Baby Bag

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთი საშინაო კითხვა უნდა იყოს ოჯახური ცხოვრების თანამგზავრი,“ - შალვა ამონაშვილი

„ასეთი საშინაო კითხვა უნდა იყოს  ოჯახური ცხოვრების თანამგზავრი,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვისთვის წიგნის შეყვარების გზებსა და მეთოდებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი დაბადებიდან წიგნების გარემოცვაში უნდა იყოს:

„ბავშვმა წიგნი უნდა დაინახოს დაბადების პირველი დღიდან. სახლში უნდა იყოს წიგნების კარადა, თაროები, სადაც წიგნები აწყვია. უნდა ხედავდეს ბავშვი, როდესაც იზრდება, რომ მამამ წიგნი აიღო ხელში, განმარტოვდა, კითხულობს, დედას წიგნი უჭირავს, ბებიასაც წიგნი აქვს. მკითხველი ხალხი უნდა დაინახოს ბავშვმა. მერე დედა დაუჯდება, ზღაპარს წაუკითხავს, ლექსებს წაუკითხავს, ასევე ბებიაც, მამაც. მე მესმის ხშირად, რომ ბავშვს ეუბნებიან: „ხომ იცი კითხვა, წადი და წაიკითხე!“​ ​არ შეიძლება ასე, ჩემო ძვირფასებო. ბავშვმა კითხვა კი იცის, მაგრამ მეოთხე-მეხუთე კლასამდე ბავშვებს უყვართ, როდესაც უფროსები უკითხავენ მათ.“

​შალვა ამონაშვილმა საოჯახო კითხვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მშობლებს ურჩია ოჯახში ერთად კვირაში ერთხელ მაინც იკითხონ:

„მახსოვს ჩემი მეუღლე დაჯდებოდა კიბის საფეხურზე, შემოუსხდებოდნენ სოფლის ბავშვები, შვილიშვილები, კითხულობდნენ მთელი გატაცებით, იცინოდნენ. ხალისობდნენ. ამას დავარქვათ საშინაო კითხვა. როგორც ადრე „ვეფხისტყაოსანს“ კითხულობდნენ და შემოუსხდებოდნენ ხოლმე. ასეთი საშინაო კითხვა კვირაში ერთხელ რა გაგვიჭირდა, რომ არ გვქონდეს ოჯახში?! ვკითხულობდეთ ილიას, აკაკის, ვაჟას, ვკითხულობდეთ საუკეთესო პოეტებს, მწერლებს. ეს უნდა იყოს თანამგზავრი ოჯახური ცხოვრების. ბავშვი გახდება 12-15 წლის და იტყვის: „მე თვითონ წავიკითხავ.“ თვითონ დაიწყებს კითხვას.“

„ჩემო ძვირფასო ლიტერატურის მასწავლებლებო, არ შეიძლება ასე, რომ ბავშვი გამოიძახო კლასში და უთხრა: „აბა, მომიყევი პირველი თავი.“ ​არ შეიძლება ასეთი გაკვეთილებით ბავშვს წიგნი შევაყვაროთ. ლიტერატურის მასწავლებელმა უნდა გაიგოს, რომ მისი ლიტერატურა არ არის საგანი, ეს არის ბავშვის განვითარების, მსოფლმხედველობის, აღზრდის ძალა და ღერძი,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად