Baby Bag

„მე გასწავლით ძალიან გემრიელი, მძიმე, სველი, ბევრი ქიშმიშით, არომატული პასკის მომზადებას,“- თათია თექთურმანიძე

„მე გასწავლით ძალიან გემრიელი, მძიმე, სველი, ბევრი ქიშმიშით, არომატული პასკის მომზადებას,“- თათია თექთურმანიძე

პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილემ, მოდელმა თათია თექთურმანიძემ სოციალურ ქსელში გამომწერებს პასკის მომზადების საკუთარი რეცეპტი გააცნო:

„მე გასწავლით ძალიან გემრიელი, მძიმე, სველი, ბევრი ქიშმიშით, არომატული პასკის მომზადებას, რომელიც ამავდროულად ძალიან მარტივად მოსამზადებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს შეუყვარდება ეს რეცეპტი. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება: 500 გრამი გაცრილი ფქვილი, ქიშმიში გემოვნების მიხედვით, 250 გრამი შაქარი, 5 ცალი კვერცხის გული, 150 გრამი გამდნარი კარაქი, 40 გრამი ნედლი საფუარი, 20 გრამ ზეთში გახსნილი სუნელები, 300 მილილიტრი რძე.

რძეში ჩავყაროთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი. კარგად გადავურიოთ და მოცემული მასა მოვათავსოთ დაბალ ცეცხლზე. ვურიოთ მუდმივად, მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. ქვაბიდან მასა გადავიტანოთ მიქსერში. გავაგრილოთ და როდესაც სასიამოვნოდ თბილი გახდება, მხოლოდ შემდგომ დავუმატოთ საფუარი. შემდეგ ეტაპობრივად დავუმატოთ შაქარი, კვერცხის გული, გამდნარი კარაქის მხოლოდ ნახევარი, 1 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი და 20 გრამ ზეთში გახსნილი სუნელები. ყველაფერი კარგად გადავურიოთ. ყველა ინგრედიენტის არევის შემდეგ, ეტაპობრივად ვამატებთ ფქვილს და თან ვურევთ. ცომი რომ გამზადდება, გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე. სამუშაო მაგიდას უნდა წავუსვათ ზეთი. გადმოვიტანოთ ცომი. ხელებზეც წავისვათ ზეთი და დავიწყოთ ცომის მოზელვა. თავიდან ცომი ცოტა მიგეწეპებათ ხელებზე, მაგრამ არაუშავს, ასეც უნდა იყოს. გამდნარი კარაქი, რომელიც ბოლომდე არ გამოვიყენეთ, უნდა შევაზილოთ ცომს. მზა ცომი არის ელასტიური, აღარ ეწეპება ხელს. ცომი უნდა მოვათავსოთ ჯამში იმისთვის, რომ კარგად ამოვიდეს, გადიდდეს ორჯერ ან სამჯერ.

ცომს ცელოფანი გადავაკრათ და მოვათავსოთ 40 გრადუსამდე გამთბარ ღუმელში. სამსაათ-ნახევარში ცომი სამჯერ გადიდდება. ხელი კვლავ დავისველოთ ზეთში. ჯამში კარგად მოვურიოთ ცომს. ჩავყაროთ ცომში ქიშმიში. ვაკრავთ ცომს ცელოფანს და ისევ ვდგამთ თბილ ღუმელში, მანამ სანამ ისევ ორჯერ არ გადიდდება. გადაზელილი ცომი ბევრად სწრაფად ამოვა და დასჭირდება მხოლოდ 2 საათი. ცომი გადავიტანოთ ფორმებში და მოვათავსოთ თბილ ღუმელში. ერთ საათში ცომი ამოვა და მზად არის გამოსაცხობად. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში სულ რაღაც 35 წუთში გამოცხვება ულამაზესი პასკა. გამოცხობის წინ პასკას გადაუსვით კვერცხის გულისა და არაჟნის ნაზავი, რომ პრიალა ზედაპირი ჰქონდეს. თუ გინდათ, რომ მიიღოთ ასეთი პასკა, არ უნდა იჩქაროთ. დააცადეთ პასკას სამჯერ ამოსვლა."

წყარო: ​tatia_teqturmanidze

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად