Baby Bag

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

ბოლო თვეების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 2022 წლის იანვრიდან ავადობის 74 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 49 ინგლისში, 13 შოტლანდიაში, 12 კი უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში აღრიცხეს.

ბავშვებში მძიმე, მწვავე ჰეპატიტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა აშშ-ში, ესპანეთსა და ირლანდიაში.

ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მძიმე შემთხვევების მკვეთრი მატება დიდ ბრიტანეთში. წამყვანი თეორიის მიხედვით, შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი რომელიმე ვირუსული ინფექცია, მათ შორის, კოვიდ-19-ის ვირუსიც იყოს.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთების აღმნიშვნელი სამედიცინო ტერმინია. ანთება ზოგადი იმუნური პასუხია დაზიანებაზე ან ინფექციაზე. ბავშვებში ჰეპატიტის სიმპტომები შემდეგია: მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო შეფერილობის განავალი, კანის სიყვითლე და მაღალი ტემპერატურა.

სათანადო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში ჰეპატიტი განკურნებადია, თუმცა იშვიათ შემთხვევაში პაციენტებს, შესაძლოა, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდეთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვებიდან ექვსს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

ბავშვებში ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. მათ შორის ყველაზე ხშირი გამომწვევია: A, B, C, D და E ჰეპატიტის ვირუსები. იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში ჰეპატიტის გამოწვევა ადენოვირუსსაც შეუძლია.

დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვების შემთხვევაში უჩვეულო ის არის, რომ ჰეპატიტის გამომწვევი მათთან ჰეპატიტის არცერთი ვირუსი არ ყოფილა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შემთხვევების უჩვეულო მატების მიზეზებს აქტიურად იკვლევენ.

ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მატება, შესაძლოა ადენოვირუსით ინფიცირებას გამოეწვია, თუმცა მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, ძალიან იშვიათია. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ჰეპატიტის გამომწვევი, შესაძლოა, კორონავირუსი ყოფილიყო, თუმცა მსგავსი შემთხვევებიც იშვიათობას წარმოადგენს და უმეტესად მძიმედ მოავადე ასაკოვან ადამიანებშია გამოვლენილი. დიდ ბრიტანეთში მძიმე ჰეპატიტით მოავადე ბავშვებს შორის კოვიდი რამოდენიმემ გადაიტანა და არა ყველამ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამორიცხავენ ჰეპატიტის შემთხვევების უეცარ ზრდასა და ვაქცინაციას შორის კავშირსაც, რადგან არცერთ ბავშვს, რომელსაც ჰეპატიტი დაუდგინეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა.

წყარო: ​theconversation.com

შეიძლება დაინტერესდეთ

ქალთა მიმართ ძალადობა საომარ და პოსტკონფლიქტურ პირობებში

ქალთა მიმართ ძალადობა საომარ და პოსტკონფლიქტურ პირობებში

ქსელმა WAVE-მა, OSCE-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭრით, თავის ოთხ წევრთან (კერძოდ, სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბანია ლუკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა), თანამშრომლობით შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო.

აღნიშნული სახელმძღვანელო ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. ის ასახავს არამარტო კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ზიანსა და გამოწვევებს, არამედ წარმოუდგენს მკითხველს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას, კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.

პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორებმა წარმოადგინეს თავიანთი სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპთან: 1) ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ; 2) გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ; 3) ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

პრაქტიკული სახელძღვანელოს პირველადი სამიზნე ჯგუფია ქალთა სპეციალიზებული სერვისები (WSS) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ პირობებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერის საქმეში. სახელმძღვანელო სამიზნე ჯგუფად ასევე განიხილავს ადგილობრივ ხელისუფლებას, პროფესიულ ჯგუფებს, გადაწყვეტილების მიმღებთ და მშვიდობისმყოფელებს, რათა მათ უკეთ გაიგონ ძალადობის მსხვერპლთა და ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკური საჭიროებები და განახორციელონ ადეკვატური გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და მოქმედებები.

პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ - https://wave-network.org/wp-content/uploads/Toolkit-Georgian.pdf

R


წაიკითხეთ სრულად