Baby Bag

როგორ და რა ასაკიდან დავაწყებინოთ ჩვილს კიტრის მიღება - პედიატრის რჩევები

როგორ და რა ასაკიდან დავაწყებინოთ ჩვილს კიტრის მიღება - პედიატრის რჩევები

რა ასაკიდან მივცეთ პატარებს კიტრი და რა ფორმით შევთავაზოთ? - ამ თემაზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„საზაფხულო სალათების განუყოფელი ნაწილი კიტრი ჩვილებსაც შეგიძლიათ მისცეთ 9-10 თვის ასაკიდან.

რატომაა სასარგებლო კიტრი?

  • იმიტომ, რომ ის A, C, B ჯგუფის ვიტამინების წყაროა
  • მის შემადგენლობაშია კალციუმი და ფოსფორი, რაც ამ ასაკში ძლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
  • შეიცავს ასევე კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, რკინას. შედარებით მცირე რაოდენობით თუთიასა და მანგანუმს.
  • კიტრის კანი ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად უხვად შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, თუმცა გაუფცქვნელი კიტრის გამოყენება ბავშვთა ასაკში არ არის რეკომენდებული.
  • არ დაგავიწყდეთ, რომ კიტრის შემადგენლობაში 96% წყალია, ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში ჰიდრატაციის საუკეთესო საშუალებაა.


მოვაცილოთ თუ არა თესლი?

თუ კიტრს დიდი თესლი აქვს, ის ძნელადმოსანელებელი იქნება და უმჯობესია, მოაცილოთ. ბავშვისათვის სჯობს, შეარჩიოთ მცირე და საშუალო ზომის ახალი კიტრი, რომელსაც თესლიც ნაზი აქვს. თესლი მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ნუტრინეტით, თუ, რა თქმა უნდა, კიტრი ორგანულია.

რა ფორმით შეიძლება მივცეთ კიტრი ჩვილს?

ბოსტნეულისაგან ჩვილებისათვის პიურეებს ვამზადებთ, თუმცა კიტრისაგან მომზადებული პიურე არაა კარგი იდეა. ზაფხულის ცხელ დღეებში გემრიელია კიტრი იოგურტთან ან გაწურულ მაწონთან ერთად, რაც შესანიშნავი წასახემსებლი საკვები იქნება პატარასათვის. ამისათვის საშუალო ზომის 1/2 კიტრი გახეხეთ და შეურიეთ 80-100 გრ იოგურტს.
კიტრის მიღებს შემდეგ შესაძლებელია გაზების გაძლიერებული წარმოქნა, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიცემა არ ღირს, განსაკუთრებით იმ ჩვილებისათვის, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვთ ან ისედაც მიდრეკილნი არიან გაძლიერებული გაზწარმოქმნისაკენ.

ძალიან მნიშვნელოვანია!

ბავშვის კვებისათვის უნდა გამოიყენოთ ორგანული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ნიტრატებს და სხვა მავნე ნივთიერებებს, რადგან კიტრი ზოგადად, ადვილად ირთავს ნიადაგიდან მათ. ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ პროდუქტი ორგანულია, სჯობს, პატარას არ შესთავაზოთ. შეარჩიეთ მკვრივი, ახალი, მწვანე კიტრი, რომელსაც არ აქვს ნაკაწრები და სირბილეები.

პ.ს. დედებო და ბებიებო, კიტრის კანის გადაყრა არ იჩქაროთ. საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა სახის კანისათვის, ხომ გახსოვთ?“

თუ აქამდე ბავშვს პომიდორს არ აჭმევდით...
რა ასაკიდან და რატომ უნდა მივცეთ ბავშვს პომიდორი? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს და პომიდვრითა და ბოსტნეულით გემრიელი სუპის რეცეპტსაც გვთავაზობს:„რა ასაკიდ...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე
,,ვიზიტზე მხიარული ოზურგეთელი გოგო მეწვია 3 თვის ჩვილით. დედაც ახლდა. შემოვიდა თუ არა, მაშინვე გურული კილოთი მომაყარა, თქვენთან მომასწავლესო, აუცილებლად გიშველითო, იცით, რა იმედით ჩამოვედი თქვენთანო.

პატარა გავსინჯე, ჩატარებული კვლევის შედეგებიც ვნახე. თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია აღმოჩნდა.

შორიდან დავიწყე. თავის ტვინის ანატომია სურათებზე ავუხსენი, მერე საკუთარი ჩვილის ანომოალიაც ვაჩვენე და ნორმალურ თავის ტვინს შევუდარე. ყურადღებით მისმენდა გოგო.

- მაგრამ ეს განკურნებადია, არა, ექიმო? - მისი ასაკისთვის დამახასიათებელი გულწრფელი ტონით მკითხა და იმედიანი თვალებით ჩამხედა სულში.

პასუხი დავაგვიანე. აი, ასეთ დროს ჩემი პროფესია მეზიზღება.

- არა, ეს განკურნებადი არაა - შევეცადე ღიმილით მეთქვა, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განვითარებას, რათა მკვეთრი უნარშეზღუდულობა თავიდან ავიცილოთ - მუყაითი მოსწავლესავით დამაჯერებელი, თუმცა აღელვებული ტონით ვუთხარი.

- ყველაფერს ვიზამ, რასაც მეტყვით!- სიძნელეს არ შეეპუა ჩემი გურული გოგო.

კონსულტაცია რომ დასრულდა, მხიარულად დამემშვიდობა, შვილი მზრუნველად ჩაიხუტა გულში და ოთახიდან გავიდა.

ბებია შემობრუნდა უკან, კარი დახურა და ჩემთან ახლოს მოსწია სკამი.

- ეს არ იკურნება. - ეს შეკითხვა არ იყო. მკაცრი ხმით ნათქვამი ეს წინადადება განაჩენი იყო, რომელზეც მე ასევე გარკვევით უნდა მეპასუხა -დიახ ან არა.

- ეს არ იკურნება. - გავიმეორე მისი სიტყვები.

ბებია ატირდა. ტიროდა ცხელი ცრემლებით, გახეთქილი გულით. ტიროდა მხიარული გურული გოგოს მაგივრადაც. და მე გული მომეწურა. გამახსენდა და ძალიან მომინდა, გამელანძღა ერთი ჩემი ნაცნობი, რომელმაც ერთხელ მითხრა: " თქვენ, ექიმები ყველაფერს ეჩვევით,სხვის ტკივილსაც, ავადმყოფობასაც, მძიმე განაჩენსაც და სიკვდილსაც. და ყველაფრის მიუხედავად, ჩვილი ბავშვით უდრტვინველად გძინავთ ღამითო"."

არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე. 

წაიკითხეთ სრულად