Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცივი წყალი და ნაყინი უარყოფითად არ მოქმედებს, თუ ბავშვი ჯანმრთელია და ყელი არ აქვს ქრონიკულ მდგომარეობაში,“- ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

„ცივი წყალი და ნაყინი უარყოფითად არ მოქმედებს, თუ ბავშვი ჯანმრთელია და ყელი არ აქვს ქრონიკულ მდგომარეობაში,“- ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

ოტორინოლარინგოლოგმა ლიკა ლომიძემ ზაფხულში ცივი წყლისა და ნაყინის მიღების წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არცერთი მათგანი ჯანმრთელ ადამიანს ზიანს არ აყენებს:

„ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალურია გადახურება-გადაციების საკითხი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ზედმეტ მზის სხივებთან ან ზედმეტ ცივ წყალთან და ნაყინთან ურთიერთობას, რასაც ბავშვები კი არა, დიდებიც ვერ ავუვლით ხოლმე ზაფხულობით გვერდს. რაც შეეხება ნაყინისა და ცივი წყლის გამოყენებას, თუ ბავშვი ჯანმრთელია, თუ მისი ყელი არ არის ქრონიკულ მდგომარეობაში, არ არის ხშირად მოავადე, იმუნური სისტემა ძლიერი აქვს, ნაყინი და ცივი წყალი მასზე უარყოფითად არ მოქმედებს და არ იწვევს იმ ანთებით პროცესს, რომელსაც ხშირად მიაწერენ ხოლმე ნაყინისა და ცივი წყლის მოქმედებას.

არსებობენ რისკის ჯგუფის ბავშვები, რომლებზეც გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას. ეს ჯგუფია ქრონიკული ტონზილიტით დაავადებული ადამიანები, ქრონიკული ფარინგიტითა და ლარინგიტით დაავადებული პირები. ხშირად არის ფარული სახის ტონზილიტი, როდესაც არ გამოვლინდება ის ხშირი ანგინებითა და ანთებით. ამ შემთხვევაში მისი გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა. აბსოლუტურად საწინააღმდეგო მინდა ვთქვა გაზიან სასმელებზე, რომელიც არ არის სასურველი ყელისთვის. ის ხშირად აღიზიანებს ყელს, თუნდაც გლანდებამოჭრილ პაციენტებშიც. მან შეიძლება გამოიწვიოს ყელის გაღიზიანება და ხშირი ფარინგიტი, რაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს ჩვენი არასწორი და არაჯანსაღი კვების გამო,“- მოცემულ საკითხზე ლიკა ლომიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად