Baby Bag

ვინ მიიღებს საქართველოში შემოტანილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ვინ მიიღებს საქართველოში შემოტანილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს?  - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში შემოტანილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის პაქსლოვიდის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ ვისთვის იქნება მისი გამოყენება რეკომენდებული:

„პაქსლოვიდი არის პირველი პრეპარატი, რომელმაც დაადასტურა ძალიან მაღალი ეფექტიანობა უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ. 88-89%-ია ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის შემცირების კუთხით კოვიდინფიცირებულ პირებში. ის გამრავლების უნარს უკარგავს ვირუსს. დასაწყისშივე, დადასტურებიდან პირველი 5 დღე არის თერაპიული ფანჯარა, როდესაც უნდა დაიწყოს პაციენტმა პრეპარატის მიღება, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს და რა თქმა უნდა, სიმპტომებიც აღარ განვითარდება.“

თამარ გაბუნიას თქმით, პრეპარატი იმ ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც გართულების მაღალი რისკი აქვთ:

„აქცენტი კეთდება იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს გართულების მაღალი რისკი. მსოფლიოში ძალიან დიდია ამ წამალზე მოთხოვნა. სწორედ ამიტომ ხდება მისი რაციონალურად გამოყენება. მკურნალობის მიმართვა ხდება მაღალი რისკის მქონე, მათ შორის, არავაქცინირებულ, ხანდაზმულ, მძიმე კლინიკური მიმდინარეობის ადამიანებზე. ჰოსპიტალიზებულ, მძიმე, კრიტიკულ პაციენტებში მის გამოყენებას უკვე აზრი არ აქვს. ეს უნდა იყოს თავიდანვე, მაშინვე, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს.“

„მედიკამენტი არ გაიყიდება, რა თქმა უნდა. მისი განაწილება მოხდება. მედიკამენტს მიიტანენ იმ პაციენტებთან, ვინც ბინაზე მკურნალობს და სჭირდება პრეპარატი. ოჯახის ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, გადაწყვეტს, რომ მას სჭირდება პაქსლოვიდი. სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პრეპარატის ბინაზე მიტანას. ექიმი გააკონტროლებს მკურნალობის მიმდინარეობას. მთავარია დამყოლობა მკურნალობაზე, რომ ადამიანმა წამალი დალიოს, არ დაავიწყდეს მიღება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ თინათინ კაჭარავას რჩევები

რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ თინათინ კაჭარავას რჩევები
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი ​MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. საქართველოში განსაკუთრებით დღესასწაულების შემდგომ აქტუალური ხდება ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ამ მხრივ ჩივილები - როგორიცაა: დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის შებერილობა,შეკრულობა - ფაღარათის მონაცველეობა, უსიამოვნო გამო პირის ღრუში და სხვა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

მიუხედავად იმისა გაწუხდებთ თუ არა ზემოთ აღნიშნული ჩივილები, ყოველთვის რეკომენდებულია თქვენი სხეულის ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მცირე ოდენობით ცხიმებს, არის ზომიერი კალორიულობის და მდიდარია ბოჭკოებით (მცენარეული საკვები).

ქვემოთ ჩამოთვლილია საკვები, რომელიც არ აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და მოაქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის:

  • ახალი ხილი და ბოსტნეული
  • მთელი მარცვლეული (მთლიანი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ქატოს ბურღულეული)
  • უცხიმო საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი
  • უცხიმო რძის პროდუქტები
რომელი საკვები უნდა შევზღუდოთ რაციონში ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს? - შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ან შეზღუდოთ:

  • შემწვარი საკვები
  • მცენარეული ზეთების ჭარბი მოხმარება
  • საკონდიტრო ნაწარმი
  • ცხიამიანი წითელი ხორცი
  • ტრანსცხიმების შემცველი საკვები ( „სწრაფი კვება“)
  • ალკოჰოლი
  • თამბაქო
სწორი საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ასევე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!

წაიკითხეთ სრულად