Baby Bag

„მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება,“- მაია ბუწაშვილი ბავშვებში დაფიქსირებულ მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე

„მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება,“- მაია ბუწაშვილი ბავშვებში დაფიქსირებულ მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბოლო ხანებში ბავშვებში დაფიქსირებული გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე საუბრობს:

„ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. ასაკი 1-დან 16 წლამდე მერყეობს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, მწვავე ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები, ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მომატება. ტემპერატურა, როგორც წესი, ნორმალურია. შემთხვევათა 90%-ზე მეტს ჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა. ნაწილი განკურნებით მთავრდება. ჰეპატიტის მქონე ბავშვებში არ დასტურდება აქამდე ცნობილი არც ერთი ჰეპატიტის ვირუსი (A,B,C,D,E). დიდ ნაწილში გამოვლინდა ადენოვირუსის ერთ-ერთი ტიპი (ტიპი 41), ხოლო გარკვეულ ნაწილს დაესვა კოვიდის დიაგნოზი, ან ჰქონდათ ახლად გადატანილი კოვიდი. ზოგიერთს ერთდროულად აღენიშნებოდა ადენოვირუსული ინფექცია და კოვიდი.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის (MIS-C) ერთ-ერთი გამოვლინება იყოს. მოკლედ, ჯერ-ჯერობით ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ბევრი რამ უცნობია.

მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება და ასეთის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას,“- წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ხერხემლის ქირურგი ტრისტან ნიშნიანიძე სკოლიოზის ქირურგიულ პროცედურებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაატარებს

​ხერხემლის ქირურგი ტრისტან ნიშნიანიძე სკოლიოზის ქირურგიულ პროცედურებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაატარებს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს ხერხემლის ქირურგი ტრისტან ნიშნიანიძე შეუერთდა და ქირურგიული საჭიროების მქონე პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

ტრისტან ნიშნიანიძეს მრავალწლიანი გამოცდილება მიღებული აქვს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, აფრიკის და ისრაელის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში; მისი სპეციალიზაცია მოიცავს ხერხემლის ქირურგიას, ხერხემლის დეფორმაციებს, სკოლიოზს, ორთოპედიას და ტრავმატოლოგიას.

პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ხერხემლის დეფორმაციები, სკოლიოზი, ლუმბალური სტენოზი, სპონდილოლისთეზი ან ხერხემლის სხვა დაავადებები, შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ უფასო კონსულტაცია ტრისტან ნიშნიანიძის გუნდის წევრებთან და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმონ ქირურგიული ჩარევა, რომელსაც ტრისტან ნიშნიანიძე ჩაატარებს.

ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, რომელსაც ევროპული გამოცდილების მქონე ექიმები ხელმძღვანელობენ, სპეციალიზებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე. ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გადაუდებელი ტრავმატოლოგიურ დახმარებას და ორთოპედიულ ოპერაციებს.

R.

წაიკითხეთ სრულად