Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ​მრჩეველთა ჯგუფის გადაწ​ყვეტილებით, ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.

„ფაიზერის“ გადაწყვეტილებით 12 წლამდე ასაკის ბავშვები ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზის მესამედით აიცრებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ შემცირებული დოზის მიღების შემთხვევაშიც ბავშვები სიმპტომური დაავადებისგან დაცულები არიან.

ცნობილია, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები იშვიათ შემთხვევაში მიოკარდიტს - გულის კუნთის ანთებას იწვევს. ბავშვებში ვაქცინის დოზის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიოკარდიტის რისკის თავიდან აცილების მიზნითაც იქნა მიღებული.

​„ფაიზერის“ ცნობით, კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სიმპტომური ინფექციისგან დაცვის კუთხით ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.

5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ნოემბერში მიიღებს.

წყარო: ​CNN

წაიკითხეთ სრულად