარჩუნება თუ გსურთ, ერთმანეთს პატივი უნდა სცეთ. თქვენი მეუღლის ოჯახისადმი ყურადღებიანი და თბილი უნდა იყოთ. მისგანაც ამავეს უნდა ითხოვდეთ. როდესაც მეუღლესთან რაიმე საიკთხზე ვერ თანხმდებით, თქვენი შეხედულება მშვიდად გამოთქვით და თქვენი სიტყვებით მეუღლეს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ. აუცილებლად აიღეთ პასუხიმსგებლობა თქვენს ქმედებებზე.
• თავს თქვენს მეუღლეზე მაღლა ნუ დააყენებთ
ქორწინება ორი თანასწორუფლებიანი ადამიანის თანაცხოვრებას გულისხმობს. არც თქვენ და არც თქვენი მეუღლე არ უნდა თვლიდეთ, რომ განსაკუთრებული ხართ და თქვენს პარტნიორს ბევრად აღემატებით. დააფასეთ თქვენი მეორე ნახევარი და მის შეხედულებებს პატივი ეცით.
• ეცადეთ, თქვენი მეუღლისთვის ძლიერ საყრდენად იქცეთ
ქორწინების პირველი წელი ნებისიერი ადამიანისთვის ტრანზიტული წელია, როდესაც მას გრანდიოზულ ცვლილებებთან უხდება შეგუება. მეუღლის მიმართ მომთმენი, მშვიდი და მოსიყვარულე უნდა იყოთ. მას ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროთ და მისი მხარდაჭერა არასდროს დაგავწიყდეთ. ცოლი და ქმარი ერთმანეთისთვის ძლიერ დასაყრდენად უნდა იქცნენ.
• წყენას გულში ნუ ჩაიდებთ
თქვენი მეუღლის კარგი ან ცუდი საქციელების დათვლა და მათი სამუდამოდ დამახსოვრება ძალიან ცუდი ჩვევაა. მსგავსი დამოკიდებულება თქვენს ურთიერთობას სარგებელს ვერ მოუტანს და თქვენს ქორწინებას სერიოზულად დააზიანებს.
• იზრუნეთ ურთიერთობის განვითარებაზე
მეუღლესთან ერთად დიდი დრო გაატარეთ და დეტალებს ყურადღება მიაქციეთ. თქვენს მეორე ნახევარს რთული პერიოდებისას კომფორტი უნდა შეუქმნათ და აგრძნობინოთ, რომ ნებისმიერი გასაჭირის დროს მის გვერდით იქნებით. თქვენი მეუღლე თქვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს და მასთან ურთიერთობა უდიდეს ბედნიერებას უნდა განიჭებდეთ.
• გამონახეთ დრო მეტი კომუნიკაციისთვის
მეუღლესთან ბევრი ისაუბრეთ, გამოხატეთ თქვენი გრძნობები და შეხედულებები. თუ მყარი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, თქვენს მეუღლესთან ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად საუბარი უნდა შეგეძლოთ. თქვენს შორის საზღვრები და ბარიერები არ უნდა არსებობდეს. საუბარი საუკეთესო თერაპიაა, რომელიც ურთიერთობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ.
• მიეცით ერთმანეთს თავისუფალი დრო
მართალია, პარტნიორთან დროის გატარება მნიშვნელოვანია, მაგრამ მას თავისუფალი დრო და სივრცეც აუცილებლად უნდა მისცეთ. შესაძლოა, თქვენს მეუღლეს განმარტოვება და დაფიქრება სჭირდება. მას ამის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიეცეს. დაეხმარეთ თქვენს მეუღლეს იცხოვროს ისე, როგორც სურს.

ქორწინებაში სირთულეები საკმაოდ ხშირია. თუ თქვენ ბევრი პრობლემა დაგიგროვდათ და მათ გადაჭრას დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებთ, დახმარებისთვის ისეთ ფსიქოლოგს მიმართეთ, რომელიც წყვილებთან მუშაობს. თქვენი უარყოფითი გამოცდილებიდან სწავლა უნდა შეგეძლოთ. შეცდომებს ნუ გაიმეორებთ. ქორწინების პირველ წელთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა არც ისე რთულია. არ დაივიწყოთ, რომ ნებისმიერ უმნიშვნელო ნაბიჯს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.
მომზადებულია ​www.momjunction.com-ის მიხედვით
თარგნმა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგჯერ ბებიებს ეშინიათ, რომ მშობლები ბავშვის აღზრდას თავს ვერ გაართმევენ, თუმცა მშობელი ყოველთვის ართმევს თავს, თუკი დავაცდით,“- ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბავშვის ცხოვრებაში ბებიებისა და ბაბუების როლზე საუბრობს:

„ბებიისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ის, რომ მისი მოვალეობა არ არის დისციპლინა. თუ მშობლები არ არიან ადგილზე და ბებოს უწევს დედის როლის შესრულება, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვაგვარადაა. მსგავს შემთხვევაში წესრიგის შეთავაზებაც აუცილებელია და რაღაც როლის შეთავსებაც, რომელიც რეალურად ბუნებრივი როლი არ არის ბებიასთვის. როდესაც მშობლები ადგილზე არიან, მათი კომპეტენციაა ბავშვმა კბილები რამდენჯერ გაიხეხოს, მათი ვალია ბავშვს წესრიგისკენ მოუწოდონ. ამ დროს ბებოს რჩება ყველაზე გემრიელი წილი, მას შეუძლია უბრალოდ დატკბეს ამ საოცრებით. როდესაც ამბობენ, რომ შვილიშვილი შვილზე ტკბილია, ასე იმიტომ არის, რომ ბავშვი შენი შვილისაა, შენ ამ სასწაულს უყურებ და საოცრება ხდება.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, დედას და ბებიას ბავშვის ცხოვრებაში განსხვავებული როლები აქვთ:

„როდესაც დედა ხარ, მეტ რამეზე ღელავ. ფიქრობ, რამდენად სწორად შეარჩიე საკვები, რამდენად სწორად აკეთებ ყველაფერს. ბებოს კი წილად ხვდება მხოლოდ ბედნიერება. თუ ბავშვს მშობლები ცოცხალი ჰყავს, სჯობს ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა ბებიას არ დაეკისროს. საქართველოს რეალობაში ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, რომ ძალიან ნაადრევი ქორწინებაა და ბებიებს ეშინიათ, რომ მშობლები ბავშვის აღზრდას თავს ვერ გაართმევენ, თუმცა მშობელი ყოველთვის ართმევს თავს, თუკი დავაცდით.“

ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ბებიას და ბაბუას მშობლისგან დასჯილი ბავშვის გამოქომაგების და დაცვის მოთხოვნილება აქვთ, რაც ნორმალურია:

„ბავშვს შეუძლია ბებია-ბაბუასთან გაიქცეს და მათ შეაფაროს თავი, როდესაც მშობლები უბრაზდებიან. მე არ ვთვლი, რომ ეს დანაშაულია, რადგან ყველაზე სისხლისმსმელ დამნაშავეებსაც კი ჰყავთ ადვოკატები. შენს პანაკოტას და ფუნთულას რომ გადააფარო ხელი, ამით არაფერი შავდება. როდესაც ბებია და ბაბუა ბავშვს ექომაგებიან, ამით არათნმიმდევრულ აღზრდასთან არ მივდივართ. სტანდარტულ შემთხვევაში ბებია და ბაბუა აღზრდასთან ნაკლებად ასოცირდებიან. ბებია და ბაბუა ბავშვს მხარდაჭერას რომ უცხადებენ, ეს ნორმალურია და აუცილებელიც კია. მსგავსი მოდელი ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება. ჩვენ უნდა გქვონდეს სამყაროს განცდა, როგორც მფარველის, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უნდა ცუდები ვიყოთ, ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც შეგვიფარებს. როდესაც ცხოვრების დიდ ზღვაში გავდივართ, მთელმა სამყარომ რომ ზურგი შეგვაქციოს, ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც ჩვენს გვერდით იქნება. ადამიანი არასდროსაა ბოლომდე მიტოვებული.“

„ბებია და ბაბუა თუ სისტემატურად ერევიან მშობლის და ბავშვის ურთიერთობაში, მაშინ, როდესაც ბავშვი ადგილზე არ იქნება, უფროსებმა ცალკე უნდა მოილაპარაკონ,“ - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.

წაიკითხეთ სრულად