Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინფიცირებული ბავშვის სახლში მართვას ორი შემადგენელი აქვს: სიცხის დამწევები ექვსსაათიანი ინტერვალით და აუცილებლად დამატებით სითხეების მიცემა,“- ივანე ჩხაიძე

„ინფიცირებული ბავშვის სახლში მართვას ორი შემადგენელი აქვს: სიცხის დამწევები ექვსსაათიანი ინტერვალით და აუცილებლად დამატებით სითხეების მიცემა,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების სახლში მართვის შესახებ ისაუბრა და მშობლებს სასარგებლო რჩევები მისცა:

„ომიკრონისთვის დამახასიათებელია ბავშვებში მძიმე მიმდინარეობის ნაკლებად არსებობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მშობლისთვის იყოს ნათელი: თუ მის შვილს აქვს მაღალი ტემპერატურა, ეს არ უნდა გახდეს მისი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში წაყვანის მოტივაცია. მაღალი ტემპერატურით ავადობის დაწყება ომიკრონისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელია.“

„ყველა მშობელმა, რომელსაც ბავშვი ჰყავს სახლში, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38.5-ზე მეტი, უნდა გაითვალისწინოს, რომ უმჯობესია, პირველი 2-3 დღის განმავლობაში მართვაში აქტიურად იყოს გამოყენებული სიცხის დამწევი საშუალებები სიროფის ან სანთლის სახით. თუ ბავშვი ემორჩილება სიცხის დამწევების მიცემას, ამას დაუმატეთ სითხეები, ჩაი, კომპოტი, წვენი. ორი შემადგენელი აქვს ბავშვის სახლში მართვას: სიცხის დამწევები ექვსსაათიანი ინტერვალით, უკიდურეს შემთხვევაში ოთხსაათიანი ინტერვალით და აუცილებლად დამატებით სითხეების მიცემა. პირველი 2-3 დღის განმავლობაში სხვა რაიმე ნიშნები თუ არ აქვს ბავშვს, შეგიძლიათ ეს მდგომარეობა მართოთ ბინაზე. როგორც წესი, ომიკრონის კლინიკური ნიშნები 3-4 დღის ხანგრძლივობისაა, ამიტომ, თუ თქვენ სამი დღის განმავლობაში წარმატებით მოახერხეთ ბავშვის მდგომარეობის კონტროლს და მონიტორინგს ბინაზე, მეოთხე-მეხუთე დღეს უკვე დაავადების ნიშნები აღარ იქნება. არ შეგვეშინდეს! პირველი სამი დღის განმავლობაში ტემპერატურის მართვა, თუ ის ემორჩილება დამწევებს, იქნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ ისაუბრა.

წყარო: ​მედიაჰოლდინგი „კვირა“

წაიკითხეთ სრულად