Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოქმედებს დედის ბრაზი ბავშვებზე?

როგორ მოქმედებს დედის ბრაზი ბავშვებზე?

დედა ჩვეულებრივი ადამიანია, რაც ხშირად გვავიწყდება. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დედა ყოველთვის ბედნიერი, გაღიმებული და მშვიდი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია და დედები ყველა იმ ემოციას განიცდიან, რასაც სხვები. დედები ყოველთვის დატვირთულები არიან, რაც ხშირად სტრესის, სევდის, გამოფიტვისა და ბრაზის გამომწვევი ხდება. რა თქმა უნდა, დედებს აქვთ უფლება ჰქონდეთ განსხვავებული ემოციები, თუმცა ისინი ბავშვებისთვის როლურ მოდელებს წარმოადგენენ. მშობლებმა შვილებს ემოციებთან გამკლავება და მათი სწორი ფორმით გამოხატვა უნდა ასწავლონ, რის გამოც დედას უდიდესი სიფრთხილე მართებს, როდესაც შვილების წინაშე უარყოფით ემოციებს მძაფრად გამოხატავს.

მართალია, ბრაზი ადამიანური ემოციაა, თუმცა დედის ბრაზი ბავშვებზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს. მშობლების ემოციები ბავშვებისთვის გადამდებია. ისინი ემოციებთან გამკლავებას სწორედ მშობლების მაგალითზე სწავლობენ. ჩვეულებრივი, ყოველდღიური ემოციები ბავშვზე დიდ გავლენას არ ახდენს, მაგრამ დედის ბრაზი მასზე ძალიან ზემოქმედებს.

დედის ძლიერი ბრაზი ბავშვს კონცენტრაციის უნარს უქვეითებს. მათ უჭირთ სკოლაში სწავლაზე ფოკუსირება და საკუთარი ჰობის მიმართაც ინტერესს კარგავენ. ბავშვებს უძნელდებათ თამაში და სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია. დედის ინტენსიურმა ბრაზმა, შესაძლოა, ბავშვი ჩუმ და მშიშარა ადამიანად აქციოს. რიგ შემთხვევებში ის ბავშვებში ძილის პრობლემების გამომწვევიც ხდება.

ძლიერი ბრაზი დედასა და შვილს შორის კავშირზეც ზემოქმედებს. თუ ბავშვი ხედავს, რომ დედა ბრაზს ყვირილით გამოხატავს, შესაძლოა, თავადაც ყოველთვის იყვიროს, როდესაც ბრაზს იგრძნობს, რაც მშობელსა და შვილს შორის კავშირს აზიანებს. როდესაც დედა გრძნობს, რომ მისი ბრაზი უკონტროლოა და ის ყველაფერზე ღიზიანდება, მან საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა დაიწყოს, საჭიროების შემთხვევაში კი პროფესიონალის დახმარებაც ითხოვოს. თუ დედა გრძნობს, რომ ბრაზის გაკონტროლება უჭირს, ის ცოტა ხნით უნდა მოშორდეს ბავშვს, გავიდეს გვერდით ოთახში, გააკეთოს სუნთქვითი ვარჯიშები, დამშვიდდეს და კვლავ ბავშვთან დაბრუნდეს. ამგვარად, ის უკონტროლო ბრაზის შემოტევისგან დაიცავს თავს და ბავშვის ემოციებსაც გაუფრთხილდება.

წყარო: ​moms.com

წაიკითხეთ სრულად