Baby Bag

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში ჩატარებული საქორწინო ცერემონია უკრაინელი წყვილის საოცნებო ქორწილისგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა მათ დაძაბული ვითარების ფონზე სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილის დღეს ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მიუხედავად ამისა იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი მაინც დაქორწინდნენ.

„ეს ძალიან საშიში იყო. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ქუჩაში გადიხარ და განგაშის ხმა გესმის,“- აღნიშნა იარინა არიევამ.

წყვილს ქორწილი მაისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მათი გეგმები ომის დაწყებამ შეცვალა. გაურკვეველი მომავლის შიშით, შეყვარებულებმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს.

„ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ჩვენ დავიღუპოთ. მანამდე კი უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს. იქნებ რუსეთი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ქორწინება ნორმალურად ავღნიშნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უსაფრთხო, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ რუსების გარეშე,“- განაცხადა არინა არიევამ.

წყარო: ​edition.cnn.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი ბავშვები სოციალურად არაკომპეტენტურები არიან, მათ ადამიანებთან ურთიერთობა არ იციან,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

„ჩვენი ბავშვები სოციალურად არაკომპეტენტურები არიან, მათ ადამიანებთან ურთიერთობა არ იციან,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა მშობლებსა და შვილებს შორის კონტაქტის ნაკლებობის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე დარჩნენ და ეს ბევრი პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდა:

„არაფორმალურ გარემოში, მეგობრებთან ერთად უფრო დაინახავ ბავშვს, თუ როგორია ის. ​ჩვენ არ გვაქვს კონტაქტი ჩვენს შვილებთან. ამან გამოიწვია ძალიან ბევრი რამ. დაკავებული და დაღლილი მშობლები მთელი დღეების განმავლობაში ზრუნავენ მატერიალურ კეთილდღეობაზე, რამაც ბავშვები დაგვიტოვა მეთვალყურეობის გარეშე.“

ლელა ტყეშელაშვილის თქმით, ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის ჩართულობა აუცილებელია:

„ადრე დედები თითქოს ითავსებდნენ მამის ფუნქციას, რაც არ იყო სრულყოფილი, იმიტომ, რომ ორივე მშობელი აუცილებელია. ყველაფრის სკოლისთვის გადაბრალება არ შეიძლება. ვაჩვენოთ ბავშვებს, რა ხდება ცხოვრებაში, გარდა ციფრული ტექნიკით, ტელეფონით გართობისა, ქუჩაში უხეშობისა, სკოლაში სწავლისა. რა შეიძლება კარგი გაკეთდეს? რით არის ეს ქვეყანა საინტერესო? რა ხდება ბუნებაში? რა ხდება სხვა ადამიანების ცხოვრებაში?“

​ბავშვებს სწავლის მოტივაცია არ აქვთ, არის დისციპლინის პრობლემა. ვუტოვებთ ჩვენ ბავშვს გართობის დროს? დილიდან გადიან ეს ბავშვები სკოლაში, მერე დაგვყავს რეპეტიტორებთან, დაგვყავს წრეებზე. სახლში მოდის ბავშვი და გაკვეთილები უნდა იმეცადინოს, მერე უნდა დაიძინოს. ჩვენი ბავშვები სოციალურად არაკომპეტენტურები არიან. მათ ბავშვებთან ურთიერთობა არ იციან, ადამიანებთან ურთიერთობა არ იციან. ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით მათ თავის დროზე. სრული იგნორირება ხდება იმის, თუ რა მოთხოვნილება აქვს ბავშვს. ბავშვმა არ იცის, როგორ მოაგვაროს კონფლიქტი, როგორ არ შევიდეს კონფლიქტში, რა უთხრას, რა უპასუხოს მეორე ადამიანს. მეორე უკიდურესობაც აქვთ მშობლებს, არაუშავს, ორიანი მიიღო ბავშვმა, მერე რა მოხდა. ამას ხელმიშვებულობა ჰქვია. ეს ხელმიშვებულობა გვაძლევს ისეთივე ცუდ შედეგებს, როგორც პრესის ქვეშ აღზრდა, როგორც ავტორიტარული აღზრდა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლელა ტყეშელაშვილმა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საზოგადოებრივი რადიო

წაიკითხეთ სრულად