Baby Bag

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათვლა, ეს არ არის სწორი,“- მაია ბუწაშვილი

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათვლა, ეს არ არის სწორი,“- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდინფიცირებულების იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობების შესახებ ისაუბრა:

„საკმაო გაუგებრობაა იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა.

როდესაც კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს ურეკავენ, აფრთხილებენ, რომ იზოლაციის დაწყების თარიღად ითვლება კოვიდის ლაბორატორიული დადასტურების დღე. უსიმპტომო პაციენტებისთვის მართლაც ასეა, თუმცა გაუგებრობაა სიმპტომების შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში იკითხება, რომ პირი „ექვემდებარება იზოლაციას მკაცრად 8 დღის განმავლობაში“, თუმცა მე ვერ მივაგენი, თუ სინამდვილეში არ არის მითითებული, არ ჩანს საიდან იწყება ამ 8 დღის ათვლა.

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან: „If you have mild symptoms, day 0 of isolation is the day of symptom onset, regardless of when you tested positive“ (ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).

ანუ როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ დადასტურების თარიღიდან იწყება ათვლა, არ არის სწორი, რადგან ადამიანმა შეიძლება ტესტირება გვიან ჩაიტაროს (მაგალითად, სიმპტომების დაწყებიდან მე-5 დღეს), ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი კიდევ დამატებით 8 დღე უნდა გამოვკეტოთ, რაც ჯამში 13 დღე გამოვა. ხშირად სიმპტომების დაწყებისას ტესტი უარყოფითია და მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ხდება დადებითი. ასეთი ხალხი სრულიად გაუმართლებლად გვყავს იზოლაციაში დამატებითი დღეების განმავლობაში. ისედაც კადრების კატასტროფული დეფიციტია ყველგან, რადგან უამრავი ადამიანია ინფიცირებული. ჩვენი კი დამატებით, სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ შეიძლება ინფიცირებულმა არასწორად დაასახელოს სიმპტომების დაწყების დღე. კი ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ ამ ლოგიკით, ინფიცირებულმა შეიძლება საერთოდ არ ჩაიტაროს ტესტირება და სრულიად თავისუფალი იყოს იზოლაციიდან, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამიტომ ჩვენ მაინც ინდივიდების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით და ვენდობით, რადგან სხვა ბერკეტი არ არსებობს. ამიტომ უნდა დავუჯეროთ სიმპტომების დაწყების დასახელებულ დღესაც და ათვლა აქედან დავიწყოთ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან ისედაც მეტია იზოლაციის დღეები (8 დღე, აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებული 5 დღის ნაცვლად).

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ იზოლაცია ეხება ინფიცირებულ პირს, ხოლო კონტაქტში მყოფისთვის გამოიყენება ტერმინი კარანტინი, არადა, ოფიციალურ დოკუმენტებშიც არეულია ეს ტერმინები და ცოტა უხერხულია,”- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად