Baby Bag

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

უკრაინელი ქალი, რომელიც კიევის მახლობლად შვილთან ერთად ცხოვრობს მედიასთან საუბარში იმ მძიმე ეტაპის შესახებ ყვება, რომლის გადატანაც ბავშვთან ერთად უწევს. 41 წლის მარინა მასწავლებელია. მისი ქალიშვილი სოლომია 8 წლის გოგონაა და ომთან დაკავშირებით დედას უკვე რთულ კითხვებს უსვამს.

„ის ყოველთვის მეკითხება: დედა, თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ? ჩვენ ხომ უკრაინელები ვართ და უკრაინულად ვლაპარაკობთ. ასე რატომ ბრაზობენ ჩვენზე?“- ამბობს აღელვებული დედა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოლომიას სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„პუტინი შეშლილი კაცია. ის მანიაკია. უკრაინის შემდეგ ის არ გაჩერდება. შემდეგი ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები იქნებიან,“ - აღნიშნავს მარინა.

მარინას თქმით, მას ქალაქიდან გასვლა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან გზების ნაწილი ჩაკეტილია, დანარჩენ გზებზე კი საშინელი საცობებია.

„არ ვიცი ჩემი შვილი ხვალ ან ზეგ უსაფრთხოდ იქნება თუ არა,“- წუხს სოლომიას აღელვებული დედა.

წყარო: ​wfaa.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვის ქცევაში რაღაც არ მოგვწონს, პირველ რიგში, მიზეზი ვეძებოთ ბავშვის ახლო გარემოში,“- ფსიქოლოგი თეო გუბიანური

„როდესაც ბავშვის ქცევაში რაღაც არ მოგვწონს, პირველ რიგში, მიზეზი ვეძებოთ ბავშვის ახლო გარემოში,“- ფსიქოლოგი თეო გუბიანური

ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ბავშვსა და მშობელს შორის უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მიჯაჭვულობაში ვგულისხმობთ ემოციურ კავშირს. ეს კავშირი არ არის მხოლოდ ბავშვს და მშობელს შორის კავშირი, შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელიც ზრუნავს ბავშვზე. ჩვილობიდან იწყება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება. რა ფორმის იქნება მიჯაჭვულობა, ეს დამოკიდებულია მზრუნველ ადამიანზე. უსაფრთხო მიჯაჭვულობისას ბავშვს აქვს განცდა, რომ ვიღაც მასზე ზრუნავს და მხარს უჭერს. მას ეს შემდგომში განუზოგადდება გარემოზე, სამყაროზე. თუ მას ბავშვობიდან ასწავლეს, რომ ეს სამყარო და შენ ირგვლივ ადამიანები უსაფრთხოა და შეგიძლია ენდო, მას ეს გაჰყვება. მეორე ტიპის მიჯაჭვულობისას საფრთხის განცდაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც მას უვლიან, აჭმევენ, მაგრამ არ აქვთ მასთან ემოციური კავშირი.

ბავშვს რომ ვაწყენინებთ, გვგონია, რომ არაფერია, მეორე დღეს შემოვირიგებთ. ასე არ არის. იმას დრო უნდა, რომ ისევ გვენდოს. კარგად უნდა დავფიქრდეთ და დავგეგმოთ, როგორ მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა. ბავშვი რომ იზრდება, მიჯაჭვულობა, რომელიც ჩამოუყალიბდა, მოზარდობაში აისახება იმაზე, როგორ ურთიერთობას ამყარებს სხვებთან. შეიძლება ადამიანმა რაღაც მომენტში გადაიაროს არასანდო მიჯაჭვულობის ტრავმა, მოაგვაროს ამ ტრავმასთან თავისი ურთიერთობა.

ბავშვი რომ იბადება, ის იბადება და მან საერთოდ არ იცის ქცევის წესები, როგორ უნდა მოიქცეს. როდესაც ბავშვის ქცევაში რაღაც არ მოგვწონს, პირველ რიგში, მიზეზი ვეძებოთ ბავშვის ახლო გარემოში. თუ იქ ყველაფერი წესრიგშია, მერე მივადგეთ ბავშვს. პრობლემა ვეძებოთ ჩვენში, უფროსებში. პიროვნული თვისებები გენეტიკურად განპირობებულია, მაგრამ ნახევარს იღებს ბავშვი გარემოდან, ამიტომ გარემოს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ,“- მოცემულ საკითხზე თეო გუბიანურმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად