Baby Bag

,,სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რა არის სიყვარული და ვერ უძებნიან მას სწორ ფორმას" - შალვა კეკელია

,,სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რა არის სიყვარული და ვერ უძებნიან მას სწორ ფორმას" - შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში ,,განთიადი" ისაუბრა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი სიყვარული 

,,​ღმერთი არის სიყვარული. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რა არის სიყვარული და ვერ უძებნიან მას სწორ ფორმას. სიყვარული დაარქვეს ვნებას, საკუთარ მიდრეკილებებს და ა.შ. პავლე მოციქული სიტყვა ,,სიყვარულს" ასე განმარტავს - ,,სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ". ნამდვილი სიყვარული სულგრძელია და ტკბილია, მას არ შურს, არ ქედმაღლობს, სიყვარულს არ უხარის სიცრუესა ზედა, არამედ უხარის სიმართლესა ზედა. სიცრუე არის ეშმაკთან დაკავშირებული გრძნობა, სიყვარული კი ხარობს ჭეშმარიტებით. ,,ასეთი სიყვარული არა სადა დავარდების" -  ამბობს პავლე მოციქული. 

შენ შეიძლება, გაიღო გრძნობა მეორე ადამიანის მიმართ, თავი გაწირო მის გამო, ანახო ჭეშმარიტი სიყვარული, მაგრამ მან ეს ვერ დაინახოს შენში. თუმცა, ღმერთია სიყვარული, ის ყველაფერს ხედავს, ესმის და შენს ამ სიყვარულს შეიწირავს. დღეს როგორია ისყვარული - ის ეგოიზმზეა აწყობილი. 

ქრისტემ რა გააკეთა შენი სიყვარულის გამო - ნამდვილი სიყვარული გამოავლინა. ღმერთმა გაგვაჩინა, ინება ჩვენი დაბადება. შემდეგ, მიუხედავად ჩვენი შეცოდებებისა, ის მაინც განკაცდა - მოვიდა ადამიანების გამო, რომ გადაერჩინა ისინი. შენ გამო მან დამცირება დაითმინა, ჯვარზე გაკვრა დაითმინა. მოციქულებმა, რომლებიც ,მაცხოვრის მიმდევრები იყვნენ, ზუსტად ამიტომაც გაიარეს ქრისტეს გზა. 

როდესაც წყვილს ჯვარს ვწერ, მათ ყოველთვის ვეუბნები - თქვენ ჯერ ერთმანეთი არ გიყვართ და მათ უკვირთ ხოლმე - თქვენ ამის შემდგომ უნდა შეიყვაროთ ერთმანეთი, უნდა ისწავლოთ სიყვარული. 

ქრისტე პირდაპირ ამბობს - თუ მე გიყვარვართ, მაშინ ჩემი  მცნებები დაიცავით. ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, შენ რომ მას ამცირებ, როგორ შეიძლება, შენი სიყვარული ჩემ მიმართ იყოს სწორი დაჭეშმარიტი? შენ იცი, რომ ყველა ადამიანი არის ქრისტეს შვილი, როდესაც შენ ღმერთის შვილს ქუჩაში აგინებ, ამცირებ, შეურაცხყოფას აყენებ, დასცინი მას  და ა.შ. როგორ შეიძლება, ღმერთი გიყვარდეს?", - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

​​ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში ღიმილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ღიმილი თავისუფალი, გულწრფელი და გადამდებია:

„ბავშვის ღიმილი, განსაკუთრებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში აბსოლუტურად თავისუფალი და გადამდებია. როდესაც ბავშვი იცინის, ყველა მოზრდილი, ვინც არის ბავშვთან ერთად, ავტომატურად იწყებს სიცილს. ეს გადამდები სიცილი თავის ტვინის სარკისებური ნეირონების დამსახურებაა.“

ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვებს ხშირად გაუღიმონ:

„ყველას გთხოვთ, რომ ​ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვე​ბთ ბავშვს იყოს ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ბავშვისთვის ეს ძალიან იოლი მიმღებლობაა. გაიღიმეთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად და არა იძულებით, რომ ბავშვმა ეს დაინახოს. ბავშვი ამას გრძნობს ძალიან კარგად. ჩვენი სახე და მერე უკვე ჩვენი ქმედებები, მოძრაობები, ბავშვისთვის არის კოდი. ეს არის შიფრი ქცევისა, თუ როგორ მოვიქცე.“

„მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დადებითი ფორმით ურთიერთობა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ემოცია. ემოციის ყველაზე კარგი და ლამაზი გამოხატვა არის ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში, ყველა ადამიანში, განსაკუთრებით ბავშვებში. ​გაუღიმეთ ბავშვს, მისგან მიიღებთ უფრო მეტ ღიმილს, უფრო ბუნებრივ ღიმილს, რომელიც ისევ თქვენ გაგაცინებთ. ღიმილით და სიკეთით იცხოვრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას,“ - აღნიშნა ბაკურ კოტეტიშვილმა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად