Baby Bag

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში ჩატარებული საქორწინო ცერემონია უკრაინელი წყვილის საოცნებო ქორწილისგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა მათ დაძაბული ვითარების ფონზე სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილის დღეს ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მიუხედავად ამისა იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი მაინც დაქორწინდნენ.

„ეს ძალიან საშიში იყო. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ქუჩაში გადიხარ და განგაშის ხმა გესმის,“- აღნიშნა იარინა არიევამ.

წყვილს ქორწილი მაისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მათი გეგმები ომის დაწყებამ შეცვალა. გაურკვეველი მომავლის შიშით, შეყვარებულებმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს.

„ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ჩვენ დავიღუპოთ. მანამდე კი უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს. იქნებ რუსეთი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ქორწინება ნორმალურად ავღნიშნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უსაფრთხო, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ რუსების გარეშე,“- განაცხადა არინა არიევამ.

წყარო: ​edition.cnn.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვის აღზრდით არ ვართ დაკავებული ჩვენ, ამით დაკავებულია ტექნიკა ან სხვა ადამიანი,“- პაატა ამონაშვილი

„როდესაც ბავშვის აღზრდით არ ვართ დაკავებული ჩვენ, ამით დაკავებულია ტექნიკა ან სხვა ადამიანი,“- პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდის უწყვეტობასა და პროცესში მშობლის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვი იზრდება და ვითარდება დაბადებიდან ყოველწამიერად, დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში 7 დღე. პროცესს არ აქვს შესვენება. არსად არ წერია, რომ განვითარებას აქვს სადილზე შესვენება, დიდებო, დაისვენეთ, ბავშვები არ ვითარდებიან. ასეთი რამ არ არსებობს. ასევე არის აღზრდა. აღზრდაც არ ჩერდება. როგორც კი დედა იტყვის, რომ ამ წუთას მე მაქვს ჩემი საქმეები (გასაგებია, აქვს საქმეები, ოჯახის საქმეებია, გასარეცხია, დასალაგებელია, სადილია მოსამზადებელი), მაშინვე უნდა ვაღიაროთ, რომ ის ერთი საათი, როდესაც ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ბავშვი დავტოვეთ ეკრანთან, ამ მომენტში ბავშვის აღზრდით დაკავებულები არიან სხვები. ის სხვები არ არიან ჩვენი ბავშვის აღზრდაში დაინტერესებული ჩვენებურად, არიან დაინტერესებული თავისებურად.

ძალიან ხშირად, ბავშვებისგან, რომლებიც ადრეული ასაკიდან რაღაც ფილმების წინაშე არიან მარტონი, ვხედავთ, რომ მულტფილმებისა და თამაშების ხატები ხდება ბავშვების პიროვნების ნაწილი. ისინი იწყებენ ასევე მოქცევას, რაღაც გამოვლინებები აქვთ და გვიკვირს, რატომ აკეთებენ ამას.

რაც უფრო ხანგრძლივად უყურებენ ბავშვები მულტფილმებს, მით ნაკლები მიდრეკილება აქვთ გააკეთონ რამე თავისი ხელით, პასიურობა ჩნდება, ინერტულობა ჩნდება. გაიტანეთ ეს ტელევიზორი! როდესაც საქმე გვაქვს, დედამთილს დავუძახოთ, დედას დავუძახოთ. გავიაზროთ, რომ ან ჩვენ ვართ დაკავებული აღზრდით, ან რაღაც შინაარსია დაკავებული ბავშვის აღზრდით, რომელიც ჩვენ ჩავურთეთ, იმიტომ, რომ არ გვცალია,“- აღნიშნა პაატა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად