ქართველი მსახიობი, ვიკა კალანდია, რომელსაც მაყურებელი „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იცნობს, ნეტფლიქსის ახალ სერიალში ითამაშებს. ინფორმაციას მისი კოლეგა, ბახვა ბრეგვაძე ავრცელებს:
„როგორ მიხარია, რომ პირველად მე ვწერ ამ ამბავს. ჯერ ეპიზოდური როლით, მაგრამ მაინც ფანტასტიკაა, ძალიან მაგარი და გადასარევი ამბავია, რომ ვიკა კალანდია Netflix-ის ახალ სერიალში გამოჩნდება, რომელსაც Peter Webber-ი იღებს. წინ კიდევ დიდი გეგმები და პროექტებია... უკვე ხელს ვერაფერი ვეღარ შეუშლის. ამიტომ, შეგვიძლია ხმამაღლა ვიზეიმოთ,“ - წერს ბახვა ბრეგვაძე.
სერიალს ბრიტანელი რეჟისორი პიტერ ვებერი ქართველ რეჟისორთან, სალომე კალანდიასთან ერთად იღებს. პროექტის სათაური, ამ ეტაპზე (სამუშაო ვერსია), Kingdom of Fire არის.
სერიალი ქართველ ბიჭზეა, რომელსაც მოიტაცებენ და კაიროში მამლუქად წაიყვანენ, ამბის თხრობა კი საქართველოდან იწყება. როგორც ცნობილია, მთავარ როლს ჰოლივუდში მოღვაწე ეგვიპტელი მსახიობი შეასრულებს და 50 ეპიზოდი იქნება.