Baby Bag

​ფონდი „სოხუმის“ გაძლიერებული ქალები

​ფონდი „სოხუმის“ გაძლიერებული ქალები

2021 წლიდან ქალთა ფონდი „სოხუმის" მიერ, კანადის „თანასწორობის ფონდის" (​Equality Fund) მხარდაჭერით, შეიქმნა და ამოქმედდა.  ეს საქართველოში ერთადერთი ელექტრონული საინფორმაციო პლატფორმაა, სადაც ერთ სივრცეშია გაერთიანებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული დახმარებისა და მხარდაჭერის სამთავრობო, არასამთავრობო, მუნიციპალური სერვისების შესახებ სრული ინფორმაცია.

ონლაინ პლატფორმაში ასევე ინტეგრირებულია მობილური SOS აპლიკაციები, ცხელი ხაზის ნომრები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები, ბიბლიოთეკა, სტატისტიკური მონაცემები, ხშირად დასმული შეკითხვები, ფსიქოლოგის რჩევები და სხვ.საიტზე განთავსებული ინფორმაცია სასარგებლოა, როგორც ძალადობაგამოვლილი ან პოტენციური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ასევე პროფესიული ჯგუფებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებსაც უწევთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობა.

გარდა მისა, ვებგვერდზე განთავსებულია ბლოგი - „ძალადობის მსხვერპლის პროფილი - წარმატების ისტორია“, სადაც ქალთა ფონდი “სოხუმის” მიერ გაძლიერებული ძალადობაგამოვლილი ქალების ისტორიებია. ამ დროისათვის რუბრიკა ​12 ქალის. გთავაზობთ ზოგიერთი მათგანიდან ამონარიდებს:

„- ქალბატონი ალლა, ლელა, მანანა და ემა, კიდევ - ყველა დანარჩენი, ვისაც ვეხებოდი, ჩემი ცხოვრების ახალი აზრი და იმედი ხდებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვარ, ხვალინდელ დღეზე, საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის უნდა ვიზრუნო, ვივარგო, საქმე ვისწავლო, პროფესია გავიჩინო, საკუთარი თავის და შესაძლებლობების იმედად ვიარსებო... დღემდე გრძელდება ეს მეგობრობა. „ფონდ „სოხუმში" ლაპარაკი დავიწყე. ხმამაღლა ლაპარაკი საკუთარ წარსულზე და საკუთარი აზრების გამოთქმა გავბედე - რა მინდოდა და რა არა, რა მომწონდა და რა - არა. ამ ადამიანებმა დამაჯერეს, რომ მეც მაქვს არჩევანის უფლება", - გვიყვება ფონდი ერთ-ერთი ბენეფიციარი თავის სიტორიაში „შიშისა და ძალადობისაგან თავისუფალი გზით“ საკუთარ გამოცდილებაზე - https://sosfsokhumi.ge/story1

„- ფონდ „სოხუმში" მისულს მახსოვს ჩემი განცდა... მეშინოდა ადამიანების და ვიყავი დაძაბული... მეშინოდა უთქმელი განკითხვის, გაუმხელელი რეაქციის, ყველაფრის... ჩემი გადაწყვეტილებისიც კი მეშინოდა. მაგრამ იქ დამხვდა არაჩვეულებრივი გარემო არაჩვეულებრივი ადამიანებით. თითქოს ყველასთვის იყო საერთო წესი - სითბო და გულისხმიერება, ღიმილი და ზრუნვა. ფონდ „სოხუმის" განწყობა ოჯახური სიმშვიდის კომფორტად მივიღე და ძალიან მალე, მის ბუნებრივ ნაწილად ვიგრძენი თავი. აქ მოხდა ჩემი სოციალიზაცია. ნელ-ნელა ძველი ცხოვრების დავიწყება მარტო ურთიერთობით, ფსიქოლოგთან, ან იურისტთან კონსულტაციებით კი არა, სწავლის თერაპიით, რომელიც ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის,“ - რიგით მეორე ისტორიის „ინტერვიუ სარკის მეორე მრიდან“ რესპონდენტი - https://sosfsokhumi.ge/story2

„ - ერთმა მეგობარმა მირჩია ფონდი "სოხუმი", სადაც რაღაც საინტერესო ხდებოდა. და უცებ ფერადი ნამცეცების ლამაზ და მზიან ოთახში აღმოვჩნდი. პოლიმერული თიხა. ეს სიტყვები გამეგონა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მის როლზე არასდროს მიფიქრია. სახლიდან გარეთ გამოსვლამ, პატარა იმედი გამაყოლა, რომ ჩემი ოჯახის იქეთაც სამყაროა, მაგრამ ამ მზიან კუთხეში აღმოჩენამ, საათების მანძილზე დამავიწყა ჩემი სახლის მისამართზე არსებული პრობლემები. შემოქმედებამ გამიტაცა. გამიტაცა ახლის, თუნდაც უმნიშვნელო ფიგურების შექმნის რიტუალმა, ფერების შეხამებაზე ფიქრმა, თიხასთან ხელით შეხების სიამოვნებამ. მეგონა ახალ სამყაროს ვძერწავდი, ვიგონებდი, სადაც მე ბედნიერი ვარ და ნიჭიც დამიბრუნდა. აქ ჩემნაირი, ან უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები იყვნენ, ყველა საკუთარი პრობლემით, ფსიქოლოგის რჩევით, ოსტატის მხარდაჭერით და ფონდის თანამშრომლების უზადო ტაქტით. იცით რა გრძნობაა, როცა საკუთარ თავში ნიჭს აღმოაჩენ და გაგიკვირდება, თურმე რაღაცაში სასარგებლო ხარ.. ვიღაც შეგაქებს და შენი შექმნილი მოეწონება.. ამაზე სასიამოვნო თერაპია არ არსებობს. თავდაჯერებული გამოდიხარ. ხვალინდელ დღეზე ფიქრობ რა ფერები დააწყვილო, როგორ გამოძერწო დეკორი, სამკაული თუ სათამაშო, სასარგებლო, თუ უბრალოდ არაფრისმთქმელი ნივთი, მაგრამ აქ მთავარია შენ ქმნი! ეს არის წარმატება, რომელიც დღის სარეაბილიტაციო ცენტრში თქვენ მაჩუქეთ. და უნდა გავაგრძელო ჩემში ნიჭის ძიება.. ცხოვრების ხიბლი ამაშია. დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების. სიყვარულის ბედნიერებაც ხო ესაა. მადლობა "სოხუმის" გუნდს. ახლა სადილს სხვა ფერებში ვუმზადებ ჩემს შვილებს და აქაც ჩემებურად "ვძერწავ", - მორიგი რენსპოდენტი „ბენეფიციარის დღიურიდან“ - https://sosfsokhumi.ge/story3

„ვებგვერდს მალე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკადაემატება, რაც ითვალისწინებს სამიზნე რეგიონების ცალკეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკებისა და ფიზიკური უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას, არსებულ საფრთხეებზე დროული რეაგირების მოხდენისა და შესაბამისი ადვოკატირების გაწევის მიზნით. იგეგმება რუკაზე ასახული მრავალმხრივი სტატისტიკური მონაცემების კვარტალურად განახლება, რაც სასარგებლო იქნება ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, და აკადემიური წრეებისთვის. წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით დაინტერესებული პირები თავადვე შეძლებენ ადგილებზე სიტუაციის შეფასებას და ანალიზს, და გამოვლენილ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეაგირების დაგეგმვას. აღნიშნული რუკით, ქალთა მიმართ ძალადობის ადრეული გაფრთხილების სისტემას ვნერგავთ პრაქტიკულად, რაც უნიკალურია ჩვენი რეალობისთვის. ის საშუალებას მოგვცემს არამარტო განვჭრიტოთ ძალადობის შესაძლო საფრთხეები ადგილებზე, არამედ დროულად დავსახოთ რეაგირების შესაბამისი ინტერვენციები - განაცხადა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ.

გაიცანი და იმეგობრე ამ საიტთან. ბევრ საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ, რაც საკუთარი და სხვების გაძლიერებაში დაგეხმარება.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„​როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს...“

„​როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს...“

„როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს...

მერე რა, რომ შვილი მყავს - შვილს თავისი ცხოვრება აქვს და არ დავუშვებ, ჩემს მომვლელად ყოფნაში გალიოს წლები...
როდესმე მეც ასე მიპოვნიან და ამაოდ ეცდებიან ჩემი გაყინული სხეულის გასწორებას...
ვფიქრობ, რომელი პროფესია ფასდება და არ ვიცი...
ვფიქრობ, რას გავაკეთებ, როცა ტექნოლოგიებს ვეღარ გავწვდები დაბერებული თითებით, როცა ვეღარ დავწერდაბერებული თითებით და - არ ვიცი ..
მერე რა, რომ შვილი მყავს?
როცა საღამოს, არა - ღამით - სახლში მივდივარ და თან ვიცვლი, თან ვბანაობ, თან ვჭამ, თან მეგობრებს ვპასუხობ, თან ნიუსებს ვუყურებ - უცებ, გამახსენდება, რომ ჩემი შვილი მარტო იყო მთელი დღე, ყველაფერს გადავდევ, შევდივარ და ცოტა ხნით ვეხუტები, ცოტა ხნით, რადგან - დილით ისევ სამსახურში უნდა წავიდე...
რა მოვთხოვო და რატომ მოვთხოვო ჩემს შვილს, რომელიც მთელი დღე ვერ მხედავს და საფასურად, მარტო ყოფნის, მარტო გაზრდის საფასურად - წვენი მიმაქვს და პური?

ოდესმე, მეც ასე მიპოვნიან, მარტოს, დამდნარს, დამჭკნარს, გაყინულს...

სხვა ქვეყნებშიც კვდებიან...
სხვა ქვეყნებშიც ჭკნებიან და დნებიან..

ოღონდ იქ - ჯერ ცხოვრობენ, ჯერ ცოცხლობენ და მერე კვდებიან...
ჩვენ ნელ-ნელა და დიდხანს, ნელ-ნელა და დაუფასებლად ვკვდებით, ნელ-ნელა და უცხოვრებლად, თვეობით, წლობით ვკვდებით...

ჟურნალისტი, ნანა ნადირაძე გარდაიცვალა...
ისეთი ფოტოები ვნახე, დიდხანს კვდებოდა, ვიცი...
ბევრი კვდება დღეს ასე, თვეობით, წლობით ...

მანამდე კი - ვშრომობთ, ყოველდღიური საკვებისთვის, გადასახადებისთვის...
სიბერისთვის - არა!
სიბერისთვის - ვერა!
სიბერეში მარტოს გვტოვებს სახელმწიფო, დასადნობად, დასაჭკნობად...
სანამ შრომა შეგვიძლია - გადასახადებს ვიხდით, რაც მთავარია, ვიხდით, ვიხდით დაუსრულებელ ბეგარებს...
ვყიდულობთ უვარგის და მაინც ძვირადღირებულ პროდუქტს..
უვარგის და მაინც ძვირადღირებულ მედიკამენტებს...
ვყიდულობთ ყვეელაფერს, რასაც სახელმწიფო გვყიდის ძვირად და მაინც უვარგისს...
და მერე ვრჩებით უქონელნი, უვარგისნი, დამჭკნარნი და ვკვდებით, თვეობით, წლობით, ვკვდებით ისე - ცხოვრებას ვერ ვასწრებთ...

ბოდიში, ქალბატობო ნანა, ბოდიში, რომ ვერ ავაშენეთ უკეთესი ქვეყანა...
ოდესღაც თქვენც იცინოდით, ჩემსავით...
ოდესმე, მეც ვეღარ შევძლებ გაღიმებას...
ბოდიში, ჩემს შვილს, მარტო რომ ზრდის თავს, უჩემოდ, პურის და წვენის საფასურად..
ბოდიში მე... იმისთვის, რაც მელოდება...
ვერ ვნახეთ ძალა - უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად...

და მადლობა ყველაას, ვისაც არსებული რეალობა მოგწონთ, ვისაც - ასე აშენებული, თუ ასე დანგრეული ქვეყანა მოგწონთ და მართალი შენიშვნისთვის მლანძღავთ, ან გვერდს მივლით - თქვენ რომ არა - მომავალს, ასე ნათლად უმომავლოდ ვერ დავინახავდი!“

აღნიშნული პოსტი ყოფილ ჟურნალისტს ნანა ნადირაძეს მიეძღვნა, რომელიც გაუსაძლისს მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

პოსტის ავტორი ჟურნალისტი თამო კეშელავაა

წაიკითხეთ სრულად