Baby Bag

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი დღეიდან ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ საუბრობს:

„ონლაინ კაზინოები ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. უამრავი ადამიანი - არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინ თამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული - 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.

1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ამბობს: „მცივა,“ უმეტეს შემთხვევაში ამაში მშობელია დამნაშავე," - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

„როდესაც ბავშვი ამბობს: „მცივა,“ უმეტეს შემთხვევაში ამაში მშობელია დამნაშავე," - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს ურჩია, რომ თავი შეიკავონ ბავშვის ზედმეტად შეფუთვისგან, როდესაც ის სასეირნოდ მიჰყავთ:

​ბავშვი სასეირნოდ თუ მიგყავთ, მას მინიმალური რაოდენობის, მაგრამ ტემპერატურის შესანარჩუნებლად საკმარისი ტანსაცმელი ჩააცვით. ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმის უნარები განუვითარეთ, რათა მან თავად შეარჩიოს ტანსაცმლის ის რაოდენობა, რომელიც მისთვის სასურველია. გაციების მიზეზი უმეტესად არა სიცივე, არამედ ჭარბი ტანსაცმლის ტარების გამო გამოწვეული ძლიერი ოფლიანობაა.“

ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს ურჩია არ დაიჯერონ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ გარეთ უქუდოდ სიარული მენინგიტს იწვევს:

„აზრი იმის შესახებ, რომ ქუდის გარეშე სიარული მენინგიტს იწვევს, ხალხური ზღაპრის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მენინგიტი ​მწვავე ინფექციური დაავადებაა. შემთხვევათა 99 %-ში ის გამოწვეულია მიკრობით, რომელსაც მენინგოკოკი ეწოდება. აღნიშნული მიკრობის ორგანიზმში მოხვედრა საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, თქვენ თავზე რამე გახურავთ თუ არა.“

ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს რეკომენდაცია მისცა ბავშვთან ერთად სეირნობისას მეტი იმოძრაონ და სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი მეტისმეტად თბილად ჩაცმული გაიყვანონ გარეთ:

„როდესაც ბავშვი ამბობს: „მცივა,“ უმეტეს შემთხვევაში ამაში მშობელია დამნაშავე. რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივია ბავშვს სამი ქურთუკი ჩააცვა, თავად კი მეგობრებს გაესაუბრო, ვიდრე ​ბავშვთან ერთად ისეირნო, აქტიურად იმოძრაო, მასთან ერთად ითამაშო.“

„ყველაზე მთავარია, რომ ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები სწორად დაინახოთ. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს თან ახლავს სითბოს გამოყოფა. ​ბავშვის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ზრდასრულებთან. ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას ბავშვის ორგანიზმი მეტ სითბოს გამოჰყოფს, ვიდრე ზრდასრულის. აქედან გამომდინარე, როდესაც ზრდასრულს სცივა, ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობს, თუ გარემოში ზრდასრულისთვის ნორმალური ტემპერატურაა, ბავშვისთვის თბილა, თუ ზრდასრული გრძნობს, რომ თბილა, ასეთ გარემოში ბავშვს სცხელა,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

​წყარო

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად