Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძუძუთი კვება ამცირებს დედისთვის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს და ბევრ სხვა, ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას"

,,ძუძუთი კვება ამცირებს დედისთვის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს და ბევრ სხვა, ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას"

რა ფსიქოლოგიურ მომენტებთან არის დაკავშირებული ახალბედა დედისთვის ძუძუთი კვების პროცესი და რა არის, ამ მხრივ, ძირითადი პრობლემები - აღნიშნული საკითხის შესახებ  მსახიობებმა, თინათინ წულაძემ და ანკა ვასაძემ გადაცემაში ,,იმედის დღე" ისაუბრეს და საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

,,ჩემი აზრით, ინფორმაციის ნაკლებობა არის პრობლემა. ძალიან ნორმალურია, რომ ახალშობილი ტირის სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ შვილზე ძალიან ბევრი რძე მქონდა, მეორეზე მქონდა პრობლემები, მაგრამ მაინც ძუძუთი ვკვებავდი. ძუძუთი კვების დროს დედა არ უნდა იყოს მკაცრ დიეტაზე. მეტსაც გეტყვით, როგორც კი სწორ კვებაზე გადავედი, რძე შემიმცირდა. ის უნდა მიირთვა, რაც გსიამოვნებს. რა თქმა უნდა, მავნე საკვებს არ ვგულისხმობ. დედა უნდა განეწყოს ფსიქოლოგიურად. მე მესმის, რომ არის ქალების კატეგორია, რომელსაც არ შეუძლია, ძუძუთი კვების პროცესი ცუდად ხდის და მათიც მესმის", - აღნიშნავს ანკა ვასაძე.

,,ძუძუთი კვება შედარებით ადრე დავამთავრე, რადგან, სამწუხაროდ, თუნდაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო, რაღაცები ამერია და რძე თავისით გაქრა. მაგრამ მე მგონია, ამის მთავარი მიზეზი იყო, რომ ძალიან ვნერვიულობდი, განვიცდიდი. მე თუ მკითხავთ, ეს არის პირველი მტერი, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ განწყობაზე ხარ - უნდა იყო დასვენებული, გამოძინებული, რაც ძალიან რთულია. წვეთებს ვითვლიდი, განვიცდიდი, ბავშვიც ცუდ ხასიათზე იყო და ამან ხელი შემიშალა. პირველი. რაც ალბათ დედამ უნდა შეამოწმოს, არის ის, თუ რამდენად სწორი მოჭიდება აქვს ბავშვს. ამას შემდეგ ძალიან ბევრი გართულება მოჰყვება და პირველივე წამიდან უნდა გაკონტროლდეს, რადგან ბავშვი ეჩვევა და გასწორება უფრო რთულია. ჩემს შემთხვევაში, ამან შემდგომ ბევრი პრობლემა გამოიწვია", - ამბობს თინათინ წულაძე.

,,ძუძუთი კვება ამცირებს დედისთვის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, ასევე, ბევრ სხვა, ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას. ეს იმდენად დიდი სიკეთეა, რომ მალამოსავით ედება მთელს ორგანიზმს და აფერხებს ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას". 

წყარო: ,,​იმედის დღე"

წაიკითხეთ სრულად