Baby Bag

დისკუსია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივ პროგრამებზე

დისკუსია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივ პროგრამებზე

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივითა და მოდერაციით 19 მაისს Zoom პლათფორმაზე გაიმართა ონლაინ შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, თეჯოლა, ბაღდათი, სამტრედია, სენაკი, ტყიბული, ჩოხატაური, ქობულეთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ხონი, ხობი) წარმომადგენელს შორის.

შეხვედრის თემა იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამები - არსებული პოზიტიური გამოცდილების გაზიარება“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა გაძლიერების მუნიციპალური პროგრამების თაობაზე ინფორმაცის გაცვლა დაწარმატებული პრაქტიკის გაზიარება.

შეხვედრაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამების შესახებ საკუთარი წარმატებული გამოცდილება გააზიარეს შემდეგი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა: ჩოხატაური, ფოთი, ზუგდიდი და ქობულეთი.

მოცემული დისკუსიის ფორმატი ეფექტიანია როგორც არსებული კარგი პრაქტიკის გაზიარების, ასევე მსგავსი პროგრამების დასანერგად გასავლელი გზის თაობაზე გამოცდილების გაცნობისთვის პარტნიორი მუნიციპალიტეტებისათვის.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მოგვეწონებოდა, ასე დაუკითხავად ჩვენს ფოტოებს, რომ აფრიალებდნენ ტრაგედიის ხაზგასასმელად?''

,,მოგვეწონებოდა, ასე დაუკითხავად ჩვენს ფოტოებს, რომ აფრიალებდნენ ტრაგედიის ხაზგასასმელად?''
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ბათუმის ტრაგედიის შესახებ წერს. პოსტში, ფსიქოლოგი რამდენიმე სხვადასხვა საკითხს განიხილავს:

,,მეგობრებო, ბევრი პოსტი შემომხვდა დღეს ამ სივრცეში, რომელიც ამბობს, რომ ფსიქოლოგები უკვე ამ ეტაპზე უნდა ეხმარებოდნენ ბათუმის ტრაგედიაში დაზარალებულ ადამიანებს. რომ არ მოხდეს მცდარი შეხედულებების გავრცელება, მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო: უბედური შემთხვევისა თუ კატასტროფების დროს რეაგირების მიდგომები უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო მტკიცებულებას იმის თაობაზე, რა არის ეფექტური და რა ეხმარება ადამიანებს გაუმკლავდნენ უბედურებას, და რა არ ეხმარება და პირიქით, აზიანებს.

მტკიცებულება გვიჩევენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვაცალოთ ადამიანებს, რომლებმაც პოტენციურად მატრავმირებელი გამოცდილება მიიღეს, რომ თავისი ბუნებრივი გამკლავების რესურსები ჩართონ.

პოტენციურად მატრავმირებელ გამოცდილებას ექვემდებარება მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 85%, მაგრამ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა უვითარდება მსოფლიო მოსახლეობის საშუალოდ დაახლოებით 3%-ს (ცოტა მეტს), ხოლო მათგან, ვინც დაექვემდებარა მატრავმირებელ გამოცდილებას - საშუალოდ დაახლოებით 6%-ს.

აქვთ სტრესმედეგობა (ინგლისურად resilience) ადამიანებს, ოჯახებს, სამეზობლოს. და უნდა ვაცალოთ, რომ ეს ბუნებრივი დაძლევის მექანიზმები ჩაირთოს და ამუშავდეს, აქ არ შეიძლება "მკურნალობა" დავუწყოთ, აქ არ შეიძლება ფსიქოლოგიზაცია, ფსიქიატრიზაცია, ფსიქოთერაპიზაცია, "დამამშვიდებელი წამლების მიცემა".

სხვა არის, თუ ადამიანი ისეა გამოსული წყობიდან, რომ თავს ვეღარ უვლის, ყოველდღიურ მოვალეობებს ვეღარ ასრულებს - ამ შემთხვევაში მწვავე სტრესულ რეაქციებთან გვაქვს საქმე და საჭიროა პროფესიული დახმარება. სხვა შემთხვევაში - უნდა ვაცალოთ.

უნდა ვენდოთ ადამიანის და მისი უახლოესი გარემოცვის დაძლევის რესურსებს, მათ ჩვეულ გამკლავების სტრატეგიებს (იქნება ეს რელიგიურ რწმენაზე დაფუძნებული თუ სხვა სტრატეგიები) - ეკოლოგიურები უნდა ვიყოთ ჩვენს მიდგომებში, ამ სიტყვის ფართო გაგებით. უნდა ვაცალოთ.

ტრავმული გამოცდილებიდან ერთი თვის მანძილზე ბუნებრივია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სიმპტომები - განმეორებადი არაკონტორლირებადი მოგონებები, სიზმრები გადატანილ ტრავმულ გამოცდილებაზე, ძილის დარღევები, აწეული შფოთვა და გაღიზიანებადობა, ადვილად შეკრთომა მოულოდნელ ხმაურზე, თავის არიდება ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებული სიტუაციების, შესაძლოა ემოციების ერთგვარი დაქვეითებაც ("ანესთეზია"), შესაძლოა დაწეული გუნება-განწყობილება, ბრალეულობის განცდა (მაგ., ე.წ. გადარჩენილის ბრალეულობის განცდა" - რომელიც ირაციონალურია - ადამიანის ბრალი არ არის რომ ის გადარჩა როცა სხვა ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მას შესაძლოა აწუხებდეს ეს აზრი). და ასე შემდეგ. ამგვარი სიმპტომების გაჩენა ტრავმული გამოცდილების მიღების მერე - ბუნებრივი რეაქციებია იმ არანორმალურ გარემოებებზე, რაც ადამიანმა გამოიარა, მაგრამ - მხოლოდ ერთი თვის მანძილზე - თუ სიმპტომები არ განილევა პირველი თვის ბოლოსთვის ეს შესაძლოა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის განვითარებაზე მიგვითითებდეს. მაგრამ ერთი თვის მანძილზე სიმპტომების არსებობა - ბუნებრივია და ამ სიმტპომების დახმარებით ადამიანი უმკლავდება ტრავმულ გამოცდილებას, "ინელებს" მას. აქ არ უნდა ჩავერიოთ "მკურნალობით" და არ უნდა შევუშალოთ ხელი ბუნებრივ გამკლავებას.

ამავე დროს, ტრავმული გამოცდილების მიღებიდან ერთი თვის მანძილზე უაღრესად მნიშნელოვანია ე.წ. "ფხიზელი დაკვირვება" - იმისა, მცირდება თუ არა სიმპტომების ინტენსივობა და სიხშირე ერთი თვის მანძილზე. თუ მცირდება - ესე იგი, მუშაობს ადამიანის ბუნებრივი დაძლევის, გამკლავების რესურსები (ადამიანისა და მისი სოციალური გარემოცვისა). თუ პირიქით, იზრდება სიმპტომების სიხშირე და ინტენსივობა და მდგომარეობა უარესდება - აი აქ საჭიროა პროფესიული დახმარება. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით დღეს. ამას უნდა ფხიზელი დაკვირვება. და თუ ადამიანს ესაჭიროება დახმარება - აქაც არსებობს მტკიცებულებითი მეთოდები. ბათუმში არის ძალიან კარგი სერვისი, კლუბი სინერგია, რომელიც მომზადებულია ამ საკითხებში და მობილიზებულია და გაუწევს დახმარებას იმ ადამიანებს, ვისაც დასჭირდება დახმარება.

ამავე დროს, ამ ტრაგედიაში არიან განსაკუთრებით დაზარალებული ადამიანები, ისინი, ვისაც ოჯახის წევრები დაეღუპა. და მათ ამ ეტაპზე განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროებათ ყველა ჩვენგანის მხრიდან. განსაკუთრებული თანადგომა. ქედის მოხრა მათი ტკივილის წინაშე. მაგრამ არა "მკურნალობა" (თუ ეს არ არის მწვავე მდგომარეობა, რომელიც ზევით აღვწერე). მათაც უნდა ვაცალოთ, რომ მათ და მათი უახლოესი გარემოცვის გამკლავების რესურსებს არ შევუშალოთ ხელი ზედმეტი ჩარევით ამ ეტაპზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს რამდენიმე დღე რომ გაივლის, არ მივატოვოთ ეს ადამიანები.

ამ წუთში მეცნიერებაში კარგად ცნობილი ფენომენია გაცოცხლებული ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც "თაფლობის თვეს" უწოდებენ ფსიქოტრავმატოლოგიაში - როდესაც ყველა ვისაც ამა თუ იმ კუთხით შეეხო ტრაგედია, ყურადღების ცენტრშია და საზოგადოება მათ თანადგომასა უცხადებს და დახმარებას ცდილობს. მაგრამ ყველაზე მნიშნელოვანი ეტაპი დადგება "ხვალ" (და ეს ხვალ შეიძლება იყოს რამდენიმე დღე, კვირა ან თვე, ან, გნებავთ - წელიწადი - როდესაც საზოგადოება ყურადღებას უკვე სხვა მოვლენებზე გადაიტანს. აი ამ დროს ეს ადამიანები არ უნდა დარჩნენ მარტო. "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშნოდეთ" = ამაზეც არის ნათქვამი. ამ ტრაგედიიდან რამდენიმე თვის მერე, ერთი წლის მერე, რამდენიმე წლის მერე - ეს ადამიანები არ უნდა დარჩნენ მარტო, როგორც ეს, მაგალითად, 2015 წლის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემთხვევაში მოხდა, რომელთაც სახელმწიფო არაფრით დაეხმარა.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ფსიქოლოგებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ ეტაპზე არ არიან დახმარების პირველი რგოლი, განსხვავდება ჟურნალისტების პროფესიული როლი და მისია - პასუხსიმგებლიანი ჟურნალისტი, ტრავმის მიმართ მგრძნობიარე და კომპეტენტური, თუ იცის როგორ ეურთიერთოს ადამიანს, რომელსაც უბედურება დაატყდა თავს - უნდა მივიდეს და დაელაპარაკოს ადამიანს, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს ამისი სურვილი. ჟურნალისტმა უნდა გააშუქოს მოვლენები, ასეთია ჟურნალისტის პროფესია, და ის არ იმსახურებს საზოგადოების მხრიდან გაკიცხვას იმის გამო, რომ ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას. ოღონდ, კიდევ უნდა გავიმეორო - ეს უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და არა სენსაციის მაძიებელი ჟურნალისტი და მედია.

და კიდევ ერთი რამ: დღეს, როცა მედია ყველა ჩვენ გავხდით, სოციალური ქსელების საშუალებით, ჩვენც უნდა დავაყენოთ თავი ამ ადამიანების ადგილზე და ვკითხოთ ჩვენს თავს - მოგვეწონებოდა ასე დაუკითხავად ჩვენს ფოტოებს რომ აფრიალებდნენ ტრაგედიის ხაზგასასმელად? ალბათ არა. იქნებ ამაზე თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ, სოციალური ქსელების საშუალებით, ახლა ყველა გარკვეულწილად "ჟურლანილსტები" ვართ, და იქნებ ფოტოების გარეშე გამოვხატოთ ჩვენი კოლექტიური გლოვა.

კიდევ მინდა შევეხო იმას, რომ თურმე 11 ოქტომბერი გამოცხადებულა ხელისუფლების მხრიდან ოფიციალურ "გლოვის დღედ". ხოდა არ მიმაჩნია ეს სწორი. გლოვობს დღეს მთელი საქართველო და ასე აწონილ-ფორმალურად არ შეიძლება ამ ვითარებაში გლოვის "გამოცხადება". გუშინდლიდან მოყოლებული უკვე გლოვის დღეები აქვს საქართველოს და ამის არა გამოცხადება, არამედ უბრალოდ კონსტანტაციაა საჭირო და შესაბამისი მოქმედება ხელისუფლების მხრიდან.

როგორ უნდა დავძლიოთ კოლექტიურ დონეზე ეს უბედურება? იმით, რომ პრობლემებს თვალი არ დავუხუჭოთ და ორი მუშა არ ჩავთვალოთ დამნაშავედ ამ სისტემურ პრობლემაში, რასაც უსისტემო მშენებლობები, მიშენებები და საავარიო სახლების იგნორირება ჰქვია. ამ გლოვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუმკლავდებით ღირსეულად, თუ ვითარების გამოსწორებაზე ვიმუშავებთ და არა განტევების ვაცის ძიებაზე, და თუ შევამცირებთ მომავალში ასეთი უბედურების განმეორების რისკს. და აქ ალბათ უნდა დაისვას შეკითხვა: რა ვისწავლეთ 2015 წლის წყალდიდობიდან? გამოვასწორეთ რამე? თუ ისევ გასცემენ ვერეს ხეობაში მშენებლობების ნებართვებს? რა შეიცვლება ბათუმის ტრაგედიის მერე? კიდევ ორი მუშის, ღატაკისა და უქონელის, ოჯახები გაუბედურდება, სავარაუდოდ. პასუხისმგებელი "ჩინოვნიკები" კი 11-ში "ოფიციალურ გლოვის დღეს" იგლოვებენ, ნორმირებულად,'' - აღნიშნავს ჯანა ჯავახიშვილი. 
წაიკითხეთ სრულად