Baby Bag

სექტემბრიდან პირველ კლასში ახალი სავალდებულო საგანი დაემატება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

სექტემბრიდან პირველ კლასში ახალი სავალდებულო საგანი დაემატება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოფიციალურ Facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველ კლასში მოსწავლეებს ახალი სავალდებულო საგნის შესწავლა მოუწევთ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.

სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.

ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს,“- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა იწყება

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული აღსაზრდელად შესაბამისი სასკოლო გარემოს შექმნას.

სამინისტროს მიზანია, დოკუმენტის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული მხარე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი გაეგზავნება საჯარო და კერძო სკოლებს და ასევე განთავსდება საჯაროდ.

დოკუმენტის ახალი პროექტი ხელმისაწვდომია ბმულზე.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამინისტროს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე – [email protected] გამოაგზავნოს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაცია დოკუმენტის პროექტის შესახებ.

მიღებული უკუკავშირების დამუშავებისა და გაანალიზების შედეგად საბოლოო ვერსიას განიხილავს მთავრობა და შემდეგ წარედგინება პარლამენტს.

წაიკითხეთ სრულად