Baby Bag

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. როგორც აღმოჩნდა, დაოჯახებულ ადამიანებს ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადასვლა გაუჭირდათ. ბევრ წყვილს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, ზოგიერთებმა კი ოჯახის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და განქორწინება გადაწყვიტეს.

სახლში ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად გამოკეტვამ, შეიძლება, ყველაზე მყარი ოჯახებიც კი დაანგრიოს. იზოლაციას ფინანსური კრიზისით გამოწვეული სტრესიც ემატება, რაც წყვილების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. თუ თვითიზოლაციაში ხართ და მეუღლესთან კონფლიქტი ხშირად გაქვთ, მარტო არ ხართ. მას შემდეგ, რაც ქვეყნების უმრავლესობა საგანგებო რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, მსოფლიო მასშტაბით განქორწინების მსურველთა რიცხვი იმატებს. ადვოკატები, რომლებიც განქორწინების საკითხებზე მუშაობენ, ღიად აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.

„ფინანსური კრიზისი უთანხმოების მთავარი მიზეზია, ამას ემატება იზოლაციით გამოწვეული სტრესი. მეუღლეები სახლიდან მუშაობენ, განტვირთვას კი ვერ ახერხებენ, ვერ მიდიან კაფეებსა და რესტორნებში, რაც ყველაფერს ართულებს.“ - აცხადებს ცნობილი ავსტრალიელი ადვოკატი ფიონა რეიდი.

ჩინეთში სრული კარანტინის გაუქმების შემდეგ განქორწინებათა რიცხვმა კატასტროფულად მოიმატა. მას შემდეგ, რაც წყვილებმა იზოლაციას თავი დააღწიეს, მათ უდიდეს ნაწილს ერთად ცხოვრების სურვილი აღარ ჰქონდა. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტის თვეში დაფიქსირდა.

მსოფლიო მასშტაბით იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმაც. ჰუნანში, ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ცნობით, განქორწინების მსურველთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ განაცხადის შესატანად ადამიანებს გრძელ რიგებში დგომა უწევდათ.

იზოლაცია განსაკუთრებით რთული იმ ოჯახებისთვის არის, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ. ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. ისინი სწავლას დისტანციურად აგრძელებენ. პატარებიც სტრესულ გარემოში ცხოვრობენ. ოჯახური ძალადობის გაზრდილი რიცხვი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. დაუშვებელია, რომ ბავშვები ან ზრდასრულები მოძალადესთან ერთად იზოლაციაში ხანგრძლივად დარჩნენ.

ადვოკატები მეუღლეებს წინდახედულობისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ განქორწინებამდე კარგად დაფიქრდნენ. მათი თქმით, ბავშვების სურვილები, საჭიროებები და ინტერესები უფროსებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მეუღლეებმა ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომლებიც ოჯახის ყველა წევრისთვის საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება.

ადვოკატების მტკიცებით, წყვილებისთვის განქორწინება საკმაოდ ძვირადღირებული და ამავე დროს სტრესული გამოსავალია. მათი თქმით, პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, კამათი, ჩხუბი და დაძაბულობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ადამიანებმა სირთულეები კატასტროფად არ უნდა აღიქვან. თუ მეუღლესთან ხშირად კამათობთ და ურთიერთობა ჩიხში შედის, უმჯობესია, დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ.

ავსტრალიაში წყვილებისთვის სპეციალური დახმარების ცენტრი შეიქმნა. მეუღლეებს, რომლებსაც რჩევა და თანაგრძნობა სჭირდებათ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლიათ, სადაც მათ პროფესიონალები ეხმარებიან. ადამიანებს კრიზისულ ვითარებაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებთ, რაც ყოველთვის გამართლებული არ არის. უმჯობესია, თუ განქორწინებაზე განაცხადის შეტანამდე კარგად დაფიქრდებით. მსგავსი გადაწყვეტილებები ერთ ღამეში არ უნდა მიიღოთ. 

მომზადებულია ​thenewdaily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად