Baby Bag

უკრაინელ ბავშვებს მშობლები სკოლაში სპეციალური სტიკერებით უშვებენ, რომელზეც მათი სისხლის ჯგუფის, მისამართის და მშობლების ვინაობის შესახებ ინფორმაციაა დატანილი

უკრაინელ ბავშვებს მშობლები სკოლაში სპეციალური სტიკერებით უშვებენ, რომელზეც მათი სისხლის ჯგუფის, მისამართის და მშობლების ვინაობის შესახებ ინფორმაციაა დატანილი

უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, მშობლები ბავშვებს სკოლებში განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებით უშვებენ.

today.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი მშობლები, რომლებიც შვილების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ღელავენ, შვილებს სკოლებში სპეციალური სტიკერებით გზავნიან. სტიკერზე ბავშვების სისხლის ჯგუფის, მათი მშობლების სახელების და გვარების, ასევე მისამართების შესახებ ინფორმაციაა დატანილი. სტიკერებისთვის მხოლოდ ერთი განსაზღვრული ფორმატი არ არსებობს. თითოეული მშობელი თავად ირჩევს, რა ინფორმაცია დაიტანოს სტიკერზე.

today.com-ის ინფორმაციით, ზოგიერთმა სკოლამ მსგავსი სტიკერების ტარება ბავშვებისთვის სავალდებულო გახადა.

ერთ-ერთმა უკრაინელმა მშობელმა კრისტინამ today.com-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის უფროს შვილს სკოლაში უშვებს, უმცროსებს კი, რომლებიც ბაღის ასაკის ბავშვები არიან, სახლში ტოვებს. კრისტინას თქმით, ბაღი სკოლისგან შორს არის და საგანგებო ვითარების შემთხვევაში, სამივე ბავშვის დროულად გამოყვანას ვერ შეძლებს, რის გამოც უმცროსებს ბაღში არ უშვებს.

წყარო: ​sheknows.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

სეზონური კვების გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე - პედიატრი თემურ მიქელაძე

სეზონური კვების გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის სეზონური კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სეზონური ხილი და ბოსტნეული ამ მხრივ უდიდეს როლს ასრულებს:

„ექიმები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სეზონური ხილი, სეზონური ბოსტნეული გამოვიყენოთ სწორედ იმ ეტაპზე, რაც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობის სწორად განვითარებისთვის. ეს ხილი, ბოსტნეული სწორედ იმ მიკრო და მაკრონუტრიენტებს, ვიტამინებს შეიცავს დიდი რაოდენობით, რაც იმ სეზონზეა აუცილებელი ბავშვისთვის. კვება შეიძლება დავყოთ გარკვეულ ეტაპებად: წლამდე კვება, ერთი წლიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვის კვება, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის კვება, სკოლამდელი კვება და ა.შ.“

თემურ მიქელაძის თქმით, სეზონური კვება მნიშვნელოვანია მეძუძური დედებისთვისაც:

„ძუძუთი კვების დროს დედას ვურჩევთ სეზონურად მიირთვას ხილი, ბოსტნეული. სწორედ იმ სეზონზე შეიცავს მაქსიმალურ მიკრონუტრიენტებს, წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ნახშიწყლებს, ცილებს ეს ხილი და ბოსტნეული. ცხიმებს შეიცავს იმ შემთხვევაში, თუ ვიყენებთ ცხოველურ საკვებს. თევზი შეიძლება პაციენტებს სეზონურადაც შევთავაზოთ. გავითვალისწინოთ ის გარემოებები, რომლებიც მოქმედებს ამ ცხოველურ საკვებზე. დედის რძესაც ახასიათებს სეზონური ცვლილებები. შესაბამისად ის სეზონურად გადასცემს ბავშვს მიკრონუტრიენტებს, რაც აუცილებელი და დროულია ბავშვის ნერვული სისტემის სწორი მომწიფებისთვის. ბოსტნეულის პიურე ადრეული ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელია, რომ სეზონურად დაინიშნოს. გაზაფხულის პერიოდში ჩვენთან დიდი რაოდენობით არის სალათები, მწვანილი, ყაბაყი, კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო. ხილფაფებშიც სეზონურ ხილს ვიყენებთ.“

თემურ მიქელაძის თქმით, ხილი და ბოსტნეული პერისტალტიკას აუმჯობესებს და ყაბზობის პროფილაქტიკასაც ახდენს:

„ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს, რაც პერისტალტიკას აუმჯობესებს და ყაბზობის პროფილაქტიკაც არის. ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ წყალში ხსნად ვიტამინებს, როგორებიცაა: B ჯგუფის ვიტამინები, C ჯგუფის ვიტამინები, კაროტინოიდები. არის დაავადებები, როდესაც გვაქვს ფრუქტოზის აუტანლობა. აქ შეიძლება შევზღუდოთ კიდეც ხილი ან მოდიფიცირება მოვახდინოთ ნახშირწყლის. კონკრეტული შემთხვევა აუცილებლად უნდა იქნეს ექიმის მიერ შესწავლილი. 12 წელი არის პუბერტული ასაკი. აქ აუცილებელია სწორი, ბალანსირებული კვების გათვალისწინება.“

„შეიძლება ბავშვმა იმდენად მაღალი კონცენტრაციით მიიღოს სხვადასხვა ნივთიერება, რომ კუჭის ლორწოვანი გაღიზიანდეს. ამიტომ ეს უნდა იყოს სწორად, რაციონალურად გამოყენებული, რათა ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აღარ წამოგვივიდეს. მე ხშირად მომმართავენ პაციენტები, როდესაც ბავშვები არ ჭამენ ხორცს, არ ჭამენ ბოსტნეულს. მე ყოველთვის ვურჩევ მშობელს, რომ ბოსტნეული იქნება თუ ხორცის თერმულად დამუშავება, ბავშვთან ერთად მოამზადონ. ბავშვი უფრო კარგად შეჭამს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად