Baby Bag

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ომიკრონის შტამის მიმართ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირების შესახებ ისაუბრა:

„დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ომიკრონთან მიმართებაში დაცულობის მასშტაბი ასე ლაგდება: ორი ვაქცინით აცრილი, მერე ბუნებრივი გზით გადატანილი, მერე ბუსტერული დოზით აცრილი და შემდგომ გადატანილი და ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანი. ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა ეს გრადაციაა.“

„ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ორჯერ ვაქცინირებულს, მერე აქვს შედარებით უფრო ყოჩაღი ბუნებრივად გადატანილს, ოღონდ ახლოს არიან ესენი ძალიან და რეინფიცირების რისკები ძალიან ახლო-ახლოა. შემდგომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა, თითქმის 75% და 90%-ს უახლოვდება მძიმე დაავადებისგან დაცვა სამჯერ აცრილ ადამიანებში, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს. ასეთი ტერმინიც კი შემოიტანეს. ის არის ყველაზე დაცული,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„არავის და არაფერს თავი არ უნდა დაანგრევინო და თუ ანგრევინებ, ეს შენი არჩევანია,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ სტრესისა და ემოციური გადაწვის დაძლევის გზებზე ისაუბრა:

„პირველ რიგში უნდა ამოვიცნო, რა მჭირს. თუ არ ვიცი, რა მქვია, სად ვარ, ვინ ვარ, რთულია. ხან წარსულში ხარ, ხან მომავალში და აქ არ ხარ. 5 კითხვაა, რომელზეც უნდა გასცეს ადამიანმა პასუხი: ვინ ვარ მე? როგორი ვარ? რა მინდა? რა მჭირდება და რა შემიძლია? შეიძლება მინდა, მაგრამ არ შემიძლია, მჭირდება, მაგრამ არ მინდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სახელდება მოხდეს და გავარკვიოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარი თავის მიღება, პატივისცემა. ასეთი წესი არსებობს: ჩამოწეროს ადამიანმა საკუთარი უარყოფითები. დღის ბოლოს გადახედოს მას და თითოეულ ამ უარყოფითს მადლობა გადაუხადოს, განსაკუთრებით იმას, რაც მოცემულობაა: მაგალითად, დაბალია, მაღალია. უნდა თქვა: „მე ამით ვარ განსაკუთრებული. ეს არის ის, რითაც მე ვარ ჩემი თავი. ეს ჩემი ნაწილია და ამიტომ მადლობა მას.“ მერე ჩამოვწეროთ ის თვისებები, რომლის შეცვლა შემიძლია, რომელიც არ მომწონს. ჩვენი სუსტი მხარეები შეიძლება ისე დავატრიალოთ, რომ საყრდენი გახდეს. თუნდაც შიში, რომელიც გააჩნია რისი შიშია.

არაფერზე არ უნდა გაგიჟდე... რაზეც გაგიჟდები და ვისზეც გაგიჟდები, ის მოგიყოლებს და გაგსრესს. ბალანსი უნდა დაიცვა და დამოკიდებული არ უნდა გახდე. ზოგი ამაყობს, რომ არ ისვენებს არც შაბათს, არც კვირას, არცერთი წუთი არ აქვს. ეს ხომ არჩევანია. რატომ უნდა დაგიკრან ტაში ამის გამო? რომ ამადლი მერე შენს თავს სხვებს...

ოთხი ნაბიჯი აქვს სტრესის გამკლავებას. პირველი, რომ შემოულაწუნო შენს თავს გადატანითი მნიშვნელობით, დაიწყო ღრმა სუნთქვა, დაჯდე და დაფიქრდე, ჩამოწერო, რაზე ნერვიულობ, რისი შეცვლა შემიძლია. თუ შეცვლა შემიძლია, ახლავე დავიწყო ეს, თუ არ შემიძლია, გავიარო ყველა სტადია და მივიღო რეალობა. არავის და არაფერს თავი არ უნდა დაანგრევინო და თუ ანგრევინებ, ეს შენი არჩევანია.

ძალიან დიდი შეცდომაა, რომ არავის არაფერი არ უნდა სთხოვო და ყველაფერი შენით გააკეთო. თუ არ აკაკუნებ, კარი არ გაგეღება, თუ არ ითხოვ, არ მოგეცემა. გაღებული კარი შენთვის არ არის. ის ისედაც ღიაა. ან შეხვალ, ან არა. ცოტა მცდელობა უნდა იყოს,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

წაიკითხეთ სრულად