Baby Bag

WFS: ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს

WFS: ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს

„ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს“ - ეს იმ აქციის სახელწოდებაა, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ფონდ „სოხუმის“ მიერ კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიგეგმა. „Brot für die Welt” –ის მხარდაჭერით ფახულანელი ქალები კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს ადგილობრივი ტრენერის დახმარებით შეისწავლიან. სასწავლო კურსი სამთვიანია და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.

„მე ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსიც დავამთავრე, მათგან ბიზნეს გეგმის წერაც ვისწავლე, მცირე გრანტიც მოვიგე და ახლა მინდა საკუთარი ფეისბუქგვერდი გავაკეთო, ვმართო, ვისწავლო საკუთარი წარმატების რეკლამირება და გაყიდვა სოციალური ქსელის მეშვეობით,“ - ამბობს სოფო.

„ელექტრონული ფოსტის გამოყენება დამჭირდა და ბევრი სხვა ქმედება, რომელიც კომპიუტერის უკეთ ცოდნას მოითხოვს. „სოხუმელებმა“ აქაც დროულად აღმოგვიჩინეს დახმარება,“- აცხადებს მარიკა.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ფახულანში უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელა, რომლის მიზანიც ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

R. 

WFS: „ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში -...
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“, USAID-ის მხარდაჭერით, 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში მონიტორინგი განახორციელა თემაზე - „ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული...

შეიძლება დაინტერესდეთ

კითხვები, რომლებიც ვაქცინაციამდე უნდა დაისვას - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის რეკომენდაციები

კითხვები, რომლებიც ვაქცინაციამდე უნდა დაისვას - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის რეკომენდაციები
ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული, რომლებიც ამერიკაში მოღვაწეობენ, საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტს აქვეყნებენ, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ, ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა, გადავწყვიტეთ საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი აზრი და შემოგვეთავაზებინა სპეციალური რჩევა-რეკომენდაცია.

მოგეხსენებათ, მედიცინის განვითარების ისტორიაში არაერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც ტრაგიკულმა შემთხვევითობამ და მისგან გამოტანილმა სწორმა ანალიზმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ასეთი იყო მაგალითად 2001 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო წლინახევრის პატარა, ჯოზი კინგი დაიღუპა. ამ შემთხვევამ არაერთი სპეციალური პროტოკოლისა და გზამკვლევის განვითარებას მისცა დასაბამი, რამაც ამერიკული კლინიკების უსაფრთხოების სისტემა არსებითად შეცვალა. ასე ვითარდება მსოფლიო მედიცინა და ასე მოქმედებენ ცივილიზებული ქვეყნების პროფესიონალები.

საქართველო და ქართული მედიცინა ამჟამად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. კორონა-პანდემიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ იმსხვერპლებს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერსალური შეთანხებითა და უპირობო კონსენსუსით, ვაქცინაცია არის მიჩნეული პანდემიის დამარცხებისა და დარღვეული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის აღსადგენ უმთავრეს იარაღად.

ვაქცინაციის პროცესი მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებით დაიწყო. ამ პროცესის დაყოვნებას, არასრულყოფილად წარმართვას და ჩაშლას უზარმაზარი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, რაც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობას შეიწირავს.

მოგეხსენებათ, საქართველოში ამჟამად შემოტანილ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას უკავშირებენ თრომბოზების გარკვეულ რისკს; მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მონაცემების თანახმად, ჯერჯერობით ეს ვერ დამტკიცდა, რაც ევროპის წამლების სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი განახლდა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ქართულ მედიაში უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გარკვეული კავშირი ჰქონდა თრომბოზულ გართულებასთან, რაც თავისთავად იძლევა მითქმა-მოთქმისა და ვაქცინაციის მიმართ შიშის საფუძველს. ამ შემთხვევის ობიექტურ, გამჭვირვალე გამოძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ექნება საქართველოსათვის, რადგან სწორად გაკეთებული ექსპერტ-ანალიზი და დასკვნები პოტენციურად არაერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იხსნის.

მანამ კი, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება, არსებული მონაცემების გათვალისწინებითა და გაანალიზებით ჩვენ ვთვლით, რომ პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წინასწარ გამოვყოთ მაღალი პროთრომბოზული რისკების მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკების გათვალისწინებით დაიგეგმოს. ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება. უფრო პირიქით, ვინაიდან თავად კორონა-ვირუსი ატარებს თრომბოზების ძალიან მაღალ რისკს და მისი პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა აღნიშნულ სპექტრში. ასეთ შემთხვევებში რისკების წინასწარ ცოდნა და გათვლა მათ ადექვატურ მართვაში დაგვეხმარება. საბედნიეროდ, მსგავსი რისკ-ფაქტორები პოპულაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები დაგვიცავს თუნდაც უკიდურესად იშვიათი უბედური შემთხვევებისგან.

პროთრომბოზული რისკებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების ფაქტორებში არსებული მუტაციების შედეგად განვითარებულ პათოლოგიებს, რომელთა შესახებაც ადამიანმა შეიძლება მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როცა პირველი თრომბოზული გართულება მოხდება. მათი ამოცნობა სპეციალური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა, ანამნეზიდან ამოკრეფილი დეტალებით დროულად ეჭვის მიტანა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება სრულიად რეალურია.

მაღალი პროთრომბოზული რისკებით გამოირჩევიან:
• ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი
• შედედების მეხუთე ფაქტორის (ლეიდენის) მუტაცია
• „C“ პროტეინის დეფიციტი
• „S“ პროტეინის დეფიციტი
• ანტითრომბინის დეფიციტი
• ავთვისებიანი სიმსივნეები
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია
• ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები
• იმობილიზაცია
ცხადია, ვაქცინაციის წინ ყველა ამ დაავადებებზე კვლევების ჩატარება საჭირო არ არის. სამაგიეროდ, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესისათვის შექმნილ კითხვარს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც დაგვეხმარება შესაძლო თრომბოზული გართულების რისკების მქონე ადამიანების წინასწარ გამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში.

ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები:

1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია?

2. ქალებში - ხომ არ გქონდათ წარსულში სპონატანური აბორტის ისტორია? (სპონტანური აბორტები ხშირად მიუთითებს ჰიპერკოაგულაციური რისკების მაღალ ალბათობაზე)

3. ქალებში - ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ?

4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას (იგულისხმება ნაადრევი მენოპაუზისას გამოყენებული ჰორმონული თერაპია)?

5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად? (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს).

6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით? (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია)

7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები? (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ლეიდენის შედედების მეხუთე ფაქტორის მუტაცია, „C“ პროტეინის დეფიციტი, „S“ პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინის დეფიციტი).

ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი შეიძლება (და უნდა) დამატებით გამოიკითხოს თრომბოზული რისკების შემცველი დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებზე და მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით დაიგეგმოს მათი ვაქცინაცია,'' - აღნიშნავენ ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული. 


წაიკითხეთ სრულად