Baby Bag

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. როგორც აღმოჩნდა, დაოჯახებულ ადამიანებს ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადასვლა გაუჭირდათ. ბევრ წყვილს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, ზოგიერთებმა კი ოჯახის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და განქორწინება გადაწყვიტეს.

სახლში ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად გამოკეტვამ, შეიძლება, ყველაზე მყარი ოჯახებიც კი დაანგრიოს. იზოლაციას ფინანსური კრიზისით გამოწვეული სტრესიც ემატება, რაც წყვილების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. თუ თვითიზოლაციაში ხართ და მეუღლესთან კონფლიქტი ხშირად გაქვთ, მარტო არ ხართ. მას შემდეგ, რაც ქვეყნების უმრავლესობა საგანგებო რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, მსოფლიო მასშტაბით განქორწინების მსურველთა რიცხვი იმატებს. ადვოკატები, რომლებიც განქორწინების საკითხებზე მუშაობენ, ღიად აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.

„ფინანსური კრიზისი უთანხმოების მთავარი მიზეზია, ამას ემატება იზოლაციით გამოწვეული სტრესი. მეუღლეები სახლიდან მუშაობენ, განტვირთვას კი ვერ ახერხებენ, ვერ მიდიან კაფეებსა და რესტორნებში, რაც ყველაფერს ართულებს.“ - აცხადებს ცნობილი ავსტრალიელი ადვოკატი ფიონა რეიდი.

ჩინეთში სრული კარანტინის გაუქმების შემდეგ განქორწინებათა რიცხვმა კატასტროფულად მოიმატა. მას შემდეგ, რაც წყვილებმა იზოლაციას თავი დააღწიეს, მათ უდიდეს ნაწილს ერთად ცხოვრების სურვილი აღარ ჰქონდა. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტის თვეში დაფიქსირდა.

მსოფლიო მასშტაბით იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმაც. ჰუნანში, ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ცნობით, განქორწინების მსურველთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ განაცხადის შესატანად ადამიანებს გრძელ რიგებში დგომა უწევდათ.

იზოლაცია განსაკუთრებით რთული იმ ოჯახებისთვის არის, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ. ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. ისინი სწავლას დისტანციურად აგრძელებენ. პატარებიც სტრესულ გარემოში ცხოვრობენ. ოჯახური ძალადობის გაზრდილი რიცხვი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. დაუშვებელია, რომ ბავშვები ან ზრდასრულები მოძალადესთან ერთად იზოლაციაში ხანგრძლივად დარჩნენ.

ადვოკატები მეუღლეებს წინდახედულობისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ განქორწინებამდე კარგად დაფიქრდნენ. მათი თქმით, ბავშვების სურვილები, საჭიროებები და ინტერესები უფროსებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მეუღლეებმა ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომლებიც ოჯახის ყველა წევრისთვის საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება.

ადვოკატების მტკიცებით, წყვილებისთვის განქორწინება საკმაოდ ძვირადღირებული და ამავე დროს სტრესული გამოსავალია. მათი თქმით, პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, კამათი, ჩხუბი და დაძაბულობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ადამიანებმა სირთულეები კატასტროფად არ უნდა აღიქვან. თუ მეუღლესთან ხშირად კამათობთ და ურთიერთობა ჩიხში შედის, უმჯობესია, დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ.

ავსტრალიაში წყვილებისთვის სპეციალური დახმარების ცენტრი შეიქმნა. მეუღლეებს, რომლებსაც რჩევა და თანაგრძნობა სჭირდებათ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლიათ, სადაც მათ პროფესიონალები ეხმარებიან. ადამიანებს კრიზისულ ვითარებაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებთ, რაც ყოველთვის გამართლებული არ არის. უმჯობესია, თუ განქორწინებაზე განაცხადის შეტანამდე კარგად დაფიქრდებით. მსგავსი გადაწყვეტილებები ერთ ღამეში არ უნდა მიიღოთ. 

მომზადებულია ​thenewdaily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს უჭირთ გათხოვება? - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს უჭირთ გათხოვება? - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ზოდიაქოს ის ნიშნები დაასახელა, რომლებსაც გათხოვება უჭირთ:

ვერძი

ვერძი ქალი ისეთია, რომელიც თვითონ წყვეტს რა უნდა და რა არ უნდა, გათხოვდება თუ არ გათხოვდება. ის თავისი ბუნებით მეომარია. მას უნდა, რომ გვერდით ჰყავდეს ძლიერი კაცი. ვერძი ქალი, პირველ რიგში, მამაკაცურობას ითხოვს კაცისგან. ის კარგი თამადაც უნდა იყოს, პურის მჭამელიც. ეს თუ არ აქვს, ვერძი ქალი მას არ გაჰყვება, ამიტომ შეიძლება ვერძი არ გათხოვდეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. „ასეთ კაცს სჯობს სულ არ გათხოვდე,“- ასე ამბობენ ვერძები.

კურო

კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცში ტრადიციულობა და ერთგულება. ხშირად ამბობენ კუროს ნიშნის მანდილოსნები: ინტელექტი აქვს, ფულიც აქვს, არაჩვეულებრივი მამაკაცია, მაგრამ არანაირი ერთგულება არ აქვს, სულ ქალებშია. მე ასეთ კაცთან ვერ ვიცხოვრებ. მისთვის პირველი და უმთავრესი ერთგულებაა. კუროზე მოქმედებს სურნელებაც. ხშირად ამბობენ: კაცს იმდენად ცუდი სუნამო ასხია, რომ ამან ბევრი რამ გადამაფიქრებინა. მამაკაცი თუ მოვლილი არ არის, ოფლის სუნი ასდის, კუროსთვის დამთავრებულია ეს.

ტყუპები

ტყუპებს რა პრობლემა აქვს? გაორებულია ეს ნიშანი: დილის ტყუპი და საღამოს ტყუპი. ერთს მოსწონს ის კაცი, მეორეს არ მოსწონს. ვერ გადაუწყვეტია გაჰყვეს თუ არა. ტყუპი ის ნიშანია, რომელიც ძალიან ხშირად წამოსულა და გამოქცეულა ქორწილიდან. უცებ გაიღვიძა მეორე ტყუპმა, ის კაცი არ მოსწონს და გაიქცა. ტყუპს უყვარს ფლირტი. მას ეჭვიანობის მომენტი არ აქვს საერთოდ. ის დიდ ერთგულებასაც არ ითხოვს. მისთვის ეს პრობლემაა არაა. ფლირტი მისთვის თამაშის ფორმაა. კაცი უნდა იყოს იუმორით სავსე, სხარტი ტვინის მქონე, რომ ტყუპს მოეწონოს. ტყუპს უჭირს თავისი ადამიანის ნახვა და აქვს არჩევანის პრობლემა. ის ზოგჯერ არჩევს, მაგრამ ვაი, მაგ არჩევანს. მერე ხშირად ამბობს, რომ ეს რამ ამარჩევინაო.

კირჩხიბი

რა არის კირჩხიბისთვის უმთავრესი? მამაკაცი უნდა იყოს ერთგული, მეოჯახე, ტრადიციონალისტი. მას უნდა უყვარდეს ოჯახი და შვილები. „პორწიალა“ კაცები რომ არიან, სულ რომ დარბიან, ოღონდ ოჯახში არ შემოიყვანო, ასეთი კაცი კირჩხიბისთვის არ არის. კირჩხიბს უყვარს მამაკაცი, რომელიც ოჯახზე გადაყოლილია. კირჩხიბი ქალი იქნება ბედნიერი ისეთ მამაკაცთან, ვინც გურმანია და ვისაც უყვარს კარგი საჭმელი.

ქალწული

ქალწულისთვის უმთავრესი არის გარეგნული სისუფთავე და პეწი. თუ პარტნიორი პაემანზე ჭუჭყიანი ფეხსაცმლით მოვიდა, დამთავრებულია. მამაკაცი უნდა იყოს შრომისუნარიანი, პრაგმატული და ტრადიციული. ყველაზე მეტი რაოდენობა გაუთხოვრებისა ამ ნიშნითაა, იმიტომ, რომ ძალიან წუნია ხალხია. ბევრი კაცი ვერ უძლებს ამ მოთხოვნებს და გაურბიან ქალწულს.

სასწორი

სასწორი გაორებული ნიშანია. ერთი იდეალს ეძებს სიყვარულისა და პრინცისა, რომელიც არ დადის აქ, ამიტომ ვერ პოულობს. ის მერე ისე რჩება. მეორე სასწორს კი დილით მოსწონს ადამიანი, საღამოს არ მოსწონს. ამიტომ უჭირს არჩევანის გაკეთება. შეიძლება 10 წელი ასე იაროს და არჩევანი ვერ გააკეთოს მაინც. ის იმ პრინცს ელოდება ისევ. ის პრინცი არის მის ტვინში და რეალობაში იშვიათია. თუ ვიღაც ტიპაჟი რაღაცით ჰგავს იმ პრინცს, მასზე გააკეთოს არჩევანი.

მორიელი

მორიელი ქალი ირჩევს ძალიან ძლიერ კაცს. ის უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, მებრძოლი და ძალიან ძლიერი სექსუალური პოტენციალის. იშვიათად რომ მორიელი გაჰყვეს კაცს საწოლის გარეშე. თუ იქ არ მოეწონა, მათი თანაცხოვრება იქნება ძალიან რთული. მისთვის სექსუალური სფერო პირველი მაჩვენებელია მასთან იქნება ბედნიერი თუ არა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის მამაკაცი უნდა იყოს ძალიან მხიარული, ძალიან კონტაქტური, დაუღლელი. მას 3-4 საათი უნდა ეძინოს, დანარჩენი უნდა იარონ. ასეთი კაცი საოცრად იზიდავს მშვილდოსანს. ისინი გაურბიან ისეთ კაცებს, რომელიც სახლში დასვამს ქალს.

თხის რქა

თხის რქა ძალიან სერიოზული ნიშანია. მისთვის ოჯახის ინსტიტუტი არის ძალიან სერიოზული რამ. მამაკაცი გარეგნულად სუფთა, დაპიწკინებული უნდა იყოს, ამასთან სერიოზული. ძალიან მნიშვნელოვანია მისი კარიერული განვითარების პერსპექტივა. თუ მას კარიერა არ აქვს აწყობილი, თხის რქამ იცის, რომ ოჯახური პრობლემები იქნება. თხის რქამ უნდა იცოდეს, რომ მამაკაცი მას არ შეუზღუდავს კარიერულ განვითარებას. თხის რქას სჭირდება, რომ არ შეზღუდოს მამაკაცმა. მამაკაცებს ამ ნიშნის ნდობა შეუძლიათ. ის ძალიან ერთგულია შინაგანი ბუნებით, თუ მამაკაცი თვითონ არ აურევს რაღაცას.

მერწყული

მერწყული ქალისთვის მთავარია მამაკაცმა არ შეუზღუდოს თავისუფლები. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობისა და თავისუფლების ფაქტორი. მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს ინტელექტუალურად განვითარებული და მრავალფეროვანი. მისთვის მნიშვნელოვანია სასიამოვნო სიურპრიზები და სპონტანური ქცევა. ტრადიციული მამაკაცი არანაირად არ იტაცებს ამ ქალს. მას სჭირდება ეგზოტიკური ტიპაჟი.

თევზები

თევზები ყველაზე გულმოწყალე და ემოციური ნიშანია. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული კავშირი. თუ იმ ადამიანთან იპოვა მეგობრული ელემენტი, თევზებმა იცის, რომ მასთან ბევრ სხვა საკითხზე შეიძლება საერთო ენის პოვნა. თევზებისთის მნიშვნელოვანია გულმოწყალების ელემენტი. თუ მამაკაცი არის ზედმეტად ხისტი, ჯიუტი და არ აქვს გულმოწყალების ელემენტი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება თევზები. თუ მამაკაცი ქველმოქმედია, აქვს რომანტიკული ელემენტები, ხელოვანი თუ არის, მამაკაცური, მეგობრული, ეს მისთვის იდეალურია.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“

წაიკითხეთ სრულად