Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თმენის ვალდებულება და რიგის დაცვა ერთი წლის ასაკის ზემოთ უნდა ჩავუდოთ ბავშვს,“- პედიატრი ქეთი ნემსაძე

„თმენის ვალდებულება და რიგის დაცვა ერთი წლის ასაკის ზემოთ უნდა ჩავუდოთ ბავშვს,“- პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რიგითობის დაცვისა და თმენის ვალდებულების მიჩვევის შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ორ წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ გვირაბის ინსტინქტები, ეს მტაცებლური ინსტინქტებია, რომ „რაც კარგია, ჩემია.“ შემდგომში უკვე შეიძლება სოციალური შეზღუდვებით ბავშვის სიჯიუტესთან გამკლავების სხვა მეთოდოლოგიის გამოყენება და ახსნა იმის, რომ ეს ცოტა უხერხულია. ნულიდან ორ წლამდე ბავშვებს ამას ვერ აუხსნით. ორი წლის ასაკის ზემოთ ამის ახსნა უკვე შეიძლება, თუმცა ამაზე მუშაობა აუცილებლად ორ წლამდე უნდა დავიწყოთ.

წელზე ერთი წუთით არის პრივილეგიების შეზღუდვა, საყვარელი სათამაშოს ჩამორთმევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცემა. ეს არ არის მეთოდი იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ჩვენ ცემით ვუმკლავდებით ბავშვთან პრობლემას, ის ბავშვი ამას ეჩვევა, მომავალში თვითონ ხდება აგრესორი და წარუმატებელი ადამიანი.

თმენის ვალდებულება ერთი წლის ასაკის ზემოთ უნდა ჩავუდოთ ბავშვს. მაგალითად, მისთვის საყვარელი ნივთი რიგდება. პირველი არის ოჯახის სხვა წევრი რიგში, შემდეგ თვითონ იქნება პირველი და ა.შ. რიგის დაცვის სწავლებაც ადრეული ასაკიდან იწყება,“- მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად