ამ წუთებში თბილისის ზოოპარკში სპილო „გრანდის“ ურთულესი ოპერაცია უტარდება - მას დაზიანებული ეშვი უნდა ამოუღონ.
ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ოპერაციაზე ქართველი ვეტექიმებიც იმუშავებენ. ამ ეტაპზე უცნობია, რა დრო დასჭირდება დაჩირქებული ეშვის ამოღებას, რომელიც საფრთხეს უქმნის სპილო „გრანდის“ ჯანმრთელობას.
ოპერაციის პროცედურა ასეთია: სპილოს დააძინებენ მისსავე ვოლიერში, სადაც უკვე მომზადებულია სპეციალური ტექნიკა, აპარატურა და ინსტრუმენტები და დაიწყება ოპერაცია. ვოლიერთან ასევე მოყვანილია ამწე, იმ შემთხვევისთვის, თუ სპილომ არასწორ პოზიციაში დაიძინა, მოხდება მისი შემობრუნება.
ოპერაციის გადასაღებად თბილისში იმყოფება BBC-ს გადამღები ჯგუფიც. „ბი-ბი-სი“ ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.
23 წლის სპილო „გრანდისთვის“ ეს მეორე ოპერაციაა. სპილო საქართველოში რამდენიმე წლის წინ ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორივე ეშვი დაზიანებული ჰქონდა. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პირველი ოპერაცია, რომელიც 11 საათს გაგრძელდა, „გრანდს“ 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.