Baby Bag

2 წლის უკრაინელი გოგო, რომელსაც დედამ ზურგზე ვინაობა დააწერა, დედასთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ იმყოფება

2 წლის უკრაინელი გოგო, რომელსაც დედამ ზურგზე ვინაობა დააწერა, დედასთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ იმყოფება

საშა მაკოვიმ ორი წლის ვირას ზურგზე სახელი, გვარი და ტელეფონის ნომრები დააწერა იმ იმედით, რომ კიევიდან გაქცევის დროს ოჯახის განცალკევების ან უფროსების მოკვლის შემთხვევაში მპოვნელები ბავშვის ვინაობას ამ გზით შეიტყობდნენ. ამჟამად ვირა და საშა საფრანგეთში უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან, სადაც მათზე ზრუნავენ.

ვირას ფოტო, რომელშიც მის ზურგზე გაკეთებული წარწერაა გამოსახული, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა.

„ომის პირველი დღე იყო და ყველაფერს ვამზადებდით, რათა კიევი დაგვეტოვებინა. არ ვიცოდი, ეს რამდენად უსაფრთხო იყო,“- აღნიშნა დედამ BBC Radio 4-თან ინტერვიუში.

საშა იხსენებს, რომ ის ბარგს დაბომბვის ხმის ფონზე ალაგებდა და არ იცოდა, სახლიდან გამოსულს რა ბედი ელოდა.

„ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ შეიძლებოდა ვირა დაკარგულიყო, ჩვენ კი დავხოცილიყავით. მეშინოდა, რომ ის ვეღარასდროს გაიგებდა თავის ვინაობას და არ ეცოდინებოდა, ვისი შვილია,“- აღნიშნა პატარა გოგონას დედამ.

საშა იმედოვნებდა, რომ მისი მოკვლის შემთხვევაში, ვირას საკუთარი მშობლების ვინაობის დადგენის შესაძლებლობა მაინც ექნებოდა, თუ მას ზურგზე სახელს, გვარს და ახლობლების ტელეფონის ნომრებს დააწერდა.

საფრანგეთში უსაფრთხო გარემოში აღმოჩენის შემდეგ, საშა აღნიშნავს, რომ ის ფსიქოლოგიურად გატეხილია. მისი თქმით, ქუჩაში სიარულისას ქვები ხშირად ნაღმები ჰგონია. პატარა გოგონას დედა შვილის მცირე ასაკის გამო ბედნიერია, რადგან ეს ბავშვს მომხდარის გაანალიზების და სრულფასოვნად გაცნობიერების შესაძლებლობას არ აძლევს.

წყარო: ​bbc.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად