Baby Bag

ჩვილებში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული ინფექციების გამოწვევის გამო 3 ტიპის საბავშვო ფორმულა მწარმოებელმა გაყიდვებიდან გაიწვია

ჩვილებში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული ინფექციების გამოწვევის გამო 3 ტიპის საბავშვო ფორმულა მწარმოებელმა გაყიდვებიდან გაიწვია

კომპანია Abbott Nutrition-მა გაყიდვებზე გატანილი პოპულარული საკვები ფორმულები Similac, Alimentum და EleCare უკან გაიწვია, რადგან პროდუქტის მიღების შემდეგ ოთხი ჩვილი ბაქტერიული ინფექციის განვითარების გამო საავადმყოფოში მოხვდა. Abbott Nutrition ბავშვთა კვების ცნობილი კომპანიაა, რომლის საკვებ პროდუქტებს ჩვილების კვებაში მშობლები აქტიურად იყენებენ.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ოთხი მომხმარებლის საჩივარი განიხილა. სამი საჩივარი ჩვილებში კრონობაქტერ საკაზაკის შემთხვევების გამოვლენას შეეხებოდა. აღნიშნული ბაქტერია ტვინისა და ხერხემლის დამცველ მემბრანებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ ანთებით პროცესებსა და ინფექციებს იწვევს. კრონობაქტერმა, შესაძლოა, ნაწლავებიც დააზიანოს და სისხლის მეშვეობით ორგანიზმის სხვა ნაწილებშიც გავრცელდეს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ხუთშაბათს მშობლების ინფორმირებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ტეხასის, ოჰაიოსა და მინესოტას შტატებში ოთხი ჩვილის ბაქტერიული ინფექციით დაავადების შესახებ იყო საუბარი. სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლოა, რომ ბაქტერიული ინფექცია ერთ-ერთი ჩვილის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.

კომპანია Abbott Nutrition-მა მომხდარის გამო უკან გაიწვია Similac-ის, Alimentum-ისადა EleCare-ის პროდუქციის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც ვადა 2022 წლის პირველ აპრილს ან უფრო გვიან ეწურება. გაწვეულ პროდუქტებს შორის არის ისეთი ფორმულები, რომლებსაც კონტეინერის ბოლოში აქვს მრავალი რიცხვის შემცველი წარწერა. ბაზრიდან ამოღებული ფორმულების წარწერები 22-დან 37-ის ჩათვლით რიცხვებით იწყება და შეიცავს K8-ს, SH-ს ან Z2 წარწერებს.

სიმილაკის საბავშვო ფორმულები ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთ უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მწარმოებელი კომპანია საბავშვო ფორმულებში კრონობაქტერისა და სხვა პათოგენების შემცველობას იკვლევს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად გამოძიების პროცესში აქტიურად არის ჩართული.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მშობლებს ურჩევს, რომ აღნიშნული საბავშვო ფორმულის გამოყენების შემხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდნენ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენისას ექიმს მიმართონ.

წყარო: ​Nytimes.com


შეიძლება დაინტერესდეთ

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად