Baby Bag

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში ჩატარებული საქორწინო ცერემონია უკრაინელი წყვილის საოცნებო ქორწილისგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა მათ დაძაბული ვითარების ფონზე სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილის დღეს ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მიუხედავად ამისა იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი მაინც დაქორწინდნენ.

„ეს ძალიან საშიში იყო. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ქუჩაში გადიხარ და განგაშის ხმა გესმის,“- აღნიშნა იარინა არიევამ.

წყვილს ქორწილი მაისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მათი გეგმები ომის დაწყებამ შეცვალა. გაურკვეველი მომავლის შიშით, შეყვარებულებმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს.

„ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ჩვენ დავიღუპოთ. მანამდე კი უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს. იქნებ რუსეთი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ქორწინება ნორმალურად ავღნიშნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უსაფრთხო, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ რუსების გარეშე,“- განაცხადა არინა არიევამ.

წყარო: ​edition.cnn.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგჯერ ექიმები იბრალებენ, რომ ყველაფერში ერკვევიან და ნიშნავენ ისეთ წამლებს, რომლითაც გულს უხარებენ ფარმაცევტულ კომპანიებს,“ - გოგიტა გეგელაშვილი

„ზოგჯერ ექიმები იბრალებენ, რომ ყველაფერში ერკვევიან და ნიშნავენ ისეთ წამლებს, რომლითაც გულს უხარებენ ფარმაცევტულ კომპანიებს,“ - გოგიტა გეგელაშვილი

​​ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა ექიმების მიერ ფარმაცევტული კომპანიების საამებლად პაციენტებისთვის წამლების დანიშვნის პრაქტიკა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ ექიმები ზოგჯერ იბრალებენ, რომ ყველაფერში ერკვევიან:

„ზოგჯერ ექიმები იბრალებენ, რომ ყველაფერში ერკვევიან. მოაზროვნის პოზას მიიღებენ და ნიშნავენ ისეთ წამლებს, რომლითაც გულს უხარებენ ფარმაცევტულ კომპანიებს. იმის მაგივრად, რომ იმედი ჩაუსახონ ადამიანს და მთავარი სამკურნალო იარაღი, ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება, საკუთარ თავზე მუშაობა ურჩიონ, უშვებენ აფთიაქში იმედის საყიდლად. როდესაც ექიმი ხედავს, რომ პაციენტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, შეუძლია არ უთხრას ეს ამ სიტყვებით: „აიყვანე შენი თავი ხელში.“ „აიყვანე შენი თავი ხელში“ მას ესმის ლოჯში, აივანზე, მეზობელთან, იტალიურ ეზოში.“

გოგიტა გეგელაშვილის თქმით, ექიმები სცოდავენ, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების საამებლად სხვადასხვა პრეპარატს ნიშნავენ:

„კი ბატონო, ​ექიმები სცოდავენ, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების საამებლად ნიშნავენ ანტიოქსიდანტებს, ჟანგბადის წვეთებს. შეიძლება, რომ ჟანგბადი, რომელიც შეიწოვება ფილტვებიდან, კუჭიდან იწოვებოდეს და ჟანგბადის წვეთები დალიო ადამიანმა XXI საუკუნეში?! ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ უნდა მივიდეთ ექიმთან წამლის გამოსაწერად. ექიმიც ცდილობს, პაციენტს გამოუწეროს წამალი. აგრესიას გამოხატავენ და ფულის დაბრუნებას ითხოვენ, როდესაც შენ ასწავლი ჯანსაღი ცხოვრების წესს. დასავლეთში გახარებული გამოდის ადამიანი ექიმის კაბინეტიდან, თუ წამალს არ დაუნიშნავენ. ჩვენთან თუ წამალი დაგინიშნეს, თან ძვირიანი, კმაყოფილი ხარ. ამაში იხარჯება დრო.“

„როდესაც ​პაციენტი ითხოვს მარტო წამალს, გაურბის პასუხისმგებლობას. ავადმყოფობის მართვა მიმდინარეობს, უნდა გაირჩეს, რა გააკეთოს პაციენტმა და რა გააკეთოს ექიმმა. რეპეტიტორთან დაჰყავთ ბავშვი ინგლისურის სასწავლებლად. თუ არ იმუშავა და იმეცადინა სახლში, რეპეტიტორის რა ბრალია?! მთავარი ინსტრუმენტი არის საკუთარ თავზე მუშაობა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტები არიან ზარმაცები. 1000 ლარის წამალს იყიდიან და რომ ეუბნები: „ბევრი წყალი დალიე,“ გპასუხობენ: „იცით, მე არ შემიძლია წყლის დალევა, არ შემიძლია ვარჯიში, დაღლილი ვარ.“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის შეგულიანებას და იმედს. როდესაც პაციენტი მოდის და იხდის ფულს, მან უნდა მიიღოს იმედი. ეს იმედი თუ გადაეცი პაციენტს, ნაკლები წამალი დასჭირდება, ნაკლები ქიმია დასჭირდება, არ დასჭირდება ინტერნეტით გამოწერა რეკლამირებული პრეპარატების,“ - აღნიშნულ საკითხებზე გოგიტა გეგელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“


წაიკითხეთ სრულად