Baby Bag

„ჩემთვის, როგორც კლინიცისტისთვის ომიკრონი არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი თავისი კლინიკური მიმდინარეობით,”- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ჩემთვის, როგორც კლინიცისტისთვის ომიკრონი არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი თავისი კლინიკური მიმდინარეობით,”- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ლაშა უჩავა ომიკრონის შტამის გარშემო საზოგადოებაში დაგროვილი კითხვებისთვის პასუხის გაცემის აუცილებლობაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ ძალიან ბევრი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მან ახალი შტამის გამო ტესტირების საკითხთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების აქტუალობასაც გაუსვა ხაზი.

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა აღნიშნა, რომ ის ლაშა უჩავას მოსაზრებას იზიარებს. მის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„აბსოლუტურად გეთანხმები ლაშა. ჩემთვის,როგორც კლინიცისტისთვის ომიკრონი არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი თავისი კლინიკური მიმდინარეობით,ზოგჯერ ერთადერთი სიმპტომით-რინორეა ან რინოობსტრუქცია(არ არის გამორიცხული ხო სხვა, მარტივი კორონავირუსი,ან რინო,ან ადენო,ან გრიპიც ზოგჯერ). ხშირად PCR-უარყოფითია,სწრაფ ტესტზე ლაპარაკიც ზედმეტია,ორ პაციენტთან მქონდა შემთხვვა დადასტურებული კოვიდი გადავამოწმეთ და ინფლუენსაზეც დადებითი აღმოჩნდნენ(კლინიკურად კლასიკური გრიპი იყო). უამრავი კითხვა დაგროვდა,პირველი და უმთავრესი-კოვიდია ომიკრონი?თუ სეზონური ვირუსი,ან იქნებ ტესტების მგრძნობელობა გვატყუებს?მართვაში მაინც არაფერი იცვლება,იზოლაცია,ჰიგიენა და სამედიცინო პირბადის ტარება სხვა ვირუსების დროსაც აუცილებელია!ლაშა, ჩემი და ბევრის სათქმელიც თქვი,“ - აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვებში ბულინგის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„არაადეკვატურობა ნიშნავს იმას, რომ ისე ჩაერიონ მშობლები, რომ მოცვივნენ სკოლაში, ატეხონ ერთი ამბავი და ამით კიდევ უფრო მეტი ჩაგვრის საბაბი მისცეს მჩაგვრელებს. ცემაზე უფრო ზოგჯერ ბავშვებს დაცინვის ეშინიათ. დაცინვა და ფსიქოლოგიური ბულინგი არის ძალიან მძიმე ბავშვისთვის. არაადეკვატურობაა ისიც, რომ შვილს ამუნათებენ: „რა არის, რით ვეღარ იცავ შენს თავს?!“ იქ დაჩაგრეს ბავშვი და სახლშიც ჩაგრავენ. ადეკვატურობა ნიშნავს მხარდაჭერას, გვერდში დადგომას, მოსმენას და მერე ერთად გადაწყვეტას.

ბავშვის რესურსი უნდა გაძლიერდეს, გაიგოს სკოლის ადმინისტრაციამ, სკოლაში სასურველია იყოს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგები რომლებიც ამ საკითხზე იმუშავებენ. უფროსი მეგობრებისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ჩარევას ვხედავთ, რომ შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგი. სკოლის გარეთ ხდება გარჩევები, მოდიან დანით. ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს, ამიტომ სჯობს, მისთვის სანდო უფროსს უთხრას ბავშვმა. აუცილებელია მხარდაჭერა. არ შეიძლება ჩვენც დავაბულინგოთ ბავშვი, რომელიც ისედაც დაჩაგრულია.

ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელდა კიბერბულინგი. ერთმანეთის გასაოცარი ჩაგვრა მიდის. ბავშვებში მოდებულია შიშველი ფოტოების ერთმანეთთან გაგზავნა. ამას აიძულებენ ბავშვს. მჩაგვრელს სურს ჰქონდეს რაღაც ისეთი, რითიც შემდეგ მანიპულირებას შეძლებს. აშინებს ბავშვს, რომ დედას რაღაც მოუვა, მამას რაღაც მოუვა. მასაც ეშინია. უცნაური ის არის, რომ ბავშვები აგზავნიან ამ ფოტოებს. შემდეგ ამის გასაჯაროვება ხდება. ამაზე დასცინის ყველა ერთმანეთს. ძალიან ბევრი ბავშვი ამის გამო გადადის სკოლიდან, იძულებულია უბანი შეიცვალოს. აქ სჭირდება ბავშვს ფსიქოგანათლება მასწავლებლისგან, ფსიქოლოგისგან,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად