Baby Bag

​არ შეიძლება სულ წვიმდეს, აუცილებლად გამოიდარებს!

​არ შეიძლება სულ წვიმდეს, აუცილებლად გამოიდარებს!

„შენა ხარ ჩემი კიდობნის დია, იფარავ ფრთებით სამივე მართვეს...“ - ასე ლექსად მიმართა მეუღლემ.
ლელა ფრუიძეა ჩემი გმირი... რატომ? ცხოვრების გამორჩეული ეპიზოდებით. ოჯახით. პოზიციით. დამოკიდებულებებით. და კიდევ ბევრი რამის გამო.

მშობლები

გივი ფრუიძეს, უბრალო ლეჩხუმელ ბიჭს, ძალზე ახალგაზრდას, ინსტიტუტის პირველკურსელს, მაგრამ უკვე სხვაგვარად მოაზროვნეს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვისთვის გაუბედავს და წერილი გაუგზავნია - სოფლის მოწყობის ის გზა, რომელსაც კოლექტივიზაცია ჰქვია, არ ვარგა, ის სოფლის მეურნეობას აზიანებს, გლეხს შრომას აიძულებს და თუ დროზე არ შეცვლით, ქვეყანა დაიღუპებაო... რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდას უშიშროებამ დევნა დაუწყო... ერთი წელი უშიშროების ციხეშიც გაატარებინეს... მშობლიური ცაგერის რაიონიდან გაქცეული ერთხანს ქუთაისში იმალებოდა. ინსტიტუტიდანაც რომ გარიცხეს, პლასტუნკაში ნათესავებს შეაფარა თავი (პლასტუნკა ქართველებით დასახლებული სოფელია რუსეთში, სოჭის სიახლოვეს. სოფელში უმეტესად რაჭა-ლეჩხუმიდან ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გადასახლებული ადამიანები ცხოვრობენ. ფრუიძეები ერთ-ერთი პირველი მცხოვრებლები არიან. ერთ დროს ტყე-ჭაობებით და ეკალ-ბარდებით დაფარული ადგილი ახლა ლამაზი სახლებით, ბაღ-ვენახებით არის გამორჩეული).

ახალგაზრდა კაცმა ნათესავებთან სარჩენად ხელობა დაიწყო. აფხაზეთში უწევდა ხშირი ჩასვლა. ერთხელაც სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში ულამაზესი ციცო (ცისანა) კოპალიანი გაიცნო და ერთი ნახვით შეუყვარდა. კელასურშიც უმეტესად ლეჩხუმელები ცხოვრობდნენ - დეპორტირებული ბერძნების ადგილას ჩასახლებულები. ლელას ახსოვს ბერძნული შეთეთრებული კოხტა სახლები. დედამისი პატარა ყოფილა, აქ რომ დამკვიდრებულან. მაშინ მათ არ ერქვათ დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები, მაგრამ თავისი არსით ეს შიდა იძულებითი მიგრაცია იყო.

სიყვარულმა წამოიყვანა გივი ფრუიძე აფხაზეთში. ახალგაზრდა ოჯახმა საკარმიდამო ნაკვეთი იყიდა და სახლიც გამართა ბესლეთში (სოხუმის რაიონი). გივიმ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. მერე ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა სოფელ პავლოვკაში. ესეც სოხუმის რაიონის სოფელი იყო, ბერძნებით დასახლებული. აქ ცხოვრობდნენ გადასახლებას გადარჩენილი ბერძნები, ზოგიც - მერე დაბრუნებული. ლელას ბერძენი ნათლია ჰყავდა. ბაბუა გარდაეცვალა და უცებ გადაწყვიტეს ბავშვის მონათვლა. წინა დღით სახლში მოვიდა ბერძენი ქალი, ლიზა ტრიანდაფილიდი. მისი ქმარი ლელას მამის მეგობარი ყოფილა და უთხოვია ლამაზი ოქროსფერთმიანი გოგონას მონათვლა. მაგრამ ვერ მოუსწრია, წყალში დამხრჩვალა. ლიზა ყვებოდა, როგორ დაესიზმრა ქმარი და მიასწავლა ფრუიძეების სახლი... იმათი გოგონა უნდა მომენათლა და ვერ მოვასწარი, მოძებნე და შენ მონათლეო, უთხრა თურმე სიზმარში ქმარმა ცოლს. ასე უცნაურად მოინათლა ლელა. მერე ნათლიას შვილიშვილებმა მონათლეს ლელას უმცროსი ვაჟი - ირაკლი... აფხაზეთის ომის დროს ისევ აიყარა ეს ბერძნული ოჯახი და საბერძნეთში წავიდა. ლელასაც და ირაკლისაც დაეკარგათ ნათლიების კვალი...

                                                                  

ლელა ფრუიძის მამისეული ოჯახი გამორჩეული იყო სოხუმის რაიონში: თბილი, სტუმართმოყვარე, სალონური შეხვედრების მასპინძელი... ბატონი გივისნაირ ადამიანებს კოლორიტებს ეძახიან - კარგი ფილოლოგი იყო, გულიანი მოსაუბრე, ლექსებს წერდა, საოცარი მეხსიერება ჰქონდა და შესაშური იუმორი. იმ დროისთვის გასაკვირი მეწარმეობის ნიჭიც აღმოაჩნდა - საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, მცირე ბიზნესს, სავსე ოჯახი ჰქონდა. დაფუძნდა, დამკვიდრდა, შეძლებულ მოსახლედ იქცა... იმ დროის პარადოქსი ის არის, რომ ამ დოვლათის შემქმნელი კაცი რაიონულ გაზეთში გამოწერეს, როგორც კომუნისტური სოფლის მეურნეობის მოწინააღმდეგე და სოციალისტური შრომის ნორმების დამრღვევი...

მეუღლე

სერგო წურწუმია სამეგრელოდანაა, წალენჯიხიდან. იქ დაამთავრა საშუალო სკოლა. ტერენტი გრანელზე უსაზღვროდ შეყვარებული ბიჭის პირველი ლექსები თანაკუთხელ პოეტს ეძღვნება და პირველ ნახატებზეც ტერენტის ხატებაა...

1980 წლის ზაფხულში, სოხუმში, აფხაზეთის უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე შენიშნა ჟღალთმიანი გოგო. ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა... მერე - ლეგენდები დადიოდა ლელასა და სერგოს ლამაზ სიყვარულზე. სოხუმის სანაპიროზე თვალს აყოლებდნენ გამვლელები გამორჩეულად სიმპათიურ წყვილს. ლელა შექსპირის სონეტებს კითხულობდა, ან შანდორ პეტეფის „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“... სერგო თავის ლექსებს უძღვნიდა, თავის ნახატებს, გულს...

მეორე კურსზე დაქორწინდნენ. კარგად სწავლობდნენ, ბავშვებს უვლიდნენ, სტუდენტურ ცხოვრებაშიც მთლიანად იყვნენ ჩართულები: სამეცნიერო მუშაობა იყო, ლიტერატურული წრე, ექსკურსია თუ თეატრალური დასის სპექტაკლი, სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ.

უნივერსიტეტის შემდეგ სერგო სოხუმში დარჩა საცხოვრებლად... ერთხანს ზედა კელასურის სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ იყო მუშაობა გაზეთებში „ოქროს საწმისსა“ და „კოლხურ დიადემაში“, ჟურნალ „რიწაში“, ბოლოს - სოხუმის რაიონული გაზეთ „ცხუმის“ რედაქტორი გახდა. გაზეთის ბოლო ნომერს 1993 წლის 16 სექტემბერს მოაწერა ხელი...

მერე ქუთაისში აღადგინა ეს გაზეთი და კარგა ხანს გამოსცემდა. ქუთაისში სერგომ ჟურნალ „ბაგრატის ტაძრის“ პასუხისმგებელ მდივნად იმუშავა, იყო ჟურნალ „ენიგმას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. ამჟამად ლიტერატურული ჟურნალ „განთიადის“ სარედაქციო საბჭოს წევრი და პასუხისმგებელი მდივანია. არის რუსული, ამერიკული, გერმანული, ბერძნული, სომხური, აზერბაიჯანული, აფხაზური, ოსური ლიტერატურის წარმომადგენელთა პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მთარგმნელი. ოთხი პოეტური და სამი პროზაული კრებულის ავტორია, თვითნასწავლი მხატვარი...

ხშირად იბეჭდება ქვეყნის პერიოდულ პრესასა და ბოლო პერიოდის პოეტურსა თუ პროზაულ ანთოლოგიებში. მისი ლექსები და მოთხრობები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე, დაბეჭდილია უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიტერატურულ პერიოდიკაში.

სერგოს ჯერ კიდევ 1992 წელს აფხაზეთის სხვა ახალგაზრდა შემოქმედებთან ერთად მიენიჭა ლიტერატურული პრემია.

სერგო წურწუმია: 

ის, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული და შემოქმედებითი შთაგონების ინსპირატორის ტერენტი გრანელის სახელი ერთ ქალიშვილს დაუკავშირდა, ალბათ შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა!..
სწორედ სოხუმელმა შეყვარებულმა გოგომ მაზიარა ჩემი თანაქალაქელის დიად სახელს წალენჯიხიდან ჩასული მეოცნებე ყმაწვილი და გამძაფრებულ შთაგონებასაც მეტი რაღა უნდოდა?!. ლელასგან ვიხილე პირველად ტერენტი გრანელის კრებულიც... გაუთავებლად გვიკითხავს ამ ბედდამწვარი პოეტის სტრიქონები სანაპიროზე საშეყვარებულო პაემნებისას ხეტიალების დროს...
ოჯახის შექმნის შემდეგ ლელა მართლაც გახდა ჩემი თანამოაზრე და დასაყრდენი მთელი ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში.
ჩემი ბუნების კაცი ოჯახურ საქმიანობაში მდგრადი ვერაფრით იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ხელდაბორკილი და მოუქნელი ნამდვილად არა ვარ - „ნათურის გამოცვლასაც“ ვახერხებ და მეტსაც, მაგრამ წერას გადაყოლილმა, შესაძლებელია, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე სრულებით გადავივიწყო...
ოჯახურ რუტინას ვერ გავუძლებდი, ამ ტვირთის უდრტვინველად გამნაწილებლად და თანამდგომად რომ ლელა არ მომვლენოდა...
ვინ იცის, რამდენჯერ მიფიქრია, ალბათ ჩემი დიდი თანაქალაქელივით „ცხოვრებაში მოუწყობელი“ დავრჩებოდი და იქნებ სადმე სარდაფშიც დამესრულებინა ნაადრევად ამოფერფლილი სიცოცხლე, რომ არა ცხოვრების ის ვარიანტი, მე და ლელამ თანაბარი ძალისხმევით რომ შევთხზეთ...
40 წელია, ერთად ვართ, ჯერ შეყვარებულები, შემდეგ როგორც ცოლ-ქმარი. ვინ იცის, რამდენი მძიმე წელი გვაქვს ერთად გამოვლილი, მაგრამ მან თავის პედაგოგიურ მოღვაწეობასთან, მე კიდევ მწერლურ გამოცდილებასთან ერთად შევძელით და განვაგრძობთ სამი შვილისა და ჯერჯერობით ხუთი შვილიშვილის აღზრდა-დაფრთიანებას.
დარწმუნებული ვარ, ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში მას განსაკუთრებული ადგილი ეკავება ყოველთვის, ხოლო ის, რომ ჩემი „კიდობნის დია“ გახლავთ, წერილის თავში მოხმობილ ლექსშიც მაქვს ხმამაღლა გაცხადებული...“

ლელა ფრუიძეა ჩემი გმირი... რატომ? იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია.
სოხუმის უნივერსიტეტში ერთ კურსზე ვსწავლობდით მე, ლელა და სერგო...

შვილები და შვილიშვილები

ლელას სამი შვილი ჰყავს: ანა, გიორგი, ირაკლი - ლამაზები, ნიჭიერები, წარმატებულები. უდარდელი, ლაღი სოხუმური ბავშვობის მერე გამოიარეს ომი, სირთულეები... ლამპის შუქზე მეცადინეობდნენ, რამდენიმე სკოლა გამოიცვალეს. მშობლები რომ მუშაობდნენ, თავისებურად უწყობდნენ ხელს, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, მშობლების რჩევებს უსმენდნენ. იცოდნენ, რომ უნდა ესწავლათ და სწავლობდნენ, უნდა ეშრომათ და თავისით მიეღწიათ წარმატებისთვის... ასეცაა. სამივე პროფესიონალია, სამივემ იპოვა თავისი ადგილი, იპოვა სიყვარული, ოჯახური მყუდროება.

ხუთი შვილიშვილი ჰყავს ლელას: ირაკლი და მარიამ ხიზანეიშვილები, ნატალი, ანუკი და ლაზარე წურწუმიები. 

                           

           

​​აფხაზეთის შემდეგ

„რა ძნელია, ლექსს წერდე და ცხოვრობდე აფხაზეთის შემდეგ,“ - აქვს ასეთი სიტყვები ერთ-ერთ ლექსში ლელას მეუღლეს.

დევნილთა ცხოვრება ორად იყოფა: ომამდე და ომის შემდეგ. აფხაზეთში და აფხაზეთის შემდეგ...

ლელას ცხოვრებაშიც ერთი ნაწილი დაასრულა ომმა... გზაგასაყარზე ჭუბერის უღელტეხილი იყო - ომისგან თავდაღწევის, გადარჩენის, ახალი ცხოვრებისკენ მიმავალი რთული გზა...

ბევრი რამ ნახა ამ გზაზე. უიმედობა, სიკვდილი, შიმშილი. რომ შესცივდებოდათ, ერთ „ადიალაში“ გაეხვეოდა ყველა. ის გადასაფარებელი ახლაც აქვთ შენახული, როგორც რელიკვია. ახსოვს, ტყეში, კოცონისპირას მიყუჟულებს „ურალის“ მძღოლმა როგორ ჰკითხა, წალენჯიხელი ხომ არა ხართ რომელიმეო. მერე სერგოს მისცა პური და ხილი - ყველაზე სასწაული საჩუქარი მშიერი ბავშვებისთვის (ეს წალენჯიხელი კაცი სოხუმის რაიონში ცნობილი პედაგოგის, სოფელ იაშთხვის სკოლის დირექტორის პაჭული კვარაცხელიას ძმისშვილი დავითი აღმოჩნდა, ბიძის ოჯახის მოსაძებნად ჭუბერიდან საკენისკენ სამხიდიანი ტყემზიდით მიმავალი).

ლამის ოთხი დღე-ღამე მოდიოდნენ ამ გზაზე ლელა, მისი მშობლები, მეუღლე და პატარა შვილები... იქიდან წალენჯიხაში ჩავიდნენ, სერგოს ოჯახში. რამდენიმე ხანში ქუთაისისკენ წამოვიდნენ: ჯერ ლელას მშობლები, მერე სერგო და ბოლოს - მთელი ოჯახი.

თავიდან ნათესავთან, შემდეგ - დაქირავებულ ბინაში და მერე საკუთარიც გაუჩნდათ.

ლელას დედ-მამამ სახელმწიფოსგან დევნილებისთვის აშენებული კოტეჯი მიიღო. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლებისთვის ხდება კომპაქტური დასახლებების (ყოფილი საბავშვო ბაღების, საერთო საცხოვრებლების, სხვადასხვა დაწესებულების) რეაბილიტაცია, შენდება ახალი კორპუსები, დევნილთა ნაწილს ახალაშენებულ კორპუსებში აძლევენ ბინას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად - ინტეგრაციის მიზნით. ახლახან 274 ოჯახს გადაეცა ბინა ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში. ლელას ოჯახი ჯერჯერობით „ვერ ხვდება“ იმ სიაში. არადა, სამი დამოუკიდებელი ოჯახია უკვე - გიორგის და ირაკლის თავიანთი ოჯახები ჰყავთ.

სკოლა

ქუთაისში 1997 წელს ნატო ბენდელიანის მონდომებით გაიხსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 სკოლა. ნატო სოფელ ცაგერის სკოლის დირექტორი იყო (ოჩამჩირის რაიონის ამ სოფელშიც, ძირითადად, ლეჩხუმიდან გადასახლებულები ცხოვრობდნენ). ლელა გახდა ახალგახსნილი სკოლის ორგანიზატორიც და ქართულის მასწავლებელიც.

საქართველოში სულ 13 ასეთი სკოლაა. მათგან ორი ქუთაისშია. მეორე სკოლა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლა) ჟიული შარტავას სახელობისაა (ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1993 წლის 27 სექტემბერს თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს).

ამ სკოლებს დევნილთა სკოლებს ეძახიან, მასწავლებლებისა და მოსწავლეების უმეტესობა აფხაზეთიდანაა. რა განასხვავებს მათ ჩვეულებრივი სკოლებისგან?

- ეს სკოლა პატარა აფხაზეთია, - ამბობს ლელა. - აქ აფხაზეთის სული ტრიალებს. დაბრუნების იმედი არ კვდება. აფხაზეთის პედაგოგთა შენარჩუნება ხდება, ახალგაზრდა კადრების აღზრდა. დაბრუნების დროს ეს კარგი რესურსი იქნება...

ამ სკოლის ბავშვებმა ყველაფერი იციან აფხაზეთის, იქაური წეს-ჩვეულებების, კულტურის შესახებ. აფხაზეთი მათთვის გამორჩეული კუთხეა, სადაც დაბრუნების სურვილი ყველას აქვს...

23 წელია, სკოლაშია ლელა. არასამთავრობო ორგანიზაციაშიც მუშაობდა (დევნილი პედაგოგების დაფუძნებული ორგანიზაცია - პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“). ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ათწლიანი გამოცდილება მიიღო და ტრენერთა ტრენერობა აქვს მინიჭებული. ტრენინგები უტარებია უამრავ ჯგუფთან. სასწავლო პროცესების მართვის უნარები შეითვისა და ამანაც შეუწყო ხელი მოწინავე პედაგოგად ჩამოყალიბებაში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ლელას პედაგოგიურ პრაქტიკაში.

სკოლაში გატარებული წლების მანძილზე ბევრი რამ გამოუვლია ლელა მასწავლებელს. არაფერი რჩება უყურადღებოდ, ყველაფერს ამჩნევს და გრძნობს. იცის, რა რთულია, როცა ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობს და ბავშვს არ აქვს სამეცადინო პირობები. უნახავს დილით გაკვეთილზე მოსული მშიერი ბავშვები. დეპრესიული, სევდიანი, ზარმაცი, ხელჩაქნეული, კონფლიქტური, ობოლი, რთული, იმედდაკარგული ბავშვებიც. ბავშვები, რომელთაც მამები აფხაზეთის ომში დაეღუპათ და ადრე დაქვრივებულ დედებს უმსუბუქებდნენ ტკივილს. ბავშვები, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და დიდი ხანი ვერ ჩამოვიდნენ...

- დედაც მე ვიყავი მათთვის, მასწავლებელიც, მრჩეველიც, ფსიქოლოგიც, - ამბობს ლელა. - ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო და დღემდე მაქვს ეს პასუხისმგებლობა. მე ვიცი ყველანაირი გაჭირვება და ასე მგონია, მე რომ მივხედავ ამ ბავშვებს, ისე ვერავინ მიხედავს. მქონდა შემოთავაზებები სხვა სკოლებიდან, მაგრამ არ დავტოვებ აქაურობას, სანამ ეს სკოლა იარსებებს.

 

ამიტომ უყვართ ბავშვებს ძალიან. ლელა მასწავლებლის ჩამოყალიბებულ ლიტერატურულ კლუბში ერთად კითხულობენ წიგნებს, ფილმებს უყურებენ, თეატრში დადიან, აზრის გამოხატვას სწავლობენ... სიყვარული ორმხრივია, რასაც გასცემს, უბრუნდება. წლების განმავლობაში სკოლაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ, ლელას აზრით, ჯერაც ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, რომ განათლების სისტემა კიდევ უფრო მოერგოს ყველა ბავშვს, უფრო სწორად - თითოეულ ბავშვს...

რა მომენტები ახსოვს ყველაზე მძაფრად?

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი რომ დაეცა, ათასობით დევნილთან ერთად საკენ-ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგნენ. მათთან ერთად იყო მეზობელი ავთო ხარაიშვილი, მისი აფხაზი ცოლი ლალკა და ორი შვილი. ერთ-ერთ სოფელში ვერტმფრენი ემზადებოდა გასაფრენად. ბოლო ვერტმფრენიაო, ამბობდნენ და ყველა მისკენ მიიწევდა. ავთომ უთხრა სერგოს, ჩავსხათ ჩვენი ცოლ-შვილი და მერე ჩვენ უფრო მშვიდად ვივლითო... უარი უთხრა ლელამ, არ გაუშვა ისინიც, ფეხით ვიაროთო... ავთო წავიდა ვერტმფრენისკენ და ცოლ-შვილთან ერთად ავიდა ბორტზე. ყველას თვალწინ კლდეს შეასკდა ვერტმფრენი, რომელსაც დაჭრილი მეომრები, მოხუცები, ქალები და ბავშვები გადაჰყავდა - გადატვირთულმა სათანადო სიმაღლე ვერ აიღო...

უღელტეხილზე მოდიოდნენ. დედას და ქმარს ძალაგამოლეული, მშიერი ბავშვები მიჰყავდათ. ლელა ძლივს ადგამდა ფეხს, მამა გვერდიდან არ შორდებოდა. ძალიან ცუდად გახდა. ცუდად კი არა, კარგად იყო - მსუბუქად, მშვიდად, თითქოს გავიდა დაქანცული სხეულიდან... მამის ხმა გაიგონა: ოღონდ ეს გადამირჩინე და გიას ამბავს არც ვიკითხავო (გია, ლელას ძმა, ფრონტზე იყო და არაფერი იცოდნენ მასზე). ამ ხმამ წამოაყენა. დაუბრუნდა შეგრძნებები - ტკივილი, შიში, დაღლილობა.

რა ასწავლა დევნილობამ?

პირველ რიგში, მოთმინება ასწავლა და ის, რომ ყველაფერი ცუდი ერთ დღეს მთავრდება. ერთხელ, ომის დროს სოხუმიდან თბილისში მოფრინავდა შვილებთან ერთად, თვითმფრინავს ზღვიდან, მოწინააღმდეგის კატარღიდან ჭურვები დაუშინეს. ყველას შეეშინდა, სტიუარდესაც პანიკაში ჩავარდა. ლელამ სიცილი დაიწყო. საშიში რომ იყოს, დედა კი არ გაიცინებდაო, დაწყნარდნენ ბავშვები. კორონასთან დაკავშირებითაც ხუმრობს ხოლმე მოსწავლეებთან და ისინიც ასე ამბობენ: საშიში რომ იყოს, ლელა მასწავლებელი არ იხუმრებდაო.

ესეც ერთგვარი ხერხია რთულ მომენტებში.

2008 წელს, აგვისტოს ომის დროს ყველას ეშინოდა, ყველა სადღაც გარბოდა. ლელამ მეზობლებს უთხრა, რომ დაბომბვების დროსაც კი არ დაუტოვებიათ სახლი, უარესი დღეები გამოიარეს აფხაზეთში. მეზობლები ამბობდნენ: სანამ წურწუმიები არ წავლენ, ფეხს არ მოვიცვლითო...

სიკეთის დანახვა და დაფასებაც ასწავლა დევნილობამ. ბევრ კეთილ ადამიანს შეახვედრა. ერთი ასეთი ადამიანი ქუთაისელი ქალი იყო, დედამ რომ ამანათი გამოატანა სოჭიდან. ძალიან რომ გაუჭირდათ, ლელას მშობლები სამუშაოდ რუსეთში წავიდნენ, ჯერ უფაში იყვნენ, მერე - სოჭში. 500 დოლარი მოაგროვეს და დედამ ქუთაისის ავტობუსის ერთ-ერთ მგზავრს, სრულიად უცხო ქალს გამოატანა: ამ ფულს და ამ ჩანთას ჩემი მშიერი შვილიშვილები ელოდებიან და შენს ნამუსზე იყოს ამის ჩატანაო... იმ ქალს ჯერ ლელასთან მიუტანია ამანათი და მერე წასულა თავის სახლში. ლელამ ჩანთა გახსნა და დედის წერილი წაიკითხა: შენ რა გექნება, შვილო, ამოიღე ყავა და შოკოლადები და ამ ქალს გაუმასპინძლდიო...

დევნილობამ გააძლიერა, ასწავლა, რომ არ უნდა ჩავარდე პანიკაში, გაიაზრო სიტუაცია, უსაფრთხოებაზე იზრუნო, არ უნდა დაეცე, არ გაქვს უფლება!

ჩემი გმირი, ჩემი მეგობარი ლელა ფრუიძე

სოხუმში ხუთი წელი ერთ კურსზე ვსწავლობდით, ერთმანეთის ახლოს ვსახლობდით. აფხაზეთის მერე ქუთაისში ვცხოვრობთ. ჩემი მეგობარია და ბევრი რამ ვიცოდი მასზე. თუმცა კიდევ უფრო მეტი გავიგე, ბედის ნებიერა ქალი ბედის უკუღმართობამ როგორ გამოაწრთო და გააძლიერა.

რომ ვუთხარი, წარმატებული ადამიანი ხარ და შენზე უნდა დავწერო-მეთქი, გაუკვირდა, მაგრამ მერე ასე მომწერა:

„გამიკვირდა, მაგრამ რატომაც არა...
წარმატებული მასწავლებელი ვარ, რადგან სიყვარული, რომელსაც გავცემ, უკან მიბრუნდება...
წარმატებული ვარ, რადგან ვჭირდები და მჭირდებიან ჩემი მოსწავლები...
წარმატებული ვარ, რადგან ურთულესი გზა გამოვიარე და შევინარჩუნე ღირსება, არ ვუღალატე საკუთარ პრინციპებს...
წარმატებული ვარ, რადგან ღირსეულად შევძელი გამეგრძელებინა მამის გზა...
წარმატებული ვარ, რადგან მყავს ასეთივე მეუღლე და შვილები...
და კიდევ იმდენი რამის გამო ვარ წარმატებული...
ასე რომ, წარმატება არც მარტო ფულია და არც მარტო ხარისხები...
იცი, რა ბედნიერებაა, როცა მოსწავლე გეტყვის: „კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“ - ასე ეძახიან მასწავლებელ კიტინგს მოსწავლეები („მკვდარი პოეტების საზოგადოება“).

ასეთია ჩემი გმირი, ჩემი მეგობარი ლელა ფრუიძე.

ავტორი - ლალი შენგელია

ლელა ფრუიძე:

„არ ვიცოდი, რა იყო გაჭირვება, ახლა სხვანაირად ვუყურებ ამ ყველაფერს. უღელტეხილზე რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, ხომ დამთავრდება ეს გზა? ეს რთული დრო ხომ დამთავრდება? და ხომ მოვა კარგი დღეები? ხომ არ შეიძლება, სულ წვიმა იყოს? ერთხელაც ხომ გამოიდარებს?“