Baby Bag

ვინ მიიღებს საქართველოში შემოტანილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ვინ მიიღებს საქართველოში შემოტანილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს?  - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში შემოტანილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის პაქსლოვიდის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ ვისთვის იქნება მისი გამოყენება რეკომენდებული:

„პაქსლოვიდი არის პირველი პრეპარატი, რომელმაც დაადასტურა ძალიან მაღალი ეფექტიანობა უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ. 88-89%-ია ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის შემცირების კუთხით კოვიდინფიცირებულ პირებში. ის გამრავლების უნარს უკარგავს ვირუსს. დასაწყისშივე, დადასტურებიდან პირველი 5 დღე არის თერაპიული ფანჯარა, როდესაც უნდა დაიწყოს პაციენტმა პრეპარატის მიღება, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს და რა თქმა უნდა, სიმპტომებიც აღარ განვითარდება.“

თამარ გაბუნიას თქმით, პრეპარატი იმ ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც გართულების მაღალი რისკი აქვთ:

„აქცენტი კეთდება იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს გართულების მაღალი რისკი. მსოფლიოში ძალიან დიდია ამ წამალზე მოთხოვნა. სწორედ ამიტომ ხდება მისი რაციონალურად გამოყენება. მკურნალობის მიმართვა ხდება მაღალი რისკის მქონე, მათ შორის, არავაქცინირებულ, ხანდაზმულ, მძიმე კლინიკური მიმდინარეობის ადამიანებზე. ჰოსპიტალიზებულ, მძიმე, კრიტიკულ პაციენტებში მის გამოყენებას უკვე აზრი არ აქვს. ეს უნდა იყოს თავიდანვე, მაშინვე, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს.“

„მედიკამენტი არ გაიყიდება, რა თქმა უნდა. მისი განაწილება მოხდება. მედიკამენტს მიიტანენ იმ პაციენტებთან, ვინც ბინაზე მკურნალობს და სჭირდება პრეპარატი. ოჯახის ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, გადაწყვეტს, რომ მას სჭირდება პაქსლოვიდი. სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პრეპარატის ბინაზე მიტანას. ექიმი გააკონტროლებს მკურნალობის მიმდინარეობას. მთავარია დამყოლობა მკურნალობაზე, რომ ადამიანმა წამალი დალიოს, არ დაავიწყდეს მიღება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად