Baby Bag

„მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება,“- მაია ბუწაშვილი ბავშვებში დაფიქსირებულ მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე

„მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება,“- მაია ბუწაშვილი ბავშვებში დაფიქსირებულ მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბოლო ხანებში ბავშვებში დაფიქსირებული გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე საუბრობს:

„ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. ასაკი 1-დან 16 წლამდე მერყეობს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, მწვავე ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები, ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მომატება. ტემპერატურა, როგორც წესი, ნორმალურია. შემთხვევათა 90%-ზე მეტს ჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა. ნაწილი განკურნებით მთავრდება. ჰეპატიტის მქონე ბავშვებში არ დასტურდება აქამდე ცნობილი არც ერთი ჰეპატიტის ვირუსი (A,B,C,D,E). დიდ ნაწილში გამოვლინდა ადენოვირუსის ერთ-ერთი ტიპი (ტიპი 41), ხოლო გარკვეულ ნაწილს დაესვა კოვიდის დიაგნოზი, ან ჰქონდათ ახლად გადატანილი კოვიდი. ზოგიერთს ერთდროულად აღენიშნებოდა ადენოვირუსული ინფექცია და კოვიდი.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის (MIS-C) ერთ-ერთი გამოვლინება იყოს. მოკლედ, ჯერ-ჯერობით ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ბევრი რამ უცნობია.

მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება და ასეთის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას,“- წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად